ჩინეთმა მარსის შესწავლისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა

შაბათს ჩინეთმა მარსზე კოსმოსური ხომალდი პირველად ჩამოსვა. აღსანიშნავია, რომ მარსზე ხომალდის დასმა ტექნიკურად უფრო რთული საქმე იყო, ვიდრე მთვარეზე გაფრენა, თუმცა ჩინეთის აზრით, მარსი აუცილებელი ნაბიჯია კოსმოსში ამბიციური მიზნების მისაღწევად.

გეგმის თანახმად, როვერი მარსის ზედაპირზე რამდენიმედღიან დიაგნოსტიკურ ტესტებს გაივლის, სანამ უშუალოდ გაემართება მარსის ყინულოვანი ადგილის შესასწავლად, რომელიც “უტოპიის” სახელით არის ცნობილი. ის შეუერთდება ამერიკულ მარსმავალს, რომელიც წითელ პლანეტაზე თებერვალში ჩავიდა.

„ჩინეთმა პირველად დატოვა კვალი მარსზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კოსმოსური კვლევისთვის“, – განაცხადა სააგენტო Xinhua News-მა თავის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, 1976 წლიდან მარსზე აშშ-მ ცხრა წარმატებული დაშვება განახორციელა. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, ის  პლანეტაზე 1971 წელს დაეშვა, მაგრამ მისია წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ხომალდმა ზედაპირზე დაშვების შემდეგ მალევე შეწყვიტა ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნა.