მაიკლ ჰედრიასი, უკეთ ცნობილი როგორც Perfume Genius, ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მომღერალია, რომლის მუსიკაც ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, სექსუალური ორიენტაცია და სირთულეები, რომელთა გადალახვაც კრონის დაავადებასთან ბრძოლის გამო უწევს.

ჰედრიასი თინეიჯერობამდე სერიოზული თემებით არ ინტერესდებოდა, მას იცნობდნენ როგორც მუდმივად მხიარულსა და ექსცენტრიულს, თუმცა მისი უდარდელი დამოკიდებულება მალევე ჩაანაცვლა სკოლაში მუდმივმა შიშმა – სექსუალური ორიენტაციის გამო მომღერალი ხშირი ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც მან სკოლაში სწავლის დასრულება ვერ მოახერხა. 21 წლის ასაკში მას ამავე მიზეზით მამაკაცთა ჯგუფი თავს დაესხა და მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა. მალევე, ნიუ–იორკში გადასვლისთანავე, მან მეგობრები იპოვა, თუმცა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, მათ გადალახვაში კი სარეაბილიტაციო ცენტრში სიმღერების წერა ეხმარებოდა.

Perfume Genius თავის მუსიკაში მრავალი ემოციის ერთდროულად გამოხატვას ცდილობს, “The New Yorker”–თან ინტერვიუში ხელოვანი საუბრობს ორი ექსტრემალური ემოციის ერთდროულად გამოხატვაზე, რაც აქამდე შეუძლებელი ეგონა. ის თავის სიმღერებში ხშირად უკიდურეს სევდასა და დიდ იმედს აერთიანებს, ამბობს, რომ თავისუფლებად სწორედ ამას მიიჩნევს: გრძნობების ავთენტურად გადმოცემას, რომლის წყალობითაც იმედოვნებს, რომ მსმენელს დაახლოებით ოთხი წუთის განმავლობაში მარტოობის შეგრძნებას გაუქარწყლებს.

მომღერლის დებიუტი 2010 წელს ალბომით „Learning“ შედგა, მან კრიტიკოსების დაუყოვნებელი მოწონება დაიმსახურა, „Pitchfork“–მა კი ალბომი 8.2/10 ქულით შეაფასა. ორი წლის შემდეგ Perfume Genius ახალი ალბომით „Put Your Back N 2 It“ დაბრუნდა, თუმცა ხალხის დიდი ყურადღება 2014 წელს გამოცემულმა “Too Bright“-მა დაიმსახურა, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა მისი წინა პროექტებისგან. მომღერლის პოპულარულობა მისი მეოთხე პროექტით „No Shape“ უფრო გაიზარდა. ალბომის ერთ–ერთი სიმღერა „Slip Away“ საუკეთესო ახალ სიმღერად დასახელდა „Pitchfork“ – ის მიერ. 2020 წელს, კარანტინში მან მსმენელს თავისი მეხუთე ალბომი “Set My Heart On Fire Immediately” გააცნო.

მომღერლის გასაცნობად გთავაზობთ ხუთ რჩეულ სიმღერას: