სილვია პლათი სახელგანთქმული ამერიკელი პოეტი და მწერალია. მისი შემოქმედება ხასიათდება დეპრესიის, სუიციდისა და ტრავმების სიმბოლური ასახვით. ოცდაათი წლის ასაკში თვითმკვლელობის შემდეგ, იგი მითოლოგიზირებული ბიოგრაფიის მქონე კულტად იქცა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ფემინისტური ნარატივის ფარგლებში გახდა.

ამ მითის მნიშვნელოვან ნაწილს პლათის ბიოგრაფიაში მამამისის ადრეული გარდაცვალება წარმოადგენს. 1940 წელს, სილვიას მერვე დაბადების დღიდან ორი კვირის შემდეგ, ოტო პლათი, დიაბეტით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ნიშანდობლივია, რომ მას დეპრესიის ფონზე დაავადების მკურნალობა არც უცდია და რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელჩაქნეული ელოდა სიკვდილს. ცხოვრებისადმი მსგავსი მიდგომა, მშობლის დაკარგვის ტრავმასთან ერთად, საკმაოდ მყისიერად აისახა სილვიას ფსიქიკაზე- დეპრესიის ნიშნები მან ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში გამოავლინა, ოცდაერთი წლისამ კი პირველად სცადა თვითმკვლელობა საძილე აბების საშუალებით. ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის შემდეგ, იგი კოლეჯს დაუბრუნდა, ხოლო მოგვიანებით, ფულბრაიტის სტიპენდიით, ამერიკიდან ქემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრა ლიტერატურის შესასწავლად.

სწორედ აქ გაიცნო პლათმა პოეტი ტედ ჰიუზი, რომელსაც მალევე გაჰყვა ცოლად. მათი შვიდწლიანი ქორწინება მოიცავდა ჰიუზის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და ღალატს, პლათის ნერვულ აშლილობებს და სუიციდის ორ მცდელობას, რომელთაგანაც მეორე, ოცდაათი წლის ასაკში, ლეტალურად დასრულდა. პლათმა თავისი შვილების საძინებლის კარი ტილოებით ამოქოლა და სამზარეულოში გაზით გაიგუდა თავი. მისი ლექსების ნაწილი ტედ ჰიუზმა გაანადგურა, გადარჩენილი ნაწილი კი გამოიცა და თანდათანობით ანგლოსაქსურ კულტურებში უზარმაზარი აღიარება ჰპოვა. 1982 წელს სილვია პლათი პირველი პოეტი გახდა, რომელიც სიკვდილის შემდეგ პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს.

მისი ლექსები ორ პოეტურ კრებულად-,,კოლოსად’’ და ,,არიელად’’ გაერთიანდა, ერთადერთი რომანი, ,,ზარხუფი’’ კი 1963 წელს, ავტორის დედის, აურელია შობერ პლათის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრიტანეთში დაიბეჭდა.

გარდა შემოქმედებითობისა და მგრძნობიარობისა, პლათი ძალიან განათლებული პიროვნება იყო. გასაკვირი არცაა, რომ მისი შემოქმედება დახუნძლულია ანტიკური მოტივებითა და სიმბოლოებით. მათგან ერთ-ერთი ყველაზე განმეორებადი ელექტრას მითია. ელექტრა მეფე აგამემნონის შვილი იყო, რომელიც მამამისს აღმერთებდა და მისი მოკვლის გამო დედა, კლიტემნესტრა, სიცოცხლეს გამოასალმა.

XX საუკუნეში ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა შემოიტანა ტერმინი ,,ელექტრას კომპლექსი’’ ფროიდის ,,ოიდიპოსის კომპლექსის” საპასუხოდ. ნეო-ფროიდიანულ ფსიქოლოგიაში ,,ელექტრას კომპლექსი’’ გულისხმობს გოგონას ფსიქოსექსუალურ შეჯიბრს დედასთან მამის დასაუფლებლად. თეორიის მიხედვით, 3-5 წლის ასაკში ბავშვი გაუცნობიერებელ ლტოლვას განიცდის საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ, რაც შემდეგ თავისივე სქესის მშობელთან იდენტიფიცირებით გადაიჭრება. იუნგი თვლიდა, რომ ზოგიერთ გოგონაში ეს კომპლექსის არ გადაჭრება და ისინი სამუდამოდ მამისადმი სექსუალურად მიჯაჭვულები და დედისა და ქალების მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილნი რჩებიან.
,,ელექტრას კომპლექსი’’ პლათის ბიოგრაფიულ ლექსებსა და ლირიკულ გმირების პროფილებში საკმაოდ მკაფიოდაა მანიფესტირებული. ნამუშევრებში ,,მამიკო’’, ,,ელექტრა აზალეას გზაზე’’, ,,კოლოსი’’ თუ ,,ჭრილობა’’ ასახულია მასკულინური ფიგურის მიერ ქალიშვილის ფსიქიკაზე გამანადგურებელი დომინირება.
პოეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია ,,მამიკო’’, რომელიც, ელექტრას კომპლექსის მქონე გოგონას მცდელობაა, გაუმკლავდეს მამის გარდაცვალებით გამოწვეულ ტრავმას. სახიფათო და აღმაფრთოვანებელი კაცის სურათი პლათმა ჰოლოკოსტის სიმბოლოებით დახატა: ,,ყველა ქალი აღმერთებს ფაშისტს’’, ,,ყოველთვის მეშინოდა შენი… პეწიანი ულვაშისა და არიული თვალების’’, ,,ღმერთით სავსე ჩანთა’’, ,,არა ღმერთი, არამედ-სვასტიკა’’, ,,კაცი შავებში Meinkampf-ის სახით”… ლირიკული გმირი მამას ფაშისტად წარმოიდგენს, საკუთარ თავს კი-დედით ებრაელად, რომელსაც ძლევამოსილი შავი ჩრდილი ავიწროვებს.

მიუხედავად ამ დაჩაგრულობისა, გოგონა ფანატიკურად ცდილობს მშობელთან კავშირის აღდგენას: მრავალჯერადი თვითმკვლელობით თუ ომის კერაში მისი მოძებნით. საბოლოოდ იგი კაცს მიყვება ცოლად, რომელზეც მამის არქეტიპის პროექციას ახდენს, თუმცა უშედეგოდ: მას, როგორც მამის, ისე საყვარლის მოკვლა უწევს, მათი ერთგვაროვანი და შეთანხმებული მავნებლობის საპასუხოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ,,მამიკო’’ მძიმე და ბნელ თემებს ეხება, მას საკმაოდ მხიარული და მსუბუქი რიტმი გააჩნია, ვინაიდან საბავშვო ლექსებისთვის დამახასიათებელი ფორმითაა დაწერილი. ეს პლათის ეთგვარი ირონიული ხრიკია, რომელიც ასახავს ბავშვობის პერსპექტივაში ჩაკარგული ზრდასრულის უმწეო მცდელობას, როგორმე კვლავ დაუკავშირდეს გაღმერთებულ და დაკარგულ მამას.