Undergods – მომავალი ორპირი დისტოპიაა

Undergods 2021 წლის ინგლისურენოვანი ფილმია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ეროვნების მსახიობები იღებენ. ფილმის რეჟისორი ჩინო მოიაა. მოიასთვის ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რუბრიკაში Analys12 „თორმეტის“ პანელი სწორედ მოიას სადებიუტო ნამუშევარს მიმოიხილავს.

ლევან აბაშიძე – 12/12

Undergods დისტოპიისა და მაგიური რეალიზმის ჟანრის მოყვარულთათვის სასიამოვნოდ საყურებელი ფილმი გახლავთ. მოიას ფილმი ანთოლოგიაა, ერთმანეთში გადახლართულ რამდენიმე ისტორიას აერთიანებს, თუმცა ქრონოლოგია სრულიად ბუნდოვანია. ეს არის ამბავი ამბავში, თუმცა ეს უკანასკნელი ისევ პირველი ამბავია. Undergods-ის ყურების შემდეგ თავად მაყურებელი წყვეტს, რაა რეალობა და რა – შეთხზული ისტორია.

ფილმის სახელი გენიალურადაა გადაწყვეტილი – Undergods სიტყვათა თამაშია და ორ სიტყვას – „ჩაგრულს“ (Underdog) და „ღმერთს“ (God) აერთიანებს. თითოეული ამბის დასკვნაც დაახლოებით იგივენაირია. თითოეულ ადამიანს შეუძლია იქცეს ჩაგრულიდან ღმერთად – იმ ღმერთად, რომელიც ერთდროულად მოწყალე და უმოწყალოა; ღმერთად, რომელიც ჯერ კვდება და შემდეგ კლავს.

დაზუსტებით ვერ ვიტყვით, სად ვითარდება მოქმედება. ესეც სიუჟეტის ნაწილია – ფილმში უნგრული, ბელგიური, შოტლანდიური, ინგლისური აქცენტით მოსაუბრე პერსონაჟებს შეხვდებით. ნახავთ ინგლისურ სიტყვებსაც, რომლებიც ფანჯრებზე კირილიცათი წერია. ვერც იმას ვიტყვით, ფილმი წარსულში მიმდინარეობს, აწმყოში თუ მომავალში. Undergods-ის ცივ პეიზაჟებს მკაცრ საბჭოთა არქიტექტურასთან ერთად ფუტურისტული შენობები სრულყოფს.

ორი სიტყვით უნდა აღვნიშნოთ ფილმის სამსახიობო გუნდიც. როგორც უკვე ვახსენე, ფილმს მრავალეროვანი პერსონაჟები ჰყავს, შესაბამისად, მსახიობებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან წარმოშობით. მთავარ პერსონაჟებს Sex Education-ის მსახიობი ტანია რეინოლდსი, ჯეიმს პოტერის როლის შემსრულებელი ედრიენ როულინსი, უნგრელი მსახიობი გეზა რორიგი და სხვა მსახიობები განასახიერებენ.

საინტერესოა ფილმის საუნდტრეკიც. თითქოს, მოვლენების თანმდევი მუსიკა ჭეშმარიტად 80-იან წლებშია შექმნილი, თუმცა ზოგიერთ ტრეკში აშკარაა, რომ სინთვეივთან გვაქვს საქმე. მოიასთან კინემატოგრაფია შეუდარებელია – ეკრანზე ასახული ფერები ყოველთვის ზუსტად შეესაბამება კონკრეტული ამბის დასასრულის განწყობას. Undergods-ის საერთო სურათი ინდი ფილმის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

Undergods იდეალური ფილმია მათთვის, ვისაც სიუჟეტის დაძაბულობისგან მიღებული შეუჩერებელი ადრენალინის გაზავება შავი იუმორითა და დამაფიქრებელი მორალის მქონე იგავური ისტორიებით სურს.

Photo Credits to Z56Film
სალომე ზეინკლიშვილი – 8/12

თუკი სამეცნიერო ფანტასტიკა თქვენი ინტერესის სფეროა “Undergods” თქვენთვის საინტერესო არჩევანი იქნება.

ფილმი მოგვითხრობს სხვადასხვა ადამიანთა და, ამ სახით, ზოგადად კაცობრიობის მდგომარეობაზე, როდესაც სამყარო თავის ჩვეულ ფორმას კარგავს და დასასრულისაკენ მიემართება. სწორედ ამიტომ ეს დისტოპიური რეალობა ძალიან საინტერესო, სახასიათო, სათავგადასავლო და ინტენსიურია.

ესპანელი რეჟისორის უახლესი ფილმი მართალია დისტოპიურ სამყაროზეა, თუმცა ის ატმოსფეროთი და გარკვეული დეტალებით ჩვენს დღევანდელობას მოგაგონებთ. რეჟისორი ამ ხედვით ცდილობს გადმოსცეს სამყაროს მომავალი დღევანდელი პერსპექტივიდან.

რეჟისორის  განსხვავებული და გამორჩეული ხედვა ფილმში იდეალურადაა წარმოდგენილი, ფილმის ატმოსფეროს შექმნისათვის გამოყენებული სხვადასხვა დეტალი, მაგალითად ფერთა პალიტრა, რომელიც ამ შემთხვევაში უმეტესად მუქი და უღიმღამოა, რაც კიდევ უფრო შეეფერება დისტოპიურ სამყაროს და სწორედ მისთვის დამახასიათებელ ხასიათს ქმნის.

ფილმის შინაარსთან ერთად აღსანიშნავია მსახიობთა იდეალურად მორგებული როლები. ეს დეტალი ფილმს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და მაყურებელს ეხმარება სრულყოფილად განიცადოს ის ემოციები, რისი შექმნაც ფილმის ავტორს სურს მოცემული ატმოსფეროთი.

თუკი ახალი გამოცდილება გსურთ და საინტერესო ისტორიებს სიამოვნებით იხილავდით, მოცემული ფილმი ნამდვილად დაგეხმარებათ ამ ყოველივეში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ფილმს მარტივად შეუძლია მაყურებლის ემოციებზე გავლენის მოხდენა.

Photo Credits to Z56Film
საბოლოო შეფასება – 10/12