ლევან მინდიაშვილის ინსტალაცია – რა ფერია შავი ზღვა?

ბრუკლინში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა, ლევან მინდიაშვილმა, ნიუ-იორკში ახალი ინსტალაცია – “რა ფერია შავი ზღვა?” – წარადგინა. გამოფენა ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ხელოვანის ადრეული ბავშვობის მოგონებებს ეფუძნება. ამ ყველაფერზე ისიც მიგვანიშნებს, რომ ინსტალაციაში წარმოდგენილი ნივთები ბავშვის სიმაღლეზეა განთავსებული.

ლევან მინდიაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფერთა განაწილებას – ნეონის განათებების დახმარებით წარმოდგენილი ნივთების ნაწილი ბუნდოვანი, ნაწილი კი, შედარებით მკვეთრი ხდება, ხოლო სივრცე ფართოვდება. ეს განსხვავება კვლავ ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება – ჩვენს მეხსიერებაში არსებული მომენტები დროსთან ერთად სახეს იცვლიან და ზრდასრული ადამიანის ცნობიერში სხვადასხვანაირად ვლინდებიან: ზოგი მოგონების ფერი და ფორმა მკვეთრდება, ზოგის კი – არა. შესაბამისად, ავტორი მოგონებების ფერებში გვამოგზაურებს.

Levan Mindiashvili, What Color is the Black Sea?, 2021, installation view, Marisa Newman Projects, New York. Courtesy: the artist and Marisa Newman Projects, New Yorkინსტალაციაში ბევრი ნივთია წარმოდგენილი, მათგან ყველაზე დიდ ყურადღებას კი გრძელი თეთრი ფარდა იქცევს, რომელიც ინსტალაციის ცენტრშია გადაჭიმული და  ხელოვანის კანის ფერის სიმბოლოს წარმოადგენს. ფარდის ქვეშ მეტალის პლატფორმაა, რომელიც წყალს ემსგავსება. სწორედ მასზეა დაშენებული ინსტალაციის დიდი ნაწილი. პლატფორმაზე ასევე ვხვდებით ცოცხალ მანდარინის ხეს, ზღარბის სურათს, წყლით სავსე სინჯარიდან ამოზრდილ მცენარეს და სხვა მსგავს ნივთებს. პლატფორმის გვერდით ყუთის მსგავსი ნივთია, რომელიც მკვეთრი სტაფილოსფერი ბეწვით არის შემოსაზღვრული, ხოლო მის შიგნით ზღარბის ვიდეოა მოთავსებული.

Levan Mindiashvili, What Color is the Black Sea?, 2021, installation view, Marisa Newman Projects, New York. Courtesy: the artist and Marisa Newman Projects, New Yorkკედლებზე განაწილებულია ქართული ანბანის სახელმძღვანელოს ფურცლები,  ლევან მინდიაშვილის ბავშვობის სურათები და საბნის ნაჭრები. სურათზე წარმოდგენილია სამი წლის ხელოვანი, რომელიც მუხლებამდეა ზღვაში ჩასული. მის ქვევით წარწერაა – „როგორც შავ ზღვაზე გამაშავეთ, ისე თეთრ ზღვაზე გამათეთრეთ“. წარწერა თითქოს იმ მოგონების მანიშნებელია, როდესაც ხელოვანმა პირველად გაიაზრა კანის ფერის მნიშვნელობა და რასის კონცეფცია სამუდამოდ აღიბეჭდა მის ცნობიერში.Levan Mindiashvili, What Color is the Black Sea?, 2021, installation view, Marisa Newman Projects, New York. Courtesy: the artist and Marisa Newman Projects, New York

კედელზევეა წარმოდგენილი ნეონის განათება წარწერით – „რა ფერია შავი ზღვა?“  წარწერა შავი ფერისაა, ხოლო მის უკან განათება – თეთრი. ხელოვნების კრიტიკოსების აზრით, ეს წარწერა არა მარტო ეხმიანება ბავშვობის ერთ უწყინარ კითხვას, არამედ გვახსენებს თანამედროვე ამერიკაში ეთნიკური წარმომავლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობაზე. Levan Mindiashvili, What Color is the Black Sea?, 2021, installation view, Marisa Newman Projects, New York. Courtesy: the artist and Marisa Newman Projects, New York