ფრედერიკ ბაქსის მისტიკური ფოტოგრაფია და თავისუფლება ნავიგაციის გარეშე

გარე და ლანდშაფტური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და, ამავე დროს, საინტერესო პერიოდად ზამთრის სეზონი გვევლინება. ზამთრის სტაციონარული ხასიათი, ფერთა ბალანსთან და ექსპოზიციასთან დაკავშირებული საკითხები, ძირითად შემთხვევაში, ყველაზე პრობლემური ხდება ფოტოგრაფისთვის. ფრედერიკ ბაქსი კი იმ ფოტოგრაფების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს ექსტრემალური და ცივი ფოტოგრაფიის წესებს.

იგი გახლავთ ბელგიელი ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი ფირით ხელში, ბოლო სამი წლის განმავლობაში შვიდჯერ იმოგზაურა ყირგიზეთში. მან ფოტოგრაფია თავის პროფესიად ათი წლის წინ აქცია და დღეს უკვე საკმაოდ წარმატებულ პიროვნებად ითვლება თავის სფეროში.  ფრედერიკ ბაქსის ფოტოგრაფია და მისი ცხოვრება სამოგზაურო თავგადასავლების კრებულია, რომელშიც გადააწყდებით არაერთ საინტერესო ადამიანს და გაივლით ყველა იმ დაბრკოლებას, რომლის გადალახვაც მოგზაურობისას ფოტოგრაფს თავად მოუწია.

„თავდაპირველად, არ მინდოდა ფოტოგრაფი გავმხდარიყავი, მაგრამ რაღაც ახალი აღმოვაჩინე, რამაც მომცა საშუალება მოგზაურობა ცხოვრების წესად მექცია. ფოტოგრაფია გახდა თავგადასავლების მიზეზი და ამან ჩემს მოგზაურობას აზრი შესძინა“

მის კარიერულ პორტფოლიოს არაერთი აღიარება და ჯილდო ეკუთვნის. 2017 წელს Sony World Photography Awards-ის მიერ ბაქსი დასახელდა  წლის საუკეთესო ფოტოგრაფად საკუთარი ფოტოსერიისთვის, სახელად „Whiteout”, რომელშიც ასახულია ბალკანეთის, სკანდინავიისა და შუა აზიის თოვლით დაფარული ლანდშაფტები. „Whiteout”-ის ფოტოსერიაში მოცემული ნამუშევრები აღებულია ორი ცალკეული პროექტიდან, რომლიდანაც ყველაზე დიდი აღიარება სწორედ „Horse Head”-მა მოიპოვა.

პროექტი „Horse Head” ფოკუსირებულია ყირგიზეთის ბუნებაზე და იქ მცხოვრებ იმ ადამიანებზე, რომელთა დღის წესრიგი ცხენებით ცხვრის ფარის გადარეკვას და მათი ზამთრის ქარბუქისგან დაცვას გულისხმობს. როგორც ჩანს, მათი ცხოვრების წესი კარგად ეხმიანება ფოტოგრაფის ცნობისმოყვარე ხასიათს და ღია ცის მიმართ მის „პლატონურ სიყვარულს“. „Horse Head“ დასტურია იმისა, თუ რამდენად მამაცი შეიძლება იყოს ფოტოგრაფი. ქვეყანა, რომლის ტემპერატურაც შესაძლოა -40°C-მდე დაეცეს, იმ სტუმრისათვის, რომელიც კარგად არ იცნობს რეგიონს, სავარაუდოა, მოგზაურობა ფატალურადაც კი დასრულდეს.

 

მოცემული სერია დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს ნაბიჯ-ნაბიჯ გაეცნოს თითქმის მისტიკურ და ერთფეროვნულად მრავალფეროვან ადგილებს, სადაც სუფთად თოვლიანი მთების, ცხვრის ფარისა და ცხენოსანი მწყემსების გარდა, ფაქტობრივად, ვერავის შეხვდებით. ფოტოსურათებზე ასახულ მწყემსებს პირუტყვთან ერთად კვირობით და ხშირად თვეობით მომთაბარეობა უწევთ. ყველაფერი კი ინსტიქტებამდე დადის – ბაქსის ცოდნა ტრადიციულია, რასაც თვალებით ეუფლება, საკუთარი ფირის მეშვეობით კი უკვე თავად გვასწავლის, თუ როგორ უნდა აღვიქვათ ფოტოსურათებზე ასახული პროცესები. დასახლებათა მიღმა არსებული უზარმაზარი სიცარიელე და დიდებული მთის პეიზაჟები წარმოადგენს ტერიტორიას, რომელიც ბაქსს იზიდავს, როგორც დამთვალიერებელს და იკვლევს, როგორც ფოტოგრაფი. ფოტოსურათებით გადმოცემული სილამაზე ხშირად მკვეთრად განსხვავდება კლასიკური სილამაზის კონცეფციისაგან, რადგან მკაცრი გარემოებების და ბუნების არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, ისინი გარკვეულ წესებს ექვემდებარებიან, რომელთა დაცვას ადამიანებსაც ავალდებულებენ.

„ჩემი პროექტების უმეტესობა განვითარების ეტაპებს გადის – იდეა ფოტოგრაფიად იქცევა, ფოტოსურათი კი იდეად იმდენად, რამდენადაც ეს განვიცადე“

 

ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ფოტოგრაფი, ლოტი დევისი ბაქსის „Horse Head”-ის პროექტზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფს ინტიმური, ძალიან მდუმარე კავშირი აქვს მწყემსებთან. მართლაც ასეა, ბაქსი თითქოს იზიდავს ეგზისტენციალურ კრიზისს და ამავე დისკომფორტში ამყოფებს იმ მომთაბარეებს, რომლებიც მოგზაურობისას მას მასპინძლობას უწევენ.

ფრედერიკ ბაქსის ფიქრებში მუდმივად იარსებებს ყირგიზეთში გატარებული მისტიკური წლები. მისთვის ეს არის ადგილი, რომელიც უიმედობის პერიოდში ყველაზე დიდ შვებას ჰგვრიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ვითარდება და ტექნოლოგიური მიღწევები დროს გადასარევად ერწყმის, ფოტოგრაფისთვის მწყემსი წარმოადგენს თავისუფლების მიღწევის ყველაზე ბუნებრივ შედეგს. ასე რომ, სანამ ისინი ნავიგაციის გარეშე აგრძელებენ გზას, იმედიც ყოველთვის იარსებებს.