ტიმ და ჯეფ ბაკლი – ორი გენიალური არტისტის ერთი ისტორია

„დიდებული“ მცირე სიტყვაა იმ ვოკალის აღსაწერად, რომელსაც ეს მამა-შვილი ხელოვანის ტრაგიკულ ბედთან ერთად იზიარებდა. არაამქვეყნიურ მუსიკასთან ერთად ამ არტისტებმა ემოციებით სავსე, მშვენიერი და სევდიანი ისტორია დაგვიტოვეს. ისტორია, რომელმაც ორი უბედური, მარტოსული, ვნებიანი და უსაზღვროდ ნიჭიერი მუსიკოსი გვაჩუქა. ტიმ ბაკლიმ ჯეფი მის დაბადებამდე მიატოვა. მათ შორის კონტაქტი არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ჯეფს არასოდეს ნდომებია, მისი სახელი მამამისის გვერდით ეხსენებინათ, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ იმ მსგავსებებს, რომლებიც ამ ორი გენიალური პიროვნების შემოქმედებასა თუ პირად ცხოვრებას აერთიანებს.

ტიმ ბაკლი 1947 წელს დაიბადა ვაშინგტონში. ის იყო სამოციანების ერთ-ერთი ბრწყინვალე როკ-ვოკალისტი. მისი შემოქმედება ერთი ჟანრით არ შემოსაზღვრულა. მუდმივად ახლის ძიებაში იყო, ერთ სტილს დიდი ხნით ვერ ირგებდა. ამით ხშირად აწბილებდა და აბნევდა გულშემატკივრებს. მისი დაუდგრომლობა უარყოფითად ისახებოდა პოპულარობაზე. სიმართლე რომ ვთქვათ, ცნობადობა არც ყოფილა მისი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ არც ჩრდილში ყოფნა უყვარდა, კომერციული მუსიკით თავის შემოქმედების შებღალვა არასოდეს უფიქრია. უყვარდა ექსპერიმენტები. არაფრის ეშინოდა, გაბედულად უმორჩილებდა აუდიტორიას თავის ვოკალურ თამაშებს. ვოკალს კი მისთვის არასდროს უღალატია, მისი მოქნილი ხმა ერგებოდა ყველა ჟანრსა და თავგადასავალს, რომელშიც ტიმი გადაეშვებოდა. ზოგიერთი მისი სიმღერა ტექსტს არც კი შეიცავს და ტიმი საკუთარ იოგებს ინსტრუმენტად აქცევს. მისი შემოქმედება ძირითადად მოიცავდა ფოლკს, ფსიქოდელიურ როკსა და პროგრესულ ჯაზს. ეს მრავალფეროვნება მის სულსა და ემოციებსაც ახასიათებდა. ბაკლის მუსიკის ფაქიზი სევდა და ტანჯული გოდება მსმენელს ერთნაირად ატყვევებს და ეუფლება.

ტიმი ოცი წლის იყო, როდესაც მამად ყოფნის პასუხისმგებლობა მოულოდნელად დაატყდა თავს და რუტინული ოჯახური ცხოვრების პერსპექტივა მის მუსიკალურ კარიერას დაემუქრა. მაშინ მან გაქცევა ამჯობინა. მიატოვა ორსული ცოლი და მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა. საკუთარ ვაჟს იგი ერთადერთხელ შეხვდა, როდესაც ჯეფი რვა წლის იყო. შეხვედრიდან მალევე ტიმი ჰეროინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

ჯეფ ბაკლი დედამ, მერი გიბერტმა და მამინაცვალმა, რონ მურჰედმა, გაზარდეს. ორივენი მელომანები იყვნენ და ჯეფს მუსიკალური სამყარო პატარა ასაკიდანვე გააცნეს. ლედ ზეპელინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ქუინი და ფინქ ფლოიდი მას ბავშვობიდანვე უწევდნენ მეგზურობას.  მამისეული მრავალფეროვნება ახასიათებს მის შემოქმედებასაც. ჯაზი, რუტს-როკი, ფანკი, რეგი, მძიმე მეტალიც კი – ეს ის ჟანრებია, რომელშიც ჯეფმა თავი გამოსცადა. მის ხმასა და ემოციას ჰქონდა ჯადოსნური ძალა, სხვისი სიმღერა იმდენად შეეთვისებინა, რომ მისთვის ახალი სიცოცხლე და შინაარსი შთაებერა. სწორედ მან გააცოცხლა ლეონარდ კოენის ლეგენდარული Hallelujah, რომელიც ჯეფამდე თითქმის ყველასათვის შეუმჩნევლად რჩებოდა.

და შეუძლებელია, არ ვახსენოთ ელტონ ჯონის We All Fall In Love Sometimes, რომელიც ჯეფმა ისე შეისისხლხორცა და ისე გაამშვენიერა, რომ მისი მოსმენა მტკივნეულია.

 არანაკლებ გენიალურ მუსიკას ქმნიდა თავადაც. “Lover You Should’ve Come Over” მისი ერთადერთი ალბომის, “Grace”-ის, მეშვიდე სიმღერაა, რომელიც ჯეფმა რებეკა მურთან განშორებას მიუძღვნა. ტექსტი ულამაზესი პოეტურობით გამოირჩევა და სინანულითა და სევდით სავსე გმინვაა ადამიანისა, რომელსაც უჭირს დასასრულთან შეგუება.

ჯეფის ტალანტმა პოპულარობა და აღიარება 1991 წელს მას შემდეგ მოიპოვა, რაც მან წმინდა ანას ეკლესიაში მამამისისთვის მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ეს მისთვის საშუალება იყო მამასთან უკანასკნელი კონტაქტისა. „მის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ, რაც ყოველთვის მაწუხებდა. მაწუხებდა, რომ მისთვის არასოდეს არაფერი მითქვამს.“ – იხსენებდა შემდგომ. კონცერტზე მან ტიმ ბაკლის რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის “I Never Asked To Be Your Mountain”, რომელიც თავად ჯეფისადმი იყო მიძღვნილი. “Goodbye and Hello”, რომლის ტექსტი გამორჩეული და გასაოცარი ოსტატობითაა დაწერილი და რომელიც ახალგაზრდობის ჰიმნად, შეგვიძლია, აღვიქვათ. ბოლო კომპოზიცია კი, რომლითაც ჯეფმა თავის ეს გამოსვლა დახურა, იყო სიმღერა –  “Once I Was”. უკანასკნელ წამებში ჯეფს გიტარის სიმი გასწყვეტია, ბოლო ნაწილი აკაპელად შეუსრულებია და ჰაერში გულის გამაწვრილებლად გამოკიდებულა ბოლო გაბზარული სტრიქონი – And sometimes I wonder, Just for a while, Will you ever remember me.

ამ პერფორმანსიდან სამი წლის შემდეგ ჯეფმა ერთადერთი ალბომი – Grace ჩაწერა, 1997 წელს კი, ოცდაათი წლის ასაკში იგი მემფისში, მდინარეში ცურვისას გარდაიცვალა.

ჯეფს არ სურდა მამამისთან ყოფილიყო ასოცირებული. არ უყვარდა, როცა მის მუსიკას ტიმისას ადარებდნენ. უარყოფდა თავის შემოქმედებაზე მამამისის გავლენას და ამბობდა, რომ მასზე რობერტ პლანტმა და ჯიმი პეიჯმა მეტი კვალი დატოვეს. მამად რონი მურჰედს მიიჩნევდა, თუმცა ტიმს პატივს სცემდა, როგორც მუსიკოსს. მის შემოქმედებას კარგად იცნობდა. იცნობდა და ალბათ, უყვარდა კიდეც. მისთვის მისაბაძი იყო ტიმის ექსპერიმენტები.  როგორც არ უნდა უარეყო, ტიმის გავლენა მის მუსიკაზე უწვრთნელი ყურისთვისაც კი აშკარაა. იმ ფაქტზე, რომ პოპულარობა ტიმისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიმღერამ მოუტანა, ჯეფმა თქვა – „მე ჩემი ანონიმურობა დავთმე მისთვის, ზუსტად ისე, როგორც მან მე დამთმო საკუთარი დიდებისთვის. ალბათ, შეცდომა დავუშვი.“