პასიური წინააღმდეგობა და სიჩუმით გამოხატული პროტესტი ჭანგ სიაოკანგის ნამუშევრებში

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ჩინური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, მხატვარი ჭანგ სიაოკანგი, რომელიც ერთ დროს ჩინური ავანგარდული მოძრაობის მნიშვნელოვან წარმმართველ ძალას წარმოადგენდა. მისი თაობის სხვა მრავალი ჩინელი მხატვრის მსგავსად, სიაოკანგი ცნობილი კომუნისტი რევოლუციონერის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამფუძნებლის, მაო ძედუნის და მის მიერ წამოწყებული „კულტურული რევოლუციის“ მსხვერპლი გახლდათ.

ჭანგ სიაოკანგი 1958 წელს სამხრეთ ჩინეთში, იუნნანის პროვინციის ქალაქ ქუნმინგში დაიბადა. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, ადრეულ ასაკშივე  მხატვარი ოჯახს დააშორეს და მისი მშობლები იძულებით „სასწავლო ბანაკში“ გადაიყვანეს. მისდა საბედნიეროდ, მაო ძედუნი მალევე გარდაიცვალა და ახალი ერა დაიწყო, რასაც 1977 წელს მხატვრის სჩუანის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩარიცხვა მოყვა.

მაოისტური ეპოქის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავზე მუშაობის და ევროპაში მოგზაურობის დროს, ჭანგ სიაოკანგმა ძველი საოჯახო ფოტოსურათების შეგროვება დაიწყო, რითიც შთაგონებული, ტრამვული წარსულიდან მოგონებათა ხარჯზე, მაოისტური სტილის სამოსის მქონე ფიგურათა ჯგუფური პორტრეტების ხატვას შეუდგა. მხატვარმა ამ ფორმით ფოტოგრაფიის ნახატად თარგმნა შეძლო. ასე შეიქმნა დღეს უკვე ბევრისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი ნახატების სერია, სახელად „Bloodline”, რომელზე მუშაობის მიზანიც მაოს ეპოქის ოჯახის არქეტიპის წარმოჩენა და „კულტურული რევოლუციის“ ტრამვული შედეგების გადამუშავება გახლდათ.

“განმეორებით ვბრუნდები წარსულში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად მახსენდება, იგი მაინც წარმოადგენს ჩემი მომავლის განმსაზღვრელ ფაქტორს ”

რეპლიკაციური პერსონაჟების ფართო კლანის მეშვეობით, მხატვარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სხვაობის, განსხვავებულობისა და აღქმის ცნებებს. პორტრეტებზე ასახული ადამიანები არ მოქმედებენ და არაფერს გასცემენ, მაგრამ სხვა ელემენტები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მხატვრის ჩაფიქრებულ იდეაზე. მხატვრის თქმით, წითელი ჩვილი კომუნიზმის სიმბოლოა. უფრო საინტერესოა პერსონაჟთა სახეებზე არეკლილი ფერთა აბსტრაქციები, რომელთა აღქმა სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი – როგორც ნიღბის ფრაგმენტები ან პერსონაჟთა გაუცნობიერებული აზრები, რომლებიც მათსავე გონებაში იკიდებს ფეხს. “Bloodline”-ის სერიაში წარმოდგენილი ადამიანთა სახეები მშვიდი და გარეგნულად გლუვია. პერსონაჟთა აურა შემზარავად ცარიელია, ამავდროულად კი ეს სიცარიელე საკმაოდ მშვიდი და ესთეტიკურია. ძნელი წარმოსადგენია ფიგურათა საუბარი, მით უმეტეს სიცილი – ისინი ისეთივე ჩუმები არიან, როგორც ხატებსა და ფრესკებზე გამოსახული წმინდანთა სახეები.

თითოეული პერსონაჟი პირდაპირ იყურება, რითიც უფრო მეტად წააგავს ოჯახურ ფოტოსურათს, რომელშიც პერსონაჟები კამერის ობიექტივს უფრო უყურებენ, ვიდრე თავად ფოტოგრაფს. ფოტოსურათისთვის გამზადებული პერსონაჟი შინაგანი მარტოსულობის გამოხატვით სისტემის წინაშე უსუსურობის სიმბოლო ხდება. განწყობა კი ცალსახად გულგრილია და იმაზე უფრო მეტადაც კი შესამჩნევი, ვიდრე 1960-იანი წლების ფოტოსურათებზე გამოხატული ადამიანთა ემოციური ფონი.

ჭანგ სიაოკანგის ნამუშევრებში ყურადღებას იქცევს ასევე წითელი ფერის ძაფები, რომლებიც პერსონაჟებს შორისაა გაბმული – გამოდის ყურიდან ან ნეკნებიდან და ეხვევა ღილებით შეკერილ ქურთუკს. ეს აშკარა ძაფები გამოხატავს, როგორც ოჯახის, ისე ერის საერთო მოგონებებს და წარსულს, მათი გაერთიანების საშუალებას.

მაშინ, როდესაც წითელი არის კომუნიზმის დროშის ფერი, მწვანე იქცევა კომუნათა დამახასიათებელ ავთენტურ შეფერილობად. მე-20 საუკუნის ჩინეთში ამ ფერს ყველგან გადააწყდებოდით, როგორც ჯარისკაცთა ფორმებზე, ისე შორეული სოფლებიდან ცენტრალურ ქალაქებამდე, შენობების ეზოებსა თუ კედლებზე.

დაეყრდნო მეხსიერებას, რათა შექმნა საკუთარი ქვეყნის ისტორიის ძალიან პირადი ვერსია, მხოლოდ ჭანგ სიაოკანგს შეუძლია. მხატვრის მეხსიერების ტრანსფორმაციული ეფექტის წყალობით, მისი შემოქმედება ჩინური კომუნიზმის წინააღმდეგ ერთ დიდ შეპირისპირებას წარმოადგენს, რომელიც რეალურად, ძალადობრივი გზით შეცდომაში შეყვანილი ქვეყნის მიმართ პროტესტის და, ამავდროულად, გლოვის გამოხატულებაა.