რიზ უიზერსპუნის ამბიციური სერიალები – ყველაფერი ქალების შესახებ

მას შემდეგ რაც გასულ ათწლეულში რიზ უიზერსპუნის პროდიუსინგით გამოსულმა ფილმებმა ,,Gone Girl’’ და ,,Wild’’ ოსკარზე ჯამში სამი ნომინაცია მოიპოვეს, 45 წლის ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა გადაწყვიტა ძალები ტელეინდუსტრიაში მოესინჯა და სატელევიზიო ფორმატი იმისათვის გამოეყენებინა, რომ  ამბები ქალი გმირების პერსპექტივიდან მოეყოლა.

Photo Credits to Getty Images

უკანასკნელ წლებში ოსკაროსანი მსახიობის თაოსნობით სამი გახმაურებული სერიალის პრემიერა შედგა, მათ პროდიუსერად და მთავარი როლის შემსრულებლად ისევ და ისევ რიზ უიზერსპუნი მოგვევლინა და შედეგად კიდევ უფრო დიდი აღიარებაც დაიმსახურა.

,,Big Little Lies’’, ,,The Morning Show’’ და ,,Little Fires Everywhere’’ – ის სერიალებია, რომელთა წყალობითაც უიზერსპუნმა თავისი კარიერისთვის შედარებით უცხო სივრცეში, ანუ ტელესამყაროში გამოამჟღავნა საკუთარი ამბიციები და, როგორც თავად იტყოდა, “ამბიცია სულაც არაა უარყოფითი სიტყვა”.

Photo Credits to Getty Images

მთავარი, რაც სამივე ზემოხსენებულ სერიალს აერთიანებს ქალთა მრავალფეროვანი რეპრეზენტაციაა. ამ სერიალებში ყველანაირ ქალს ვაწყდებით საინტერესო და ბევრისათვის ნაცნობი ისტორიებით, ვხდებით მათი ტკივილისა და წარმატების მოზიარენი, ვუგებთ და გვიყვარდება ან პირიქით, გვაღიზიანებს და გვძულდება ისინი.

ყურების პროცესში ხიბლი იმის გააზრებაშიცაა, რომ დადგა დრო, როდესაც მეინსტრიმული ჰოლივუდი ქალთა გამოცდილებებს შეულამაზებლად გვიყვება და გვაძლევს საშუალებას გავმართოთ დისკუსიები საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებთანაც გამკლავება ქალებს ყოველდღიურად უწევთ.

,,Big Little Lies’’ (2017 – 2019)

Photo Credits to HBO

უამრავი სერიალი გვეგულება, რომლებშიც მრავალი ერთმანეთზე ნიჭიერი ვარსკვლავი მონაწილეობს, თუმცა ,,Big Little Lies’’ მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავია: მასში ისეთ მსახიობებს შევხვდებით, როგორებიც არიან ნიკოლ კიდმანი, მერილ სტრიპი, ზოი კრავიცი, შეილინ ვუდლი და სხვები.  

სერიალი მოგვითხრობს მონტერეიში მცხოვრებ ქალებზე, ე.წ. ,,მონტერეის ხუთეულზე’’, რომლებიც გლამურული სახლების, ზღაპრული ხედებისა და ძვირადღირებული ავტომანქანების მიღმა არსებულ წნეხში თვითგადარჩენისთვის იბრძვიან. სერიალი სრულყოფილად გვიხატავს ძალადობის მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგიას,  ნათლად გვაჩვენებს გარემოს, სადაც მსგავსი მოვლენები შეიძლება შეუმჩნევლად დარჩეს და ბავშვებს, რომლებიც ასეთ დროს, რაღა თქმა უნდა, ყველაზე სენსიტიურები არიან. 

 

,,The Morning Show’’ (2019 – დღემდე)

Photo Credits to Apple TV+

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის მიერ ათობით ქალზე ძალადობის, სექსუალურად შევიწროებისა და გაუპატიურების 2017 წელს გამოაშკარავებულმა საქმემ ფილმის ინდუსტრიის შემზარავ შიდასამზარეულოში შეგვახედა. “The Morning Show”–ში ჩვენ შედარებით მცირემასშტაბიან, მაგრამ მსგავს კადრს მიღმა განვითარებული სექსუალური შევიწროების  ისტორიას ვეცნობით, ეს არის რეალისტურ ამბავი გავლენიან კაცებზე, რომლებიც მათ ძალაუფლებას კარიერისტი ქალების სამართავად იყენებენ. სერიალი კიდევ ერთხელ გვახსენებს,რომ სექსუალური შევიწროება არამხოლოდ უშუალო მსხვერპლების, არამედ ყველას საქმეა, რადგან ასეთ გარემოცვაში არავინაა დაცული. შესაბამისად, ამ ბრძოლაში სოლიდარობის თითოეული ხმა შესაძლოა  გადამწყვეტად იქცეს.

,,Little Fires Everywhere’’ (2020)

Photo Credits to Hulu

რიზ უიზერსპუნის ამჟამად ბოლო სერიალს ,,Little Fires Everywhere’’ 90-იანების მიწურულს, ოჰაიოს შტატის გარეუბანში, შეიკერ ჰაითსში მივყავართ, იქ, სადაც ყველა სახლი ერთმანეთის მსგავსია არქიტექტურითა და სადა ფერებით. შეიკერ ჰაითსი ფასადური უტოპიაა, რეალურად კი ის ლამაზი ტყუილებითაა აშენებული, რომელშიც მთავარი გმირი, ელიტარული წრის წარმომადგენელი მისის რიჩარდსონი და მისი “იდეალური” ოჯახი ცხოვრობს.

8 სერიისგან შემდგარ ჩამთრევ მინი-სერიალში ვხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ამ ქალაქში, თავისუფალი ნების მოხეტიალე ხელოვანი და მისი თინეიჯერი შვილი გადმოსახლდებიან.