ვრუბელის დემონები – ავადმყოფობაში გადაზრდილი ტრფობა

სიმბოლიზმი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ ყალიბდება და მთელ მსოფლიოს მოიცავს, მათ შორის რუსეთსაც. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რუსი სიმბოლისტებიდან ყველაზე განთქმული სწორედ მიხაილ ვრუბელია, რომლის მთავარი მუზა ლერმონტოვის პოემები გახდა. მათგან ყველაზე დიდი ზეგავლენა „დემონმა“ მოახდინა. ვრუბელის ეს, ერთი შეხედვით, უბრალო ტრფობა ავადმყოფობაში, შემდეგ კი გაგიჟებაში გადაიზარდა.

Mikhail Vrubel - Demon Seated, 1890
Mikhail Vrubel – Demon Seated, 1890

„მჯდომარე დემონი“, ვრუბელის შემოქმედებაში ყველაზე ცნობილია. ეს დემონი, სწორედ, ლერმონტოვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით არის შექმნილი. პოემა მოგვითხრობს დემონისა და თამარას სიყვარულის ისტორიას. მართალია, დემონი ამ ქვეყნად  ხალხის გასანადგურებლად არის მოსული, მაგრამ პოემის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ქალი მასში ხედავს არა დამანგრეველ ძალას, არამედ უბრალოდ ტანჯულ სულს, რომელსაც სიყვარული სჭირდება. დემონის კოცნა თამარასთვის ფატალურად მთავრდება – ქალი კვდება და ადგილს სამოთხეში იმკვიდრებს, ხოლო დემონი მარტო, უსიყვარულოდ და უიმედოდ რჩება. ეს ნამუშევარი, უკვე განადგურებულ დემონს ასახავს – ვრუბელი ამ ყველაფერს რაღაც ჯადოსნურობით გამოსახავს, რაც საღებავის კუბოკრულად დატანაში გამოიხატება. ნახევრად შიშველი ახალგაზრდა დაკუნთული მამაკაცი (დემონი) უყურებს ჩამავალ მზესა და მის წინ გადაშლილ მინდორს. აღსანიშნავია, რომ მის უკან შედარებით მუქი ფერები სუფევს, რაც შეიძლება მისი დემონური ბუნების, სიბოროტის განმსაზღვრელი ნიშანიც კი იყოს. მისი ეს ნაწილი კლავს ყველაფერს რასაც შეეხება, მათ შორის იმ ყვავილებსაც, რომელზეც ზის. ფერების ამგვარი განაწილებით თუ ვიმსჯელებთ, ის რაღაც კუთხით მოქცეულია სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის, სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე. ასევე საინტერესოა მისი სხეული და ჯდომის მანერა – ხელებით შეკავებული დაკუნთული ძლიერი სხეული და თითების უცნაური გადაჯაჭვულობა, რაც ერთგვარ კონტრასტს ქმნის მის მელანქოლიით აღსავსე სახესთან. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად  დემონი მიტოვებული ადამიანის სახესიმბოლოს წარმოადგენს, რის გამოც, მრავალი კრიტიკოსი დემონის სახეში არა მარტო პოემის გმირს, არამედ თავად ვრუბელსაც ხედავს.

Mikhail Vrubel - Tamara and Demon, 1890
„არც კი გიცნობდი, არც კი მენახე, ისე გხატავდა თამარს ვრუბელი“ – ტიციან ტაბიძე

ვრუბელი ამ პოემისთვის ილუსტრაციებსაც ქმნიდა, მხოლოდ შავი საღებავების დახმარებით. ზემონაჩვენები ნამუშევარიც ერთ-ერთი იმ ილუსტრაციათაგანია. ამ შემთხვევაში გამოსახულია თამარაც, რომელიც დემონს ეტრფის. აღსანიშნავია, რომ წინა ნახატისგან განსხვავებით მამაკაცის დემონურობა მის ფიზიკურ მხარეშიც აისახება. თუ წინა ნამუშევარში ის უბრალო ადამიანად გვესახება, ამ შემთხვევაში მის არამიწიერებაზე სხეულიდან არაბუნებრივი და არაადამიანური გამონაზარდები მეტყველებს. მაგალითად, ყურის უცნაური ფორმა და სახის გამომეტყველება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მხატვარი ნამუშევარს მაინც ანიჭებს ჯადოსნურობას, რასაც ფანჯარაში გამოსახული რამდენიმე მცირე ვარსკვლავითა და წყვილს შორის დანახული კავშირით გადმოგვცემს – თამარა მჭიდროდ უჭერს ხელებს  მისთვის საყვარელ არსებას და სიყვარულით, გაფართოებული თვალებით შესციცინებს მას, თითქოს ცოტა ეშინია კიდეც, მაგრამ დემონის ფიზიკური ნაკლოვანებების მიღმა ხედავს ადამიანს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა და სჭირდებოდა თანადგომა, სიყვარული.

Mikhail Vrubel - Damon Downcast, 1902
Mikhail Vrubel – Damon Downcast, 1902

„ჩამოგდებული დემონი“ კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ვრუბელის ცხოვრებაში, რადგან კონკრეტულ ნამუშევარში მხატვარს გამოყენებული აქვს თავისივე შექმნილი საღებავები, რომლებსაც ბრინჯაოს ფხვნილის შერევით იღებდა. ეს უკანასკნელი კი ნამუშევრებს უფრო მეტ მაგიურობას, ბრწყინვალებას მატებდა. მაგრამ ვრუბელმა მაშინ არ იცოდა, რომ მისი ეს ტექნიკა საკმაოდ უჩვეულო შეედეგს დატოვებდა – ბრინჯაოს ფხვნილმა საღებავი გაშრობისას გაამუქა და საბოლოო ჯამში მთელი კომპოზიციაც დაამძიმა. დემონს კი უფრო საზარელი იერი მიანიჭა, რაც მხატვარს განზრახული არასდროს ჰქონია. ასევე საინტერესოა, რომ მიხაილ ვრუბელს სწორედ ამ ნამუშევრის შექმნისას დაეწყო მოლანდებები და გიჟური აკვიატებები. ეს ფსიქიკური დაბნეულობა ნახატის კომპოზიციაშიც კი ჩანს – დემონის სხეულის აღქმა თითქმის შეუძლებელია, თითქოს დამტვრეულია, მოტეხილია. ხოლო სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, დემონი დანაღვლიანებულია. ალბათ ვრუბელი სხეულისა და სახის ამგვარი ურთიერთკავშირის დახმარებით ცდილობს გამოსახოს დემონის შინაგანად დაცემული მდგომარეობა.

ზემოთ განხილული ნამუშევრებიდან ეს დემონი სრულიად განსხვავდება, რადგან მას ფრთები გააჩნია, მაგრამ, ამის მუხედავად, ის საკუთარ თავს დაბლა დავარდნის უფლებას აძლევს, რასაც სწორედ ბუმბულზე დაკვირვებით ვიგებთ. ბუმბული ფარშევანგისას მიუგავს, რაც ერთგვარად მის არაამქვეყნიურ წარმომავლობაზე, განსხვავებულობაზე უნდა მეტყველებდეს და გვახსენებს, რომ დემონიც კი შეიძლება მშვენიერი იყოს.

მიხაილ ვრუბელი რუს და არა მარტო რუს სიმბოლისტებში გამოირჩევა საკუთარი ხატვის სტილით. ის მიხაილ ლერმონტოვის დემონს ანიჭებს ჩვეულებრივი ადამიანის სხეულს და მას მიიჩნევს ჩვენს თანასწორად, უბრალო და დამწუხრებულ ადამიანად, რის საფუძველზეც წარმოგვიდგენს დემონს, რომელსაც დემონური თითქმის არაფერი გააჩნია.