Carpe Diem – ჯონ კიტინგის მთავარი გაკვეთილი

ინგლისურის გამოცდილი მასწავლებელი, ჯონ კიტინგი სკოლის დერეფანში საკუთარ მოსწავლეებს პირველ და უმნიშვნელოვანეს გაკვეთილს აძლევს: “დაკრიფე ვარდები, სანამ შეგიძლია.” აზრის ლათინური შესატყვისია “Carpe Diem,” ვინ იცის ეს რას ნიშნავს?..”

Carpe Diem ხშირად ითარგმნება როგორც წამის, დღის, მომენტის დაჭერა. ეს ფრაზა  მუდმივად წარმავალი ცხოვრების, ამავდროულად, შესაძლებლობის გამოყენებისა და მომენტებით ტკბობის შეხსენებაა. დერეფანში გამოფენილ შავ-თეთრ ფოტოებზე აღბეჭდილი ერთ დროს ენერგიული, ამ დრომდე შეუმჩნეველი ახალგაზრდებიც წიგნიდან ამოკითხული ტაეპის სისწორეს ადასტურებენ და ამბობენ: “დაიჭირეთ წამი, გამოიყენეთ ყოველი დღე…”

Carpe Diem ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფილოსოფიური იდეაა, რომელიც მეტწილად დასავლეთის ქვეყნებში განვითარდა. სავარაუდოა, რომ წამის დაჭერის იდეა ყოველთვის არსებობდა, თუმცა ლათინური აფორიზმი – Carpe Diem – პირველად ძველი რომაელი ლირიკოსის ჰორაციუსის “Odes”-ში გვხვდება. “დაიჭირე წამი, ხვალინდელ დღეს დიდად ნუ ენდობი,” – ავტორისათვის მოკვდავობის გააზრება გარდამტეხი აღმოჩნდა. მომავლის ბუნდოვანების საფუძველზე კი ცხოვრება, რომლის განკარგვის შანსიც მხოლოდ ერთხელ გვეძლევა, წამიერი შთაბეჭდილებებით ტკბობის ობიექტად უნდა იქცეს. 

Carpe Diem კონცეფციის პირველ წერილობით გამოხატულებას გილგამეშის ეპოსში ვხვდებით. ეპოსში სიდური გილგამეშს მოუწოდებს გლოვას თავი წაართვას და დღევანდელ ცხოვრებას დაუბრუნდეს. 

დღევანდელი დღით ცხოვრების უპირატესობას ეხმიანება და საკუთარ შემოქმედებაში ავითარებს ჯონ კიტინგის მიერ დამოწმებული რობერტ ჰერიკიც. “შეაგროვეთ ყვავილები” – ჰერიკი განსხვავებული მეტაფორით გამოხატავს წამის დაჭერის მომენტს, სათქმელი კი იგივეა: ვარდები უნდა დაიკრიფოს მანამდე, სანამ შესაგროვებელი მომენტები ჯერ კიდევ არსებობს.  

Photo Credits to Philippe de Champaigne, Public Domain

Carpe Diem და Memento Mori ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფილოსოფიური მოძღვრებაა, თუმცა ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვერ არსებობენ.  იქ, სადაც არ არსებობს უსასრულო დრო და ადგილი ჩნდება Carpe Diem, Memento Mori კი მოკვდავობის მხატვრული შეხსენებაა. შესაბამისად, Memento Mori და Carpe Diem ერთი მოვლენისადმი ორი განსხავებული მიდგომაა. “გახსოვდეს სიკვდილი”, ცხადია, თავისი არსით მეტად დამთრგუნველი მეტაფორაა, რომელიც გამოსავალს არ გვაჩვენებს და სიკდილისათვის მზაობას მოგვიწოდებს, თუმცა რომ არა წარმავალი დროისათვის მუდმივად ხაზგასმა, წამიერი შთაბეჭდილებებითა და აწმყოთი ცხოვრება ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა.

Carpe Diem-ში გადმოცემული წამის დაჭერის კონცეფციის ასახვა უკვე დიდი ხანია მხოლოდ ავტორებისა და მჭევრმეტყველი პოეტების საქმიანობა აღარაა. ცხოვრების მიერ ნაჩუქარი მომენტებით ტკბობა და ბუნებისაგან მაქსიმალური გამოცდილების მიღება განსაკუთრებულ ნიჭს ანდა შესაძლებლობებს არ საჭიროებს. ე.წ. Bucket List იმ საქმეების ჩამონათვალია, რომელთა შესრულებაც ცხოვრების მანძილზე აუცილებელია, სიას კი თავადვე ვადგენთ – დაწყებული პატარა ოცნებებით, დასრულებული დიდებული მიზნებით. Bucket List-ის შედგენა მხოლოდ მიზნის, სურვილის არსებობას მოითხოვს, სიის შედგენის შემდგომ კი ჯონ კიტინგის საშინაო დავალება საუკეთესოდ შესრულდება, ხოლო წამის დაჭერის მცდელობა წარმატებით ჩაივლის.