Welcome – კარი დადი ფრეირის სამყაროში

Welcome ისლანდიელი მომღერლის, დადი ფრეირის EP-ა, რომელიც ათიოდე დღის წინ გამოვიდა. ფრეირი საკუთარ ქვეყანას წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მეგობრებთან ერთად წარადგენდა, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. რუბრიკა Analys12-ის დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი სწორედ Welcome-ს მიმოიხილავს.

ლევან აბაშიძე – 11/12

Welcome, სახელის შესაბამისად, დადი ფრეირის ახლადშეძენილი მსმენელებისათვის მომღერლის სამყაროში ერთგვარი გზამკვლევია. კრებულში ხუთი ორიგინალური სიმღერა და ერთი რემიქსია. თითოეული ტრეკი 80-იანი წლების ესთეტიკას ატარებს, რის განცდასაც ინსტრუმენტები და მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელი პროგრესიები ქმნის. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ EP ასეთივე იქნებოდა, 40 წლის წინ რომ შექმნილიყო – აღსანიშნავია პროდუქციის ხარისხიც, რაც თავად დადის დამსახურებაა.

EP-ს პირველ სიმღერას „10 Years“ წარმოადგენს. სწორედ ამ სიმღერით წარადგინა დადიმ პროექტთან Gagnamagnið ერთად. სიმღერა დადისა და მისი მეუღლის (ასევე ჯგუფის წევრის), არნი ფიოლას, ურთიერთობას ეხება. მომღერალი ურთიერთობას კარიერაზე მაღლა აყენებს და აღიარებს, რომ არნისთან ურთიერთობის გარეშე ვერ მიაღწევდა იმ დონეს, რომელზეც მისი კარიერა ახლა იმყოფება. ოჯახური თემატიკისაა ტრეკიც „Think About Things“. ამ უკანასკნელი სიმღერით დადის ისლანდია შარშან უნდა წარედგინა ევროვიზიაზე, თუმცა კონკურსი არ გაიმართა. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ არგამართულმა კონკურსმა დადი იმაზე მეტად პოპულარული გახადა, ვიდრე კონკურსის გამარჯვებული ათობით არტისტი – მომღერალი BBC-ს ჩარტებში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, სიმღერას კი Spotify-ზე 80 მილიონ მოსმენაზე მეტი დაუგროვდა. ორივე ზემოხსენებული სიმღერა ამყოლი მელოდიითა და ადვილად დასამახსოვრებელი ტექსტით გამოირჩევა, რითიც დადი მსმენელზე ზემოქმედებას უფრო ძლიერად ახდენს.

ევროვიზიის სიმღერებისაგან განსხვავებით, ალბომის დანარჩენი 3 სიმღერა შედარებით განსხვავებული ენერგიის მატარებელია. სიმღერაში Clear My Head შედარებით მძიმე და დამთრგუნველ ტექსტს შეხვდებით, თუმცა არც ესაა უცხო და შორეული. მუსიკალურად ეს სიმღერაც 80-იანების სტილს გაგახსენებთ. Somebody Else Now უფრო რითმული და წყნარია, ვიდრე კრებულის სხვა სიმღერები, მაგრამ ეს ნაკლზე მეტად დადებით მხარედ უნდა ჩავთვალოთ – ფრეირი საკუთარ მრავალფეროვნებას EP-ში იდეალურად წარმოაჩენს. კრებულის უკანასკნელ ორიგინალურ ტრეკში დადის პარტნიორობას ისლანდიელი მომღერალი ÁSDÍS უწევს. სიმღერის ვოკალური ნაწილის უმეტესობაც ამ უკანასკნელს ეკუთვნის, თუმცა ინსტრუმენტალური ნაწილი ვოკალურზე ბევრად უფრო შთამბეჭდავია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ხუთივე ტრეკში ფრეირი კარგად წარმოაჩენს საკუთარი ხმის დიაპაზონს.

ერთადერთი ნაკლებად შთამბეჭდავი ტრეკი ალბომში “10 Years”-ის რემიქსია, რომელიც არა თავად დადის, არამედ დუეტ Chromeo-ს ეკუთვნის. რემიქსი, თითქოს, არასაჭირო ინსტრუმენტებსა და აქცენტებს უმატებს სიმღერას და 80-იანების ბუნებრივობას უკარგავს. რემიქსი ხელოვნურად ცდილობს სიმღერა დისკოს ჟანრს უფრო მიუხალოვოს, მაგრამ წარუმატებლად. ამის მიუხედავად, ეს, დადიზე მეტად, კანადური დუეტის დანაშაულად უნდა ჩავთვალოთ.

თამუნა კირკიტაძე – 11/12

ისლანდიელი მუსიკოსის, დადი ფრეირის ,,Welcome” სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. იგი მსმენელს დიდ სიამოვნებას, მუსიკალურ სამყაროში მოგზაურობას და უამრავ ემოციას ჰპირდება. რაც შეეხება თავად მუსიკოსს, ეს მისი პირველი ნამუშევარი არ არის – ის საზოგადოებამ დიდი ხანია გაიცნო და შეიყვარა. განსაკუთრებული პოპულარობა მან ბოლო წლებში მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის კარიერაზე პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ეს კრებულიც სწორედ პანდემიით გამოწვეულ რთულ პერიოდში გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ  EP-ში  მხოლოდ 6 ტრეკი შედის, რომელთაგან რამდენიმე სიმღერა ძველია და უკვე დიდი მოწონებითაც სარგებლობს. ყოველ მათგანში ერთნაირად საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც ვოკალური, ისე ინსტრუმენტალური მხარე, რადგან ყველა ნოტს თუ სიტყვას დიდი დატვირთვა აქვს. მოსმენისას შესაძლოა რამდენჯერმეც კი შეგვეცვალოს ხასიათი, ვიგრძნოთ სიხარული, აღელვება, გაოცება. შეუძლებელია ამ საოცარი მუხტის მქონე სიმღერებმა ცეკვის განწყობაზე არ დაგვაყენოს. ექვსივე ტრეკი მნიშვნელოვანი და გამორჩეულია. განსაკუთრებულია სიმღერა ,,Think About Things”,  რომელიც გასულ წელს ჩაიწერა და რომლის წყალობითაც მომღერალი ონლაინ-სენსაციად იქცა. ამ სიმღერის მხიარულმა ვიდეორგოლმა კიდევ უფრო გაზარდა მსმენელთა რიცხვი.

საინტერესო შინაარსი აქვს ტრეკს ,,10 Years”. სიმღერის ვიდეოკლიპში მონსტრის წინააღმდეგ ბრძოლის კადრებთან ლამაზი, რიტმული მუსიკა და ტექსტია შერწყმული. სიმღერა იმდენად დინამიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვნახავთ თუ არა მის ვიდეოს, მოსმენისას ჩვენს თვალწინ მაინც გაცოცხლდება კადრები. თითქოს, რაც გვესმის, ყველაფერს ვხედავთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ,,Welcome” -ში შედის ამ ტრეკის ახალი ვერსია, რომელიც ორიგინალზე არანაკლებ ხარისხიანი და სასიამოვნოდ მოსასმენია. განსაკუთრებულ ემოციას იწვევს დანარჩენ ხუთთან შედარებით ნაზი  ,,Somebody Else Now”, რომელსაც მომღერლის განსხვავებული ხმა კიდევ უფრო სპეციფიკურს ხდის.

საბოლოოდ, ,,Welcome” ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მისი მეშვეობით უკეთ გაიცნობთ მომღერლის შესაძლებლობებსა და ხასიათს.  სამყარო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, რაც დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. ამ რთულ ვითარებაში  ასეთი სასიამოვნო, დადებითი, ენერგიული და ლამაზი სიმღერების მოსმენა აგიმაღლებთ განწყობას და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

საბოლოო შეფასება – 11/12