ქალი ფანჯარაში – Netflix-ის ფსიქოლოგიური თრილერი კრიტიკოსებმა დაიწუნეს

ფილმი “ქალი ფანჯარაში”, რომლის რეჟისორიც ჯო რაიტია, ეფუძნება 2018 წელს გამოსულ ეი ჯეი ფინის იმავე სახელწოდების ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად რომანს.

მთავარი როლის შემსრულებელი ემი ადამსი აგორაფობიით დაავადებული ფსიქოლოგის, ენ ფოქსის როლში გვევლინება, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს პოლიცია და მეზობლები, რომ იგი საკუთარი სახლის ფანჯრიდან მომხდარი მკვლელობის მოწმე გახლავთ. ემი ადამსის გარდა, მხატვრულ ფილმში იხილავთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც გერი ოლდმანი, ჯულიანა მური და ენტონი მაკი არიან.

თავდაპირველად, 20th Century Fox-ის მიერ გადაღებული ფილმი კინო-ეკრანებზე 2019 წლის ოქტომბერში გამოვიდა, მაგრამ მაყურებლის უარყოფითი რეაქციის გამო ფილმზე ხელახალი მუშაობა დაიწყო. მოგვიანებით, პანდემიის გამო გამოსვლის თარიღმა გადაიწია და უკვე Netflix-ის ავტორობით, 2021 წლის 14 მაისს ფილმის განახლებული ვერსიის პრემიერა დიდ ეკრანებზე შედგა. საინტერესოა, ღირდა თუ არა ლოდინად? თუ კინო-კრიტიკოსების მოსაზრებებს დავუჯერებთ, რთული გახდება ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა.

„ემი ადამსის მორიგი უხარისხოდ შესრულებული როლი“ – ასე შეაფასა The Guardian-ის ხელოვნების რედაქტორმა, ბენჟამინ ლიმ მთავარი როლის შემსრულებელი და ფილმს მხოლოდ ორი ვარსკვლავი არგუნა. Vanity Fair-ის კრიტიკოსის, რიჩარდ ლოუსანის თქმით, „ფილმი არის ცუდი შესრულების და უფრო ცუდი თხრობის ნაზავი“. Rotten Tomatoes-მა კი თქვა, რომ „ფილმის ყურებისას მაყურებელი ფანჯარაში მდგარ ქალბატონს ფარდას ჩამოაფარებს“. The New Yorker-მაც არ დააყოვნა და ფილმის სცენარი შეაფასა, როგორც „უსარგებლო ნამუშევარი, რომელიც მხოლოდ ვიზუალურადაა კარგი“.

Los Angeles Times: “მხატვრული ფილმი ზედმეტად გადატვირთული და უხარისხო ფსიქო-თრილერია, რომელსაც სურს ჰიჩკოკისეული ეფექტის მიბაძვით გავლენა მოახდინოს მაყურებელზე, თუმცა აშკარაა – არ გამოსდის“.

Little White Lies: “ძალიან მტკივნეულია, როდესაც კინომატოგრაფიული დაპირებები იმედს გიცრუებს. ემი ადამსის პერსონაჟი იმდენად უინტერესოა, რომ მას სექსუალურობის ან კომიკურობის სულ მცირე კვალიც კი არ ემჩნევა”.

Punch Drunk Critics: „რაიტი შეცდომაში შედის, როდესაც ცდილობს ქალის ფანჯარასთან დაყენებით, გვერდით დაუდგეს ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან ჰიჩკოკი და პრემინგერი. წარმატებებს ვუსურვებ მას ამის მიღწევაში, მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჩანს, აშკარად ხაზს უსვამს ფილმის სისუსტეებს, თანაც იმდენად, რომ ხანდახან გასაკვირიც კი ხდება, როგორ შეიძლება ამდენად ვერ შეასრულო დაპირება”.

ასეთი შეფასებების ფონზე, რთულია მას სერიოზული ფსიქოლოგიური დრამა უწოდო. ფილმის სცენარისტმა, ტრეისი ლეტსმა, The Playlist-თან ინტერვიუში თქვა: „სცენარზე მუშაობა საკმაოდ დამღლელი იყო. იმაზე გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა მომიწია, ვიდრე ველოდი“. მიუხედავად უარყოფითი შეფასებებისა, ზოგიერთი კრიტიკოსი ფილმზე მომუშავე კოლექტივის მონდომებას მაინც არ ივიწყებს და ფილმს დადებითად აფასებს.

Time: “რაიტი ფილმს აქცევს თანამედროვე გოთიკურ შეპყრობილობის ამბად, მოსალოდნელ სიგიჟედ, ისეთივე ფარულს და მსხვრევადს, როგორც ფანჯრის მინას. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი დამახინჯებულია, კინო-სურათი მაინც სასიამოვნო სანახავია“.

The Jewish Chronicle: “ფილმი უკეთ დასანახია თუ ვინმე შეხედავს მას, როგორც ჰიჩკოკის იმიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს დახვეწილობა აკლია, ემი ადამსის ეკრანული ეფექტის წყალობით, ის მაინც ახერხებს მაყურებლის მოხიბვლას“.

Vulture: “ფილმის ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ იგი დაკომპლექტებულია მაღალი დონის მსახიობებით და რაც არ უნდა იყოს, მათი შესრულების ყურება სასიამოვნოა“.

ამ ყველაფერის მიუხედავად, ფაქტია, რომ ფილმის აღწერა საკმაოდ დამაინტრიგებელია – სასტიკი დანაშაულის ხილვის შემდეგ მთავარი პერსონაჟისთვის ახალი საიდუმლოებები იჩენს თავს და ამ მომენტიდან უკვე არავინ და აღარაფერია ისეთი, როგორიც აქამდე ერთი შეხედვით ჩანდა. ამიტომ, გირჩევთ, გამონახოთ თქვენი დროის სულ რაღაც ორი საათი, ჩაუსხდეთ Netflix-ის ახალ ნამუშევარს და თავად გადაწყვიტოთ, ღირდა თუ არა ლოდინად.