HBO “კირკეს” მინისერიალად გააცოცხლებს

წელს HBO მაყურებელს ბერძნული მითოლოგიური სამყაროს ეკრანებზე გაცოცხლებასა და ახალ ეპიკურ თავგადასავალს ჰპირდება. მადელინ მილერის 2018 წელს შექმნილი ბესტსელერი – „კირკე“, რომელიც ჰელიოსის გრძნეული ქალიშვილის ისტორიას მოგვითხრობს, HBO Max-ზე რვა ეპიზოდიან მინისერიალად ადაპტირდება.

ანტიკურ წყაროებში კირკეს ისტორიას დიდი ადგილი არ ეთმობა. მასზე ძირითად ინფორმაციას „ოდისეადან“ ვიღებთ, სადაც იგი აღწერილია, როგორც მშვენიერი, გრძნეული ქალღმერთი აიას კუნძულიდან, რომელთანაც შინისაკენ მიმავალი ოდისევსი საკუთარი ნებით ატარებს მთელ წელიწადს. ქართველებისთვის კირკე განსაკუთრებით ახლობელი პერსონაჟია, ვინაიდან იგი კოლხეთის მეფის, აიეტის დაა. მადელინ მილერი კირკეს პერსპექტივას თავად ქმნის. ესაა ნიმფა, მცირე ღმერთი, უამრავი სისუსტით, ნაკლითა და სიმახინჯით, რომელიც საკუთარი ადამიანურობით ღმერთების სიძულვილს იმსახურებს, თუმცა უდავოდ ხდება მკითხველის აღტაცებისა და სიყვარულის ობიექტი.

Circe
John William Waterhouse – Circe Offering the Cup to Ulysses

მადელინ მილერი 42 წლის ამერიკელი ავტორია. იგი ასწავლიდა ბერძნულსა და ლათინურს, პარალელურად კი ათი წლის განმავლობაში ქმნიდა თავის პირველ რომანს – „აქილევსის სიმღერას“, რომელიც ბრიტანული ლიტერატურული პრემიის – Orange Prize For Fiction-ის ლაურეატი გახდა. რომანი აქილევსისა და პატროკლეს სიყვარულზე მოგვითხრობს.

madeline-miller
Photo by Nina Subin

რაც შეეხება „კირკეს“ ეკრანიზაციას, მასზე უფლებები HBO-მ ჯერ კიდევ 2018 წელს საკმაოდ კონკურენტულ პირობებში შეიძინა. მისი ნახვა ახალ პლატფორმაზე, HBO Max-ზე, იქნება შესაძლებელი. მინისერიალის სცენარისტები, ამანდა სილვერი და რიკ ჯაფა, ცნობილი არიან „მაიმუნების პლანეტის“ ტრილოგიის “რიმეიქით”, რომელმაც, დიდ კომერციულ წარმატებასთან ერთად, კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.

Amanda Silver & Rick Jaffa Talk Jurassic World
source: https://www.jurassicworlduniverse.com/

„კირკეს“ ეკრანიზაცია სავსე იქნება HBO-სთვის დამახასიათებელი ულამაზესი ხედებითა და მითიური არსებებით. HBO Max-ის წარმომადგენელი სარა ობრი ამბობს: “კირკე” მძვინვარე ქალის პერსპექტივიდან გვიყვება  ეპიკურ ისტორიას სიყვარულზე, დანაკარგზე, ტრაგედიასა და უკვდავთა ომზე. დიდი ხანია რიკისა და ამანდას შემოქმედების დიდი გულშემატკივარი ვარ. აღმაფრთოვანებს, თუ როგორ შეუძლიათ ერთდროულად შექმნან ეპიკური, გამოგონილი სამყაროები და ასეთი ემოციური და დინამიკური პერსონაჟები.” ჩვენთვის ჯერ შემოქმედებითი ჯგუფის სრული შემადგენლობა ცნობილი არ არის, მაგრამ ობრის თქმით, სერიალზე ნამდვილად საოცნებო გუნდი მუშაობს.