ცუკიოკა იოშიტოში – გრავიურაში გაცოცხლებული იაპონური ლეგენდები

უკიო-ე (浮世絵 – ukiyo-e – მცურავი სამყაროს ნახატები) იაპონური გრავიურის ბეჭვდის მიმდინარეობაა, რომელიც ტექსტის ხეზე ბეჭვდის საუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება და წარმოადგენს ფერად ნახატს, რომლის თემატიკა მოიცავს, როგორც ურბანული ცხოვრების გამომხატველ სცენებსა და პეიზაჟებს, ასევე იაპონური მითოლოგიისა და ლიტერატურის პასაჟებს. უკიო-ე მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ მისი სტილისტური კომპოზიციები თუ ფერთა გამოყენების ტექნიკები ვინსენტ ვან გოგისთვის, მერი კესატისთვისა და ედგარ დეგასთვის მრავალი ნამუშევრის შთაგონების წყარო გახდა.

ცუკიოკა იოშიტოში (月岡芳年, 1839-1892) უკიო-ეს ერთ-ერთ უკანასკნელ ოსტატად არის მიჩნეული. იოშიტოშის ორ სრულიად განსხვავებულ ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა – იაპონიის ფეოდალური წყობის უკანასკნელ და თანამედროვე იაპონიის პირველ წლებში, რაც ნათლად ჩანს ნამუშევრების სტილისა და თემატიკის ცვლილებაში. ცუკიოკა ინტერესდებოდა დასავლური ხელოვნებით და საკუთარ გრავიურებშიც შეჰქონდა ეს ინოვაციები, მაგრამ დროსთან ერთად მას შფოთვები გაუჩნდა, რომ იაპონური ტრადიციები ნელ-ნელა საკუთარ როლს კარგავდნენ – იაპონიაში ფეხს იკიდებდა ფოტოგრაფია და ლითოგრაფია, რის გამოც უკიო-ე აღარ იყო მოთხოვნადი. მიუხედავად იმისა, რომ, მისი მოღვაწეობის პერიოდში, მოსახლეობის მხრიდან აღარ ჩანდა განსაკუთრებული ინტერესი, იოშიტოშიმ სიცოცხლის მანძილზე ათი ათასამდე გრავიურა შექმნა, რომელთა შორისაც კონკრეტულ თემატიკაზე შექმნილი პრინტების სერიებიც არსებობს და ძირითადად ეფუძნება იაპონიისა და ჩინეთის ისტორიას, ლიტერატურასა და ლეგენდებს. მათგან მნიშვნელოვანია იოშიტოშის უკანასკნელი გრავიურების სერია „მოჩვენებების 36 ახალი ფორმა“, რომლის შექმნის დროსაც ხელოვანის ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა.

https://ccdl.claremont.edu/digital/collection/cyw/id/322
The Fox-Woman Kuzunoha leaving her child

მოცემული გრავიურა გვიჩვენებს იაპონური მითოლოგიის გმირ მელიას, სახელად კუძუნოჰას, რომელიც საკუთარ შვილს სამუდამოდ ტოვებს. ნამუშევარში გათვალისწინებული მცირე დეტალები კიდევ ერთხელ გვახსენებს იოშიტოშის ოსტატობას – საინტერესოა კიმონოს ორნამენტები, სივრცის გადანაწილება, მელიის ჩრდილის სიმკვეთრის თანდათანობითი კლება.

კუძუნოჰას ამბის მრავალი ვარიაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გავრცელებული შემდეგი  ლეგენდაა: დაახლოებით მეათე საუკუნეში არსებობდა დიდგვაროვანი აბე ნო იასუნა, რომელსაც საკუთარი ოჯახის სიძლიერის აღდგენა სურდა. ამისთვის კი ხშირად იძუმის პროვინციაში, შინოდას ტაძარში სალოცავად დადიოდა. ერთ დღეს შინოდას ტაძრისკენ მიმავალს შეშინებული თეთრი მელია შეხვედრია, რომელიც მონადირისგან თავის დაღწევას ცდილობდა. იასუნა ცხოველს გაქცევაში დაეხმარა, მაგრამ მონადირემ დიდგვაროვანს ნადავლის წართმევა ვერ აპატია და ჩხუბის დროს იასუნა სასიკვდილოდ დაჭრა. მოულოდნელად, ტყიდან ლამაზი ქალი გამოსულა, სახელად კუძუნოჰა, რომელიც დიდგვაროვანს გამოჯანმრთელებაში დაეხმარა. იასუნას ქალი შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. მათ ბიჭი გაუჩნდათ და ბედნიერად ცხოვრობდნენ იქამდე, სანამ ბიჭი არ წამოიზარდა და დედის მეორე ბუნების შემჩნევა არ დაიწყო – დედის სახე სარკეში ყურებისას და ძილის დროს წამიერად მელიად იქცეოდა. ვინაიდან კუძუნჰას საიდუმლო ნაწილობრივ გამჟღავნდა, ქალს შეეშინდა რომ მეუღლე მას ვერ გაუგებდა და ამიტომ ოჯახის დატოვება გადაწყვიტა. წასვლამდე კი მცირე წერილი დაწერა – თუ გიყვარვარ შინოდას ტაძარში მიპოვი. იასუნა შვილთან ერთად ტაძარს ესტუმრა და შეხვდა ცოლს, რომელიც უკვე მელიის ფორმაში იყო განსხეულებული. კუძუნოჰამ ოჯახს საჩუქრები გადასცა და ადამიანთა სამყარო სამუდამოდ დატოვა.

The Death Stone of Nasu Moor

ზემოხსენებული გრავიურის სერიაში ეს მეორე პრინტია სადაც მელიის სულს, ე.წ. კიცუნეს ვხვდებით, მაგრამ წინა ნამუშევრისგან განსხვავებით, მელია ადამიანის ფორმაში გვევლინება. გრავიურას სიკვდილის ქვა ეწოდება და მოგვითხრობს შემდეგ ლეგენდას – მეთორმეტე საუკუნეში, იმპერატორ კონოეს კარზე იზრდებოდა მოსამსახურე ტამამო ნო მაე, რომლის სილამაზითა და ჭკუით გამოირჩეოდა. არ არსებობდა კითხვა, რომელზეც პასუხი არ ექნებოდა. სწორედ ამიტომ, იმპერატორი გოგონას გვერდიდან არ იშორებდა. ერთ დღეს იმპერატორის ჯანმრთელობა მოულოდნელად დამძიმდა და მიუხედავად ბევრი ლოცვისა და მკურნალობისა, კონოეს არაფერი შველოდა. საიმპერატორო ექიმბაშის აზრით, ავადმყოფობას არა რაიმე დაავადება, არამედ რაღაც მაგიური ძალა იწვევდა. მისი ეჭვები მაშინ გამძაფრდა, როდესაც სრულ სიბნელეში იმპერატორის გვერდით მჯდომი გოგონასგან სინათლის სხივების გამონათება შენიშნა. ექიმბაშმა საკუთარი ეჭვების დასამტკიცებლად ტამამო ტაძარში სალოცავად მიიწვია, რაზეც გოგონამ უარი მრავალჯერ განაცხადა. ერთ დღესაც ექიმბაშმა მოახერხა გოგონას ტაძარამდე მიყვანა, სადაც ტამამო ნო მაე ოქროსფერბეწვიან ცხრაკუდიან მელიად გადაიქცა და თავის დაღწევის მიზნით ცაში აიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მელიის სული იმპერატორს სიზმარში გამოეცხადა და პატიება სთხოვა, კონოემ საუკეთესო მეომრები შეკრიბა და ტამამოს მოსაკლავად გაგზავნა. მომდევნო დღეს ტამამო ისრით მოკლეს, ხოლო მისი სული ქვაში ჩასახლდა, რომელიც დღემდე „სიკვდილის ქვად“ მოიხსენიება – ლეგენდის მიხედვით, ქვისთვის შეხედვა საშიშია, შეხება კი ფატალურად მთავრდება. მაგრამ მელიის ეს წყევლა მაშინ გაქრა, როდესაც ბუდისტმა ბერმა სპეციალური რიტუალით ტამამოს სული ქვიდან გამოათავისუფლა და მელიამ ადამიანთა სამყარო დატოვა. საინტერესოა, რომ ცხრაკუდიან მელიას მიაწერენ ათასამდე კაცის მკვლელობას, ჩინეთში შანის იმპერიის დაცემას და სხვა მრავალ ისტორიულ უბედურებას.

https://ccdl.claremont.edu/digital/collection/cyw/id/311
Kiyohime changing into a serpent at the Hidaka River

იოშიტოშის ამ  გრავიურათა სერიაში საინტერესოა კიოჰიმეს ლეგენდაც – ასკეტური ტაძრისკენ მიმავალ გზაზე კიოჰიმეს ოჯახს პატარა სასტუმრო ჰქონდა, სადაც მოგზაური ბერები ხშირად ჩერდებოდნენ. ერთ დღეს კიოჰიმეს ოჯახს ბერი, სახელად ანჩინი ესტუმრა. ლეგენდის ყველაზე ცნობილი ვერსიის მიხედვით, ანჩინს კიოჰიმე ძლიერ შეუყვარდა, მაგრამ დროსთან ერთად გაახსენდა რომ ის ასკეტური ცხოვრებისკენ ილტვოდა და კიოჰიმე მიატოვა. ქალი ბერის წასვლამ განარისხა და უკან გაჰყვა. კიოჰიმე ბერს ჰიდაკას მდინარესთან წამოეწია, მაგრამ ანჩინმა უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა და ქალს ნავში ჩაჯდომის უფლებაც არ მისცა. კიოჰიმე სიბრაზისგან დიდ გველად გადაიქცა. შეშინებული ანჩინი გველს გაექცა და ერთ-ერთ ბუდისტურ ტაძარში, ბერების დახმარებით, დიდ ზარში დაიმალა. მაგრამ გველმა მიაგნო ანჩინის სამალავს და ზარს გარშემო შემოეხვია. ლეგენდის თანახმად, უშველებელი გველი ზარს ხმამაღლა რეკავდა, მაგრამ ანჩინი რომ ვერ გამოიტყუა, ზარი ცეცხლის ალში გაახვია და ორივე ცოცხლად დაიწვა.

რაც შეეხება იოშიტოშის ნამუშევარს – კიოჰიმე მდინარის პირასაა, მის სიბრაზეზე თმაზე მოჭერილი ხელები და სხეულის მოხრილი მდომარეობა მეტყველებს. კიმონოს ორნამენტები კი ერთგვარი მინიშნებაა გველის კანზე; ალუბლის ყვავილები სიცოცხლის ხანმოკლე ბუნებას გვახსენებენ და მოსალოდნელ სიკვდილს წინასწარმეტყველებენ.

ცუკიოკა იოშიტოში გვიცოცხლებს ლეგენდის გარდამტეხ მომენტებს, დეტალების განაწილებით კი გვავიწყებს, რომ ნამუშევარი გრავიურას წარმოადგენს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იოშიტოშის თვალთახედვამ, ოსტატობამ და მცირე ინოვაციებმა უკიო-ეს ახალი სიცოცხლე აჩუქა, რითაც ხალხს მისი დავიწყების უფლება არ მისცა.