პორტრეტის ფოტოგრაფი – ენი ლეიბოვიცი

ჩემს ფოტოებზე ხედავთ, რომ არ მეშინია იმ ადამიანების სიყვარულის, ვისაც ვუღებ,” – ამბობს ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი. ხელოვანები ერთხმად თანხმდებიან, რომ პერსონაჟის შექმნას ან წარმოსახვითი ადამიანის პორტრეტის ტილოზე გადმოტანას მათთან მუდმივი კომუნიკაცია სჭირდება. ლეიბოვიცი პირიქითაა, გულისწყვეტასა და იმედგაცრუებას ვერ მალავს, როდესაც ამბობს, რომ მას მოდელთან ლაპარაკი არ შეუძლია, თემას ეძებს, თუმცა ვერ პოულობს. მოდელთან საუბრის უნარს მოკლებულ “პორტრეტის ფოტოგრაფს” გადასაღებ მოედანზე, ერთი კამერით, საოცარი ტექნიკითა და პროფესიონალური ხედვით საუკეთესოდ შეუძლია წამის საოცარ ფოტო-პორტრეტად ქცევა. როგორც თავად აღნიშნავს, მას სულიერი სამყაროს ჩვენება არ ეხერხება, იგი მხოლოდ იმას გვაჩვენებს, რაც ზედაპირზეა. 

 

ერთობიექტივიანი რეფლექსური კამერითა და უამრავი შავ-თეთრი ფირით დაწყებულმა შემოქმედებითმა კარიერამ XX-XXI საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ფიგურები დაიტია. გასული საუკუნის ავანგარდისტულმა ცხოვრებამ იმდროისათვის ახალბედა ფოტოგრაფის შემოქმედებაშიც გაიკვლია გზა. ენი ლეიბოვიცის ფოტოებში ენდი უორჰოლს, ჯონ ლენონს, იოკო ონოსა და The Rolling Stones-ის მთლიან შემადგენლობას შევხვდებით. დროის განმავლობაში ინტელექტუალური წრის წარმომადგენელთათვის მთავარ ოცნებად ენი ლეიბოვიცის ფოტოობიექტივში მოხვედრა იქცა.

ქალის ხელწერა მარტივი ამოსაცნობია: პორტრეტების დრამატულობითა და მკაფიო, კარგად განათებული ფოტოებით მაშინვე აშკარა ხდება ფოტოგრაფის ვინაობა. ლეიბოვიცი ცდილობს გადასაღებ მოედანზე მაქსიმალურად აითვისოს ბუნებრივი სინათლე. იგი იყენებს ატმოსფერულ სინათლეს და საგანს მცირე საკვანძო შუქს უმატებს. ბუნებრივი სინათლის გამოყენება ფოტოგრაფს დეტალებისა და საგნების მახასიათებლების უკეთ გამოკვეთაში ეხმარება.


20 წლის სტუდენტი, რომელსაც ხელოვნების მასწავლებლობა სურდა, ჟურნალ Rolling Stone-ის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, ჯენ ვენერს შეხვდა. ლეიბოვიცის ფოტოებით მოხიბლულმა ვენერმა ფოტოგრაფს პირველ დავალები მისცა. ამ დავალების წარმატებით შესრულების შემდგომ კი ლეიბოვიცი რამდენიმე წელში ჟურნალის მთავარი ფოტოგრაფი გახდა. ლეიბოვიცის Rolling Stone-ში  მუშაობის დროს ჟურნალი მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. სწორედ აქედან იწყება მსოფლიოს ვარსკვლავებთან ფოტოგრაფის მუშაობაც.

1975 წელს მუსიკალურმა ჯგუფმა The Rolling Stones ამერიკული ტურნე მოაწყო, მათი ოფიციალური ფოტოგრაფი ენი ლეიბოვიცი იყო. ლეიბოვიცის დაქირავება  თავად მიკ ჯაგერის იდეა ყოფილა. “მიკმა მთხოვა, რომ მათი კარტიე-ბრესონი ვყოფილიყავი. ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა,” – ასე იხსენებს ქალი The Rolling Stones-თან უშაობის პირველ ეტაპს. ხოლო, ტურნედან საუკეთესოდ ლიფტში გადაღებულ მიკ ჯაგერის ფოტოს ასახელებს. 

 

ალაბათ, ჩახუტებული ჯონ ლენონი და იოკო ონოს აღბეჭდვა ლეიბოვიცის შემოქმედებითი კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ფოტოგრაფს ჯონ ლენონთან მუშაობის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. 1980 წელს მუსიკოსი ლეიბოვიცმა ალბომ Double Fantasy-სთან დაკავშირებით გადაიღო, თუმცა მუშაობის პროცესი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. ჯონ ლენონმა დაჟინებით მოითხოვა, ფოტო იოკო ონოსთან ერთად გადაეღოთ, რაც ფოტოგრაფის ჩანაფიქრი არ იყო. როგორც ენი ლეიბოვიცი ყვება, საკუთარ საქმეს ასრულებდა, მუშაობდა, ორივეს მითითებებს აძლევდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ყოფილიყო ან რა იქნებოდა საბოლოო შედეგი. ფოტოგრაფი იმასაც იხსენებს, რომ იოკო ონო ცივი ქალი იყო და ამის დაფარვას არც ცდილობდა, მან ტანისსამოსის გახდაზე უარი თქვა, რამაც სრულიად შეცვალა ჩანაფიქრი.

მაშინ, როდესაც სამივე პოლაროიდით გადაღებულ ფოტოს დასცქეროდნენ, ფოტოგრაფისათვის ჯონ ლენონს უთქვამს: “დამპირდი, რომ ეს გარეკანზე იქნება…” ასე გადაიღო ჯონ ლენონის უკანასკნელი ფოტო ენი ლეიბოვიცმა. გადაღების დასრულებიდან ხუთ საათში მუსიკოსი მოკლეს. თუმცა, მისი სურვილისამებრ, ფოტო Rolling Stone-ის გარეკანზე მოხვდა და 2005 წელს ბოლო ოთხი დეკადის ჟურნალის საუკეთესო გარეკნადაც დასახელდა. 

ენი ლეიბოვიცი გასული საუკუნის მიწურულიდან ამერიკელ მწერალ, სიუზენ სონტაგთან ერთად მუშაობდა პროექსტზე “Women”. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ამერიკელი ქალების პორტრეტებს. ეს ქალები არიან კინოვარსკვლავები, მოცეკვავეები, მაღაროელები, მოსამართლეები… წიგნად გამოცემულ ფოტოკრებულს კი ამერიკელი მწერლის ესეები ახლავს. სიუზენ სონტაგი, ლეიბოვიცის გულითადი მეგობარი და კარგი კომპანიონი, 2004 წელს გარდაიცვალა, თუმცა ლეიბოვიცმა პროექტზე მუშაობა გააგრძელა. The New York Times-ის შეფასებით “ქალების” პროექტი არასდროს დასრულდება”.