კინცუგი – კერამიკის აღდგენის იაპონური ხელოვნება

კინცუგი (金継ぎ – kintsugi) დამსხვრეული კერამიკის აღდგენის ხელოვნებაა, სადაც ბზარებს ოქროთი ან ვერცხლით აფორმებენ და ნივთს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან. კინცუგი შეიძლება აღმოსავლურ ფილოსოფიადაც მივიჩნიოთ, რადგან არასრულყოფილებაში სილამაზის პოვნის იდეას ეფუძნება და გვასწავლის, რომ ნაკლი შეიძლება რაღაც ახალის დაბადების წყარო გახდეს.

დამსხვრეულ ჭურჭელს ჯერ ხის ფისით აწებებენ, ხოლო შემდეგ გამთელებულ ნაკეთობას ძვირფასი მეტალის ფხვნილით ფარავენ. კერამიკის აღდგენის პროცესმა შეიძლება სამ თვემდეც გასტანოს, რადგან ფისი უნდა გაშრეს და გამყარდეს სანამ აღდგენილ ბზარებზე ოქროს ან ვერცხლის დატანა გახდება შესაძლებელი. შესაბამისად, ეს ხელოვნება დიდ მოთმინებას მოითხოვს და ამ პროცესში ცხოვრების გადაფასებასაც გვასწავლის. კინცუგის ოსტატი ჰიროკი კიოკავა აღნიშნავს, რომ კინცუგიმ მოთმინებასთან ერთად საკუთარი თავის აღდგენის გზაც ასწავლა. მისი აზრით, ჩვენი ცხოვრებისეული ტკივილი არასდროს უნდა დავმალოთ, რადგან ამ ყველაფრის გამოხატვა თავიდან დაბადების საშუალებას მოგვცემს და გაგვაძლიერებს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე – ფიზიკურად.

კინცუგის მთავარი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ არ მალავს ნაკლს და არ ცდილობს ის შეუმჩნეველი გახადოს. კინცუგი გვანახებს, რომ სწორედ ეს ბზარები ანიჭებს კერამიკას სილამაზესა და მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება ცხოვრებისეულ მეტაფორადაც აღვიქვათ – არავინ და არაფერი არ შეიძლება იყოს ბოლომდე განადგურებული, რადგან ყოველთვის შეიძლება გამთლიანება, რაც მას მეტ უნიკალურობასა და სიძლიერეს მატებს.

საინტერესოა, რომ იაპონიაში ქართული ღვინის კულტურის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 300 წლიანი ქვევრი, რომელიც კინცუგის დახმარებით გაამთლიანეს. ამ პროექტის უკან მნიშვნელოვანი იდეა იმალება – ქვევრი საქართველოს სიმბოლოა და მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ის ყოველთვის შეძლებს აღდგენას.