ურთიერთობა, როგორც მოგების გაცვლა

სოციალურ მეცნიერებებში, მათ შორის, სოციალურ ფსიქოლოგიაში, ურთიერთობის ბუნებისა და არსის განსახილველად ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეორიულ ჩარჩოს სოციალური გაცვლის თეორია წარმოადგენს. ამ თეორიის თანახმად, სოციალური ქცევა არის გაცვლის პროცესის შედეგი, რომლიც მიზანიც ჯილდოს გაზრდა და დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანაა. სოციოლოგ ჯორჯ ჰომანსის, ისევე როგორც, ტიბაუტისა და კელის მიხედვით, ადამიანები რაციონალურად აწონ-დაწონიან სარგებელსა და დანაკარგებს და ამის შედეგად გადაწყვეტენ, ჩადონ თუ არა რესურსი და ძალისხმევა ამ ურთიერთობის გაგრძელებაში.

Edward Hopper | Sheldon Museum of Art
ედუარდ ჰოპერი-,,ოთახი ნიუ-იორკში” (1932)

ჯილდო მოცემულ კონტექსტში არის ის, რასაც ურთიერთობიდან ვიღებთ, იქნება ეს გართობა, სოციალური მხარდაჭერა, გაუმჯობესებული სოციალური სტატუსი, ფინანსური მხარდაჭერა თუ სხვა. ფოამ და ფოამ (1974) გააანალიზეს ის მრავალი სახის ჯილდო, რაც ადამიანებმა შეიძლება ურთიერთობიდან მიიღოს და დაიყვანეს შემდეგ ძირითად ტიპებზე, როგორებიცაა სიყვარული, ფული, სტატუსი, ინფორმაცია, საქონელი და მომსახურება. ეს ჯილდოები ორგვარად შეგვიძლია შევაფასოთ. პირველი დიქოტომიის პოლუსები მოიცავს პარტიკულარისტულ და არაპარტიკულარისტულ მნიშვნელობებს. მაგალითისთვის, სასიყვარულო ურთიერთობაში ის სიყვარული, სითბო, ემოციური მხარდაჭერა და კმაყოფილება არის პარტიკულარისტული ჯილდო, რადგანაც ამ ჯილდოების მნიშვნელობა შედარებითია. ჩვენ მათ ვაფასებთ წყაროზე დაყრდნობით და არა თავისთავად. ჩვენთვის გამოვლენილი მოფერება საყვარელი მამაკაცისგან არის ჯილდო და დადებითი მოვლენა, თუმცაღა თუკი ავტობუსში მოგვეფერება უცხო ადამიანი, საეჭვოა ჩვენი ინტერაქციის ეს კომპონენტი დადებითად აღვიქვათ. განსხვავებით ამისგან, არაპარტიკულარისტული ჯილდოები თავისთავად ატარებენ მნიშვნელობას, მიუხედავად მათი წყაროებისა. ასი ლარი არის ასი ლარი საყვარელი კაცისგანაც და უფროსისგანაც. ჩვენ თუ ქუჩაში ვიპოვით ას ლარიანს, მასაც კვლავ მსგავსი, უცვლელი ღირებულება ექნება. ეს იმიტომ, რომ არაპარტიკულარისტული ჯილდოები უნივერსალურ ხასიათს ატარებს, განსხვავებით პარტიკულარისტული ჯილდოსი, რომელიც უნიკალურია და სხვა წყაროდან ნაკლებ სავარაუდოა, რომ მივიღოთ.

Ivan the Terrible and His Son Ivan - Wikipedia
ილია რეპინი-,,ივანე მრისხანე და მისი შვილი ივანი”(1581)

თუმცაღა, გარდა ჯილდოებისა, არაიდეალისტური, რეალური სახის ურთიერთობები მოიცავს დანახარჯებსაც. ისინი ურთიერთობის უარყოფითი შედეგებია. ჩვენ ურთიერთობის ფარგლებში გვიწევს რაღაცების გაცემა და დაკარგვა, იქნება ეს დრო, ფული, ენერგია თუ ძალისხმევა ურთიერთობის შესანარჩუნებლად. თუკი ჩვენი მეგობარი ყოველთვის თხოულობს ჩვენგან ფულს, ეს ჩვენთვის დანახარჯი იქნება, რომელიც ურთიერთობას კონსისტენტურად ახასიათებს. შესაძლებელია ურთიერთობამ დანახარჯი არაპირდაპირ გამოიწვიოს: მაგალითად, ოჯახის შექმნის შემდეგ ადამიანებს ნაკლებად რჩებათ დრო მეგობრებთან და სხვა ნათესავებთან გასატარებლად, ვინაიდან რესურსები ძირითადად მეუღლესთან ან/და შვილებთან ურთიერთობაში იხარჯება. რამეთუ უმრავლესობისთვის მეგობრებთან შეხვედრა და გართობა დადებითად ფასდება, მათზე მიუწვდომლობა შეიძლება განიცდებოდეს როგორც დანახარჯი.

სოციალური გაცვლის თეორიის თანახმად, ადამიანები რაციონალურად აფასებენ სხვაობას მოგებასა და დანახარჯებს შორის. როდესაც ურთიერთობაში ჯილდო აღემატება დანაკარგებს, ურთიერთობა მომგებიანია, ხოლო როდესაც ჯილდო ნაკლებია დანახარჯებზე, ის წამგებიანად მიიჩნევა და რიგ შემთხვევებში, ურთიერთობის დასრულების მიზეზიც ხდება. თუმცაღა არსებობს სხვა სიტუაციებიც.

Andrew Wyeth 'Marriage' 1993 tempera painting | Andrew wyeth paintings, Andrew wyeth, Andrew wyeth art
ენდრიუ ვაიეტი-,,ქორწინება” (1993)

მილსმა და კლარკმა (1979) გამოყვეს ურთიერთობების ორი ტიპი-გაცვლითი ურთიერთობები და კომუნალური ურთიერთობები. გაცვლით ურთიერთობებში ადამიანები გასცემენ ჯილდოს და ელიან შესატყვისი ჯილდოს მალევე დაბრუნებას. მსგავსი ურთიერთობები გვაკავშირებს უცნობებთან, თანამშრომლებთან ან მათთან, ვისთანაც ზედაპირული ურთიერთობები გაგვაჩნია, ხოლო კომუნალურ ურთიერთობებში გაცემული ჯილდოს ზემოხსენებული ფორმატით დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია. კომუნალურ ურთიერთობებში რეციპროკულობის სისტემა რთულდება. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი შვილების, პარტნიორების, მშობლების ან უახლოესი მეგობრების საჭიროებებზე და გვიჩნდება საერთოობის შეგრძნება. მათთვის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ჩვენთვის თავისთავად კმაყოფილებისა და შესაბამისად, მოგების განცდის მომტანი ხდება.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთიერთობების საწყის ეტაპზე ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამართლიან გაცვლასა და ჯილდოების მეტობას დანახარჯებთან შედარებით: თუკი ნაკლებია ჩვენი მოგება, შესაძლებელია ურთიერთობა შევწყვიტოთ და ის ვერ ჩამოყალიბდეს, ან მყარად ვერ ჩამოყალიბდეს. თუმცაღა ურთიერთობის პროგრესირებასთან ერთად ნაკლებად ხდება ახლობლებისგან მიღებული ჯილდოების ზუსტი კალკულაცია და ჯილდოს მიღების პროცესი უფრო კომპლექსურ და გაზიარებულ სახეს იღებს. უკვე დამყარებული ურთიერთობები სხვისდამი გაცემულ ჯილდოებს ისე აღგვაქმევინებენ, თითქოს პირადად ჩვენ ვრჩებოდეთ ამისგან მოგებული და თუ გავითვალისწინებთ სიყვარულისა და ემოციური მიჯაჭვულობის ბუნებას, ასეც არის: როდესაც ვინმე გვიყვარს, მისი კეთილდღეობა თავისთავად გვაბედნიერებს.

კადრი ვონგ კარ ვაის ფილმიდან ,,2046''
კადრი ვონგ კარ ვაის ფილმიდან ,,2046”