ლი წი ცი – ჩინელი იუთუბერის მაგიური სამყარო

საინტერესოა, თუ როგორ შეიძლება ჩინეთის დიდ ტერიტორიაზე ერთმანეთთან ჰარმონიაში თანაარსებობდეს ტრადიციული და თანამედროვე ღირებულებები. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ინტერნეტსივრცეში ცნობილი ჩინელი იუთუბერი ლი წი ცი (李子柒 – Liziqi), რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიების დახმარებით მთელ მსოფლიოს ჩინურ ტრადიციებს აცნობს და ამით ჩინური კულტურის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.

ლი წი ცი საკუთარი ვიდეოებით ჩინური სოფლის ცხოვრებაში გვამოგზაურებს და გვანახებს, რომ ბუნებაში შეიძლება იპოვო ის მაგიური სამყარო, რომელიც ურბანიზაციის პროცესმა თითქმის მთლიანად გაანადგურა.

ლი წი ცი ნივთების შექმნისას არ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ყველაფერი რასაც ვიდეოებში ვხედავთ ხელნაკეთია. იქნება ეს ავეჯი, კოსმეტიკა, ტანსაცმელი, საღებავები თუ საკვები. შეიძლება ითქვას, რომ ლი თითქმის მთლიანად ჩამოშორებულია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ჩინეთის ერთ პატარა სოფელში საკუთარი სამყარო აქვს შექმნილი.

ვიდეოებში ნათლად ჩანს ნივთების შექმნის ხანგრძლივი პროცესი და შრომის სირთულე, მაგრამ ლი ამ სირთულეს მაყურებლისთვის არაშემაწუხებელს ხდის – ვიდეოებს ფონად დამამშვიდებელი მელოდია გასდევს, საინტერესოა მცენარეების ზრდის პროცესისა და სეზონების ცვლილების აჩქარებული კადრების ხილვა, ბუნებრივი სინათლის გადანაწილება. ეს ყველაფერი ლის მუშაობის პროცესს მაგიურობას სძენს და ალტერნატიულ სამყაროში გვამოგზაურებს.

ლი არ ხსნის თუ რას აკეთებს, ის პროცესს მიყვება და მუშაობას სიჩუმეში ამჯობინებს. ამ დეტალის გამო, ლი წი ცის პოსტ-აპოკალიფტური ნოველის თავდაჯერებულ და დამოუკიდებელ გმირს ადარებენ.

საინტერესოა, რომ ლი წი ცი გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა, როგორც ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ჩინურენოვანი არხის მფლობელი. ამჟამად გამომწერთა რიცხვი 15 მილიონ ადამიანს აჭარბებს.