ნეგატიურის პოზიტიურად გარდაქმნის ხელოვნება – ინტერვიუ თამარ თალი თოიძესთან

თამარ თალი თოიძე ქართველი სკულპტორია, მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ცოტა ხნის წინ პირველი პერსონალური გამოფენაც მოაწყო გარდენია შევარდნაძეზე. მისი სტილიზებული ქანდაკებები საზოგადოებაში ფესვებგადგმულ სტერეოტიპებს უპირისპირდება და როგორც ავტორი ამბობს, საკუთარი ნამუშევრებით ის ნეგატიურს პოზიტიურად გარდაქმნის.

 

Photo credits to Tornike Abashidze

 

მოგვიყევით, როდის დაიწყო თქვენი დაინტერესება ხელოვნების ამ დარგით.

ძიების პროცესში ვიყავი: იქამდე, სანამ ქანდაკებებით დავინტერესდებოდი სხვადასხვა პროფესიებს ვეუფლებოდი, მაგრამ ყოველივე რუტინულ იერს იღებდა ჩემს ცხოვრებაში და იმპულსურად გადავწყვიტე აკადემიაში ჩამებარებინა რომელიმე საინტერესო ფაკულტეტზე, მიზნად ქანდაკებაზე მოხვედრა არ მქონია, რადგან უფრო რთული წარმომედგინა ამ დარგში მოღვაწეობა. როდესაც ჩავირიცხე, მართლაც რომ გაოგნებული ვიყავი, შემდეგ, როდესაც დავიწყე სწავლა, ძალიან მომნუსხა და ჩამითრია… 

 

რა იყო თქვენი შთაგონების წყარო სტილიზებულ ქანდაკებებზე მუშაობისას?

ინსპირაცია, როგორც ასეთი, ვილენდორფის ვენერას სკულპტურა იყო. მისი ხილვისას ფორმები და მოცულობა მძაფრად აღვიქვი და შემდეგ ჩემს სკულპტურებში ჩემებურად გადმოვიტანე. თუმცაღა, იდეური დატვირთვა სრულებით სხვადასხვა აქვთ: ის თუ ნაყოფიერების ქალღმერთს განასახიერებს და კერპთმსახურების მიზნით იქმნებოდა, ჩემი სტილიზირებული ქანდაკება რადიკალურად სხვა ნიშას ატარებს, ეს ე.წ. ნეგატიურის პოზიტიურად გარდაქმნაა – თუ როგორ შეიძლება ნაკლად მიჩნეული ზედმეტი მასა დადებით ჭრილში აღვიქვათ.

ვილენდორფის ვენერა

ზოგადად,რისი თქმა გსურთ საკუთარი შემოქმედებით?

არ ვარ ნეგატივზე ორიენტირებული პიროვნება, ვცდილობ პოზიტიურად აღვიქვა ყველაფერი და არ გავამძაფრო ნეგატივი ნებისმიერ საკითხთან ან მოვლენასთან დაკავშირებით. ეს ჩემს სკულპტურებშიც კარგად ჩანს, თუ დააკვირდებით პოზიტიურ მუხტთან ერთად მელანქოლიაც იგრძნობა, მაგრამ მძაფრად დადებით მუხტზე უფროა გამახვილებული აქცენტი, ვიდრე პირიქით.

 

Photo credits to Tornike Abashidze

 

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა თქვენმა ნამუშევრებმა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქანდაკებების სილაღე სტიმულისმომცემი გახდა, თუმცა ნაწილმა იდეის გამო მაინც გაგაკრიტიკათ. რას ფიქრობთ ამაზე?

დიახ, სწორად აღნიშნეთ, ძალიან ბევრი დადებითი და ბევრად ნაკლები უარყოფითი რეაქცია მივიღე საზოგადოებისგან. ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვითვალისწინებ, მე თვითონ არასდროს მაკმაყოფილებს ხოლმე ჩემი შემოქმედება რაღაც ასპექტებში და ვგონებ, სწორედ ეს ზრდის ყველა ხელოვანს, ისევე როგორც ზოგადად ადამიანს პიროვნულად. თუმცაღა, კომენტარებს როცა დავაკვირდი, მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ხელოვნებასა და ზოგადად კულტურაში ვერ ერკვევიან საკმაოდ უხეში ფორმით გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს, მსგავს ვითარებას ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. ვფიქრობ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ნეგატიურზე ორიენტირების გარდა არ შეუძლიათ ცხოვრება დაჩაგრულები არიან საკუთარი თავისაგან და არ არის საჭირო, მათ ნეგატიურ გამოვლინებებს ნეგატიურითვე პასუხი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უკვე მეორე პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები, სადაც სტილიზებულ ქანდაკებებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები.