ჯული დელფი „Before”-ის სერიის მეოთხე ფილმში არ ითამაშებს

გასულ წელს მსახიობმა ითან ჰოუკმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „Before”-ის ტრილოგიის გაგრძელებას, რიგით მეოთხე ფილმს, რეჟისორ რიჩარდ ლინკლეიტერთან ერთად განიხილავდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ჯული დელფი, რომელიც ჰოუკთან ერთად ტრილოგიაში მთავარ როლს ასრულებს, მომდევნო ნაწილში მონაწილეობას აღარ მიიღებს; ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მსახიობს და ვინ განასახიერებს სელინის პერსონაჟს.

დელფიმ მთავარ მიზეზად კინოინდუსტრიის დატოვების სურვილი დაასახელა. როგორც ფრანგულ გამოცემა Telerama-სთან განაცხადა, ის დაღლილი და იმედგაცრუებულია საკმაოდ ბევრი ჩავარდნილი კინოპროექტით. მიუხედავად მსახიობის გამოურჩეულად ნაყოფიერი კინოკარიერისა – რომელიც მოიცავს 14 წლის ასაკში ჟან-ლიუკ გოდართან თანამშრომლობას, კშიშტოფ კიშლოვსკის მონუმენტური საგის (Three Colors) მეორე ნაწილში (White) თამაშს, “Before”-ის ტრილოგიის ორი ფილმის სცენარისტობასა და, ასევე, სარეჟისორო გამოცდილებას – მან ვერ მოახერხა თავისი ერთ-ერთი პროექტის, “A Dazzling Display of Splendor”-ის ეკრანზე გაცოცხლება. მისივე თქმით, ფილმის სცენარი, რომელიც ძველი ჰოლივუდის პიონერებზე მოგვითხრობს, რამდენიმე წლის წინ დაწერა და  ინგლისელი მსახიობი ემილია კლარკიც დაინტერესდა, თუმცა პროექტი წინ არ მიიწევს. ამ ყველაფერმა 51 წლის მსახიობს კინოინდუსტრიისადმი ნდობა მეტ-ნაკლებად დაუკარგა და გადააწყვეტინა, ბოლომდე ჩამოშორდეს ამ სფეროს.

როდესაც საუბარი კინოინდუსტრისაგან საბოლოო ჩამოშორებაზე დაიწყო, დელფიმ განაცხადა: „ამ თემაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ. წელიწად-ნახევრის წინ კი თითქმის  ჩავიქნიე ხელი. იმ ჯოჯოხეთმა, რომელიც ჩემი პროექტის სისრულეში მოყვანას ხვდა წილად, ძალიან გადამღალა. რიჩარდ ლინკლეიტერს უარი ვუთხარი “Before”-ის მეოთხე ფილმში მონაწილეობაზე, რადგან ვფიქრობ უნივერსიტეტში დაბრუნებას. ასევე, ვფიქრობ, რომ კარგი ექიმი ვიქნებოდი. სამი სიმპტომიც საკმარისია, რომ ადამიანს სწორი დიაგნოზი დავუსვა.“

ითან ჰოუკის თქმით, ტრილოგიას სწორედ იმიტომ მიენიჭა საკულტო სტატუსი, რომ ლინლკეიტერი მასთან და დელფისთან ერთად ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ფილმს იღებდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, სერიის მეოთხე ნაწილის გადაღებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება თუ არა ჯული დელფის გარეშე.