კონფორმულობის კვლევა-სოლომონ ეშის ექსპერიმენტი

კონფორმიზმი სოციალური ქცევის სახეა, რომელიც  საკუთარი ქმედებებისა თუ ატიტუდების სხვების მოსაზრებების შესაბამისად შეცვლის ტენდენციას გულისხმობს. იგი სხვადასხვა მიზეზით აღმოცენდება: ეს შეიძლება იყოს დაურწმუნებლობა საკუთარ პოზიციაში, ზეწოლა ჯგუფის მხრიდან ან უმრავლესობისგან აღიარების დამსახურების სურვილი. კონფორმულობის ფენომენი ფსიქოლოგიურად ორგვარად ხორციელდება: ინტერნალიზაციის გზით, რაც სხვების რწმენების რეალურად მიღებას და გაშიგანებას გულისხმობს ან უბრალოდ გარეგნული შემგუებლობის სახით, როდესაც ადამიანი არ იზიარებს გარშემომყოფთა აზრს, თუმცა მაინც მის მიხედვით იქცევა.

Assassination of Julius Caesar - Wikipedia
უილიამ ჰოლმს სალივანი-,,იულიუს კეისრის მკვლელობა” (1888)

კონფორმიზმს ადამიანების, როგორც სოციალური ბუნების მქონე არსებებისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. კაცობრიობის ცალკეული წარმომადგენლის გადარჩენა იყო და არის დამოკიდებული სხვა ინდივიდებზე, ანთროპოგენურ სისტემებსა თუ სოციალურ ჯგუფზე, რომელსაც ის ეკუთვნის. როგორც თანამედროვე კვლევები ადასტურებენ, სოციალური უარყოფა ისევე რეალურად განიცდება ტვინის მიერ, როგორც ფიზიკური დაზიანებისას მიღებული ტკივილი. ჩვენ დაპროგრამებულები ვართ, ყველაფრის ფასად შევინარჩუნოთ საკუთარი ადგილი გარშემომყოფებს შორის, რისთვისაც ხანდახან ისეთ ხარჯიან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როგორიც ავთენტურობაზე უარის თქმა და სხვებისადმი უსიტყვო მორჩილებაა.

და მაინც, რამდენად დიდი ადგილი უკავია კონფორმიზმს ადამიანების ცხოვრებაში?! სოლომონ ეშმა სცადა პასუხი გაეცა ამ შეკითხვისთვის. გასული საუკუნის 50-იან წლებში მან ჩაატარა კვლევები, სადაც აკვირდებოდა ადამიანების ტენდენციას უგულებელეყოთ რეალობა სხვებთან თანხმობაში ყოფნის სანაცვლოდ.

Solomon Asch (@SoloAsch1907) | Twitter
სოლომონ ეში

ეშმა კვლევის მონაწილეებს ორი ბარათი აჩვენა და სთხოვა, დაესახელებინათ, რომელი ხაზი იყო მეორე სურათიდან პირველ სურათში გამოსახული ხაზის იდენტური. ხუთი ცდისპირიდან ოთხი ცრუ ცდისპირი იყო-მათ მიზანმიმართულად არასწორი პასუხების თქმა დაევალათ, თუმცა მეხუთე მონაწილეს ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მანამ, სანამ ცრუ ცდისპირები სწორ პასუხს ამბობდნენ, ნამდვილი ცდისპირიც უპრობლემოდ აფიქსირებდა სწორ პასუხს, თუმცაღა ბარათების მესამედ ჩვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა-როდესაც პირველი ოთხი მონაწილე არასწორი პასუხის გაცემაზე გადავიდა, ნამდვილი ცდისპირები, მიუხედავად იმისა, რომ ყოყმანობდნენ და სწორი პასუხის თქმა სურდათ, მაინც უმრავლესობის აზრს ახმოვანებდნენ.

Psychology, Social Psychology, Conformity, Compliance, and Obedience | OpenEd CUNY

კვლევის მონაწილეთა 75%-მა ერთხელ მაინც გამოავლინა კონფორმულობა ექსპერიმენტის განმავლობაში. მსგავსმა შედეგებმა ეშის შეშფოთებაც გამოიწვია-იგი სავარაუდოდ არ ელოდა, რომ ადამიანების უმრავლესობას ამ დოზით ექნებოდა შემგუებლობითი ქცევისადმი მიდრეკილება. „ჩვენი შედეგების მიხედვით, საზოგადოებაში კონფორმულობის ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ საღად მოაზროვნე და გონიერი ახალგაზრდები მზად არიან შავს თეთრი დაუძახონ“-აცხადებდა იგი.

თუმცაღა, ეშის დრამატული კვლევების შემდეგ ინდივიდუალიზმის მხარდამჭერთათვის კვლავ რჩება იმედი: მიბაძვისა და მორჩილების ქცევები მნიშვნელოვნად სუსტდება, როდესაც, მაგალითად, ჯგუფში თუნდაც ერთი ადამიანი მაინც არსებობს, ვინც საკუთარი, განსხვავებული აზრის გაჟღერებას ბედავს. პრეცედენტები ხშირად იწვევენ სხვა ადამიანების მოტივირებას, დააფიქსირონ და იბრძოლონ გულწრფელი პოზიციის გამოხატვისთვის. როგორც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში-,,იგი“-არის ასახული, მიუხედავად ინდივიდუალისტური ცხოვრების წესის მქონე პიროვნებათა რთული ხვედრისა, მათი მაგალითი დანარჩენი ადამიანებისთვის ნაბიჯის გადადგმასა და რეპრესიული გარემოს წინააღმდეგ წასვლას ბევრად უფრო აიოლებს.

 

Wanderer Above the Sea of Fog by Caspar David Friedrich Journal: Notebooks, Golding: 9781096495925: Amazon.com: Books
კასპარ დევიდ ფრიდრიხი-,,მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე” (1818)