დღესდღეობით, ვირტუალური სივრცის დახმარებით საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაცია საკმაოდ ადვილია. სწორედ ამგვარი ხერხით ცნობილი გახდა ცინგ ხანი – წარმოშობით ჩინელი, კანადაში მოღვაწე მხატვარი, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემები და მასთან დაკავშირებული ტკივილი ჩანახატებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მხატვარს საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში ოთხჯერ დასჭირდა გულის ოპერაცია, ხოლო 2020 წლის დასაწყისში, 29 წლის ასაკში, ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.
ცინგი ამბობდა, რომ ხელოვნება მას ერთგვარ შვებას ანიჭებდა და ავიწყებდა სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს. მან საკუთარი ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც თავისმხრივ იაპონური ანიმეს სტილით იყო შთაგონებული, მალევე მიიპყრო ინტერნეტსივრცის ყურადღება და მილიონობით ადამიანს გაუზიარა საკუთარი ემოციები, საავადმყოფოში განცდილი შიში, ტკივილი და მარტოობა.
ქვემოთ მოცემული ნამუშევარი აღწერს ცინგის სულიერ და ფიზიკურ ტკივილს. მოცემული ფიგურის შიგნეულობა ცარიელია, გულის ადგილს სისხლისფერი ხაზი იკავებს. ეს ჩანახატი სწორედ იმ დროს იქმნება, როდესაც ხელოვანს გულის მეოთხე ოპერაციის ამბავს ატყობინებენ. ალბათ საკმაოდ ძნელი უნდა იყოს იმის აღქმა, რომ ყოველ წამს შეიძლება მოკვდე, ოცდაათ წლამდე ვერც მიაღწიო და მიუხედავად იმისა, რომ გყავს მილიონობით გულშემატკივარი მაინც მარტო ხარ სამყაროს წინაშე, რადგან შენი ტკივილი მხოლოდ შენ გეკუთვნის. ჰაერში ატყორცნილი ცრემლები, გულის ადგილას გაჭრილი სისხლისფერი სხივი უფრო მეტ დრამატიზმს მატებს ნამუშევარს და მნახველს თანაგრძნობისა და სინანულის გრძნობას უღვიძებს.

ქვემოთ მოცემული ნამუშევრები კვლავ მხატვრის ტკივილს გამოხატავს. ცინგი თითქოს საკუთარმა დემონებმა მოიცვეს და რაღაც მომენტში მთლიანად უნდა შთანთქონ ის. სავარაუდოდ, ამ სიშავეში ცინგი არა მარტო საკუთარ სულიერ ტკივილს გულისხმობდა, არამედ შიშებს სიკვდილზე, რომლის განდევნასაც ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა – ნამუშევრის პერსონაჟი დაძაბულია, რაზეც თავზე შემორტყმული, საავადმყოფოს ნემსებისგან განადგურებული ხელები მეტყველებს; ის ერთგვარად სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზეა, სიშავე/სიკვდილი მის თავზე საღებავივით წვეთავს და სადაცაა სრულიად მოიცავს მის სხეულს. ოქროსფერი ცრემლები მუქ ფონზე საკმაოდ თვალშისაცემია და ერთგვარად მაგიურობის ეფექტსაც სძენს მთლიან ჩანახატს. თითქოს მხატვარი სიცოცხლეს სწორედ ოქროსფრად აღიქვამდა და მისი „გარეთ გამოტანით“, ტირილით, ემშვიდობება მას.

ქვევით მოცემულ ჩანახატებზეც კვლავ ორად გახლეჩილი მკერდია ნაჩვენები. როგორც თავად ცინგი წერდა, ადამიანი სავსეა ვარსკვლავებით; ამ შემთხვევაში, ქალის სხეულიდან ოქროსფერი ვარსკვლავები გამოდიან, რაც კვლავ სიცოცხლის წყაროსგან დაცლაზე მეტყველებს. ამის მიუხედავად, მხატვარი თითქოს ამ ტკივილშიც კი პოულობს რაღაც მაგიურს და სწორედ ამ საოცარი ფერებით გვამოგზაურებს საკუთარ სამყაროში.
მნიშვნელოვანია, ცინგის მომდევნო შემოქმედებაც – გაზრდა. ამ შემთხვევაში, მხატვრის სხეულიდან, ახალი გულიდან ამოსულია მცენარეები, რომლებიც კვლავ ავსებს გოგონას სიცოცხლით, უბრუნებს ძალას და რაღაც პერიოდით სრულფასოვან ადამიანად აქცევს. ცინგი თითქოს თავად არის ხე, ხოლო გული – ნაყოფი, ერთმანეთზე არიან შეზრდილები. ქალის სახე კვლავ ცრემლებით არის სავსე, რაც განკურნებასთან დაკავშირებულ ტკივილთან უნდა ასოცირდებოდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ოქროსფერი არ არის. ეს ყველაფერი კი შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ოქროსფერი შიგთავსი, იგივე სიცოცხლე, ქალში რჩება და მისგან აღარ „გამოედინება“.

მიუხედავად ცინგ ხანის ხანმოკლე ცხოვრებისა, მან მოახერხა და საკუთარი ხატვის სტილითა და ნიჭით უდიდესი ზეგავლენა მოახდინა უამრავ დამწყებ ხელოვანზე. მან ჯანმრთელობის პრობლემა საკუთარ მუზად აქცია და მიუხედავად ფიზიკური თუ სულიერი ტკივილისა, მომაკვდინებელ დაავადებას არ მისცა უფლება მთლიანად გაენადგურებინა მაგიური შინაგანი სამყარო.