ლედი ქეროლაინ ბლექვუდის ცხოვრება და შემოქმედება

„სირინოზი, რომელიც სუნთქვაგამოცლილი მიჯნურების ძვლებით სადილობს.“ – ამ სიტყვებით დაახასიათა პოეტმა რობერტ ლოეუელმა თავისი ცოლი ქეროლაინ ბლექვუდი.

ლედი ქეროლაინ ბლექვუდი მეოცე საუკუნის შუა ხანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანგლოირლანდიელი მწერალია. სიცოცხლის მანძილზე მას იცნობდნენ თავისი ჟურნალისტური კარიერისა და მაღალპროფილური ქორწინებების გამო. თუმცა, 42 წლის ასაკში მან თავისი პირველი რომანი გამოსცა, რომელსაც საზოგადოებაც და კრიტიკოსებიც დადებითად გამოეხმაურნენ. მისმა რომანმა „Great Granny Webster” 1977 წელს ბუკერის პრემიის ნომინაციაც მოიპოვა.

ქეროლაინ ბლექვუდი 1931 წლის 16 ივლისს ლონდონში, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. როგორც მოგვიანებით დაწერილი ბიოგრაფიებიდან ვიგებთ, მისი ბავშვობა ბნელ გოთიკურ რომანს ჰგავდა. ქეროლაინ ბლექვუდი დედის მხრიდან ძალიან დიდი ქონების მემკვიდრე იყო, რის გამოც ბავშვობიდან პრივილეგირებული და მდიდრული ცხოვრება ჰქონდა, თუმცა მისი ბიოგრაფის, ნენსი შოენბერგერის, წყალობით ვიგებთ იმასაც, რომ ბლექვუმა ძალიან მარტოსული ბავშვობა განვლო. მამა ცამეტი წლის ასაკში დაკარგა; დედა კი, თავისი მაღალი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, ქეროლაინთან თითქმის არ ატარებდა დროს. არც ისე სასიამოვნო ოჯახური მდგომარეობისა და დიდი დეპრესიული  მამულის სულისშემხუთველი აურის გამო, ქეროლაინ ბლექვუდმა მშობლიური ირლანდია 18 წლის ასაკში დატოვა და გეზი ლონდონისაკენ აიღო, სადაც მალევე დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობა Picture Post-ში. გარდა ამისა, ის რეგულარულად აქვეყნებდა სტატიებს ბიტნიკებისა და ფემინისტური თეატრის შესახებ Encounter-სა და The London Magazine-ში. მიუხედავად დაკვირვებული თვალისა და შეფარული იუმორისა, მწერალმა კრისტოფერ იშერვუდმა შემდეგნაირად შეაფასა ბლექვუდის ჟურნალისტური უნარები: „მას მხოლოდ ნეგატიურის დანახვა შეუძლია. როდესაც შეფასებაზე მიდგება საქმე, ის თავის თავს ეკითხება: რა აქვს ნაწარმოებს გასაკრიტიკებელი?“

ჟურნალისტობა არასდროს ყოფილა ქეროლაინ ბლექვუდის ოცნება და მოწოდება; ოჯახის შეძლებულობიდან გამომდინარე, არც არასდროს ჰქონია სტაბილური სამსახურის ქონის აუცილებლობა. ზუსტად ამიტომ ის 50-იანებსა და 60-იანებში, ასევე, დაკავებული იყო მოდელობითა და მსახიობობით. ბლექვუდის მთავარი სამსახიობო გამოცდილება იყო ამერიკულ ტელევესტერნ “Have Gun, Will Travel”-ში მონაწილეობა. ის არასდროს ჩერდებოდა ერთ ქალაქში სამუდამოდ და ცხოვრების უდიდესი ნაწილი პარიზის, ნიუ-იორკის, ლონდონისა და ჰოლივუდის ბოჰემურ უბნებს შორის მოგზაურობაში აქვს გატარებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბლექვუდი შემოქმედებითი წერით ახალგაზრდა ასაკში არ იყო დაკავებული, მისივე თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ მწერალი იყო. პირველი რომანი 42 წლის ასაკში იმდროინდელი ქმრის, რობერტ ლოუელის, დიდი მხარდაჭერით დაწერა და მალევე მოიპოვა კრიტიკოსების დაფასება კომპლექსური სიუჟეტის, პერსონაჟების ფსიქოპორტრეტებისა და შავი იუმორისათვის, რომელიც მისი ადრეული ჟურნალისტური ნაწერებისთვისაც დამახასიათებელი იყო.

„ბლექვუდი ქალური სიბრაზის ექსპერტია.“ – ასე დახასიათდა ქეროლაინ ბლექვუდის სადებიუტო რომანი. ეს შეფასება მის მთლიან შემოქმედებაზეც შეიძლება განზოგადდეს, რადგან ბლექვუდი თავის მთავარ იარაღს, შეფარულ და შავ იუმორს, ქალებისა და გოგონების ისტორიების მოსაყოლად იყენებს; ის გვანახებს იმ არც ისე სასაიამოვნო რეალობასა და შოკისმომგვრელ სირთულეებს, რომლების გადალახვაც ქალებს უწევთ. ბლექვუდის შემოქმედების ავტობიოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ მისი პერსონაჟი ქალები, როგორც წესი, არაჯანსაღად მშფოთვარე და ფსიქიკურად გაუწონასწორებლები არიან.

ქეროლაინ ბლექვუდის შემოქმედების მაგნუმ ოპუსად აღიარებული „Great Granny Webster” გოთიკური ნოველაა, რომელიც მცირე დეტალებითა და შეცვლილი სახელებით მოგვითხრობს თავად ავტორის ოჯახის ისტორიას; ოთხი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ქალის ამბავს, რომლებიც ტუსაღებივით არიან გამოკეტილები თავიანთ უზარმაზარ მამულში. მთავარი პერსონაჟი, რომლის თვალითაც აღვიქვამთ რომანის გარემოს, გონებამახვილი და გაუცხოებული თინეიჯერი გოგონაა, რომელიც თავად ბლექვუდის პროტოტიპად აღიქმება. ავტორმა თავადვე უწოდა ამ პერსონაჟს და, ზოგადად, რომანს „ზედმეტად რეალური“. ნაწარმოების კრიტიკული წარმატების გამო The Irish Press-მა ლედი ქეროლაინ ბლექვუდი საამაყო ირლანდიელი ავტორების სიაში შეიყვანა.

ქეროლაინ ბლექვუდის ლიტერატურული ღვაწლი და ნიჭი ცნობილმა ქმრებმა, საუცხოო სილამაზემ, არისტოკრატული ცხოვრებისათვის დამახასიათებელმა გლამურმა და მაღალი საზოგადოების სკანდალებმა გადაფარეს. „Great Granny Webster”-ის ერთ-ერთ თავდაპირველ  მიმოხილვაში ენ რედმონი წერდა, რომ ქეროლაინ ბლექვუდი აღიარებული ამერიკელი პოეტის რობერტ ლოუელის ქვრივი იყო, რომელიც ამ სტატუსს თავისი რომანის წარმატებით ამართლებდა. მსგავსი სექსისტური შეფასებები, სამწუხაროდ, ჩვუელებრივ მოვლენად იქცა ბლექვუდის შემოქმედების მიმოხილვებსა და რეტროსპექტივებში, რომლებშიც მის მიმზიდველობაზე, წარმომავლობასა და საინტერესო ცხოვრებაზე გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე მის რეალურ მიღწევებზე და ამყარებენ წარმოდგენას, რომ ლედი ქეროლაინ ბლექვუდი მომაჯადოვებელი მუზა იყო ისეთი შთამბეჭდავი ხელოვანებისათვის, როგორებიც როებრტ ლოუელი და ლუჩიან ფროიდი იყვნენ.