,,შემოქმედი ქალებისთვის უკეთესი დრო არ ყოფილა’’ – ჯოდი ფოსტერი

2 წლიანი პაუზის შემდეგ, კანის რიგით 74-ე კინოფესტივალი ტრადიციულ გარემოში იმართება. რამდენიმე დღის წინ ფესტივალზე ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორ ჯოდი ფოსტერს კარიერული მიღწევებისთვის კანის საპატიო ჯილდო –  ,,ოქროს პალმის რტო’’ გადაეცა. მან საკუთარი პლატფორმა კინორეჟისორ ქალთა მხარდასაჭერად გამოიყენა და მოუწოდა ქალებს, რომ შემოაბიჯონ ამ ინდუსტრიაში:

,,კინოინდუსტრია დიდი ხანია მოწყურებულია ქალთა გადმოსახედიდან მოთხრობილ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცთა დომინირება ამ სფეროში კვლავ იგრძნობა, ახლა გაზრდილია ცნობიერება იმის შესახებ, რომ ქალთა ისტორიები საჭიროა. შესაბამისად, ეს მომენტი ქალებისთვისაა…’’ – ამბობს ჯოდი ფოსტერი

Photo credits to Cristophe Simon

ფოსტერს საპატიო ჯილდო პედრო ალმოდოვარმა გადასცა. ჯოდის თქმით, ალმოდოვარი მისთვის პირველი ფემინისტი რეჟისორი იყო, რომელმაც საკუთარი შემოქმედების ცენტრში ქალები მოაქცია. როგორც ჯოდი ფოსტერი იხსენებს, ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის ნამუშევრების გაცნობისას გაიაზრა, რომ ცხოვრებაში პირველად ნახა ფილმები, რომლებიც ქალებს ასე ავთენტურად აღწერდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ალმოდოვარი არის იშვიათი გამონაკლისი ისეთ კინორეჟისორ კაცთა შორის, რომლებსაც მარტივად არ გამოსდით ქალების პერსპექტივის მორგება და საკუთარ თავთან შეკითხვის დასმა, თუ რა რთული გამოცდილებებისგან შედგება ქალად ყოფნა.