ტიმ სევერინი | ახალი დროის არგონავტი

“არგოს” აგება, მითოლოგიური პერსონაჟების მოგზაურობათა მარშრუტის გამეორება, წმ. ბრენდონის შესაძლებლობების დამტკიცება და კიდევ უამრავი საინტერესო მოგზაურობა თუ კვლევა XX საუკუნის არგონავტმა, ტიმოთი სევერინმა საკუთარ თავზე იტვირთა. მან მთები და ზღვები გადალახა, გადაკვეთა მდინარეები, დაწერა წიგნები, გადაიღო ფილმები და როგორც თავად ამბობს, ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებით უდიდესი სიამოვნება მიიღო.

Photo Credits Getty

ინგლისელი მოგზაური, მკვლევარი და გეოგრაფი ტიმ სევერინი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, სამი თაობის პლანტატორთა ოჯახში დაიბადა. ალბათ, ახალგაზრდა, რომლისთვისაც მთავარი პრობლემა ფინანსური არამდგრადობა იყო, ყველაზე თამამ ოცნებად თუ წარმოიდგენდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟების გზაზე დადგომას. “ჩვენ ძალიან ღარიბები ვიყავით. ადამიანები, რომელებიც ჩაის პლანტაციებს ფლობდნენ, მდიდრები იყვნენ, მაგრამ ისინი შვეიცარიასა და ინგლისში დაბრუნდნენ. ჩემი მშობლები კი ღარიბები იყვნენ,” – ამბობს ტიმ სევერინი 1999 წელს The Irish Times-თან მიცემულ ინტერვიუში.

დროის გასვლამ, შესაძლებლობების გამოყენების არეალის გაფართოებამ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლამ ტიმ სევერინს ხელი შეუწყო 10 სამოგზაურო ექსპერიმენტის ჩატარებაში. რაოდენ გასაკვირი და დაუჯერებელიც უნდა იყოს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ტიმ სევერინი მარკო პოლოს განვლილ გზას გაუყვა, თავიდან აღმოაჩინა მისისიპი, წმ. ბრენდანის, სინდბადის იასონისა და ულისეს მოგზაურობათა მარშრუტს მიჰყვა, ცხენებით იერუსალიამდე იარა, რამდენიმე წელი ჩინგიზ ყაენის ძიებაში გაატარა, ესტუმრა ჩინეთსა და მობი დიკის ძიებასაც მიუძღვნა თავი.

როგორც ტიმ სევერინმა Pan Macmillan-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, მას და მის ოჯახს ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ქალაქისა თუ ქვეყნის შეცვლა, მათ შორის, სევერინის მცირეწლოვნობიდანვე ხშირად სტუმრობდნენ ინდოეთის ეგზოტიკურ ადგილებს, ასე რომ, მისთვისაც მოგზაურისა და მკვლევრის საქმიანობის არჩევა ჩვეული, უკვე კარგად ნაცნობი ცხოვრების გაგრძელება იყო. ამავე ინტერვიუში ტიმ სევერინი საკუთარ პირველ სამეცნიერო მოგზაურობასაც იხსენებს და ჰყვება, როგორ მივიდნენ მოტოციკლით ის და მისი ორი მეგობარი ოქსფორდიდან ჩინეთის საზღვრამდე. მთავარი მიზანი, აზიაში მარკო პოლოს მარშრუტის ძებნა იყო, მათ კი დღემდე არსებული რამდენიმე ბილიკს მიაკვლიეს, რომელიც მარკო პოლოსაც უნდა გაევლო.

მართალია, XX საუკუნის შუა წლებში მოგზაურობა მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში მაინცდამაინც მარტივი არ უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, განსაკუთრებით რთული იქნებოდა საუკუნეების წინ მცხოვრები თუ გამოგონილი პერსონაჟების მოგზაურობათ ზუსტად, ნაბიჯ-ნაბიჯ გამეორება, გასათვალისწინებელია კლიმატისა თუ ლანდშაფტის ცვლილებაც. ტიმოთი სევერინი განმარტავს, რომ მოგზაურის ძალიან საინტერესო კარიერის დასაწყისს მისი მთავარი სურვილი კულტურულ-ისტორიული ფიგურების მოგზაურობათა ნამდვილობის, შესაძლებლობის დამტკიცება იყო. სევერინის ექსპედიციებით უმრავლესობა მათგანის მოგზაურობათა ლეგიტიმურობა დამტკიცდა. როგორც ჩანს, ანტიკური ავტორები თუ მითის შემქმნელები არ ტყუოდნენ, როდესაც პერსონაჟებს “ცხრა მთისა და ცხრა ზღვის” გადალახვას მიაწერდნენ ხოლმე.

Photo Credits The Irish Times

ერთ-ერთი მოგზაურობისას ტიმ სევერინი საქართველოსაც ეწვია, მაშინ, როდესაც მოგზაური ოქროს საწმისის ძიებას შეუდგა და იაზონის ნაკვალევს გაჰყვა. სევერინმა და ახალი დროის 36-მა არგონავტმა მოგზაურობა პაგასიტიკოსის ყურედან დაიწყეს, ისევე როგორც იაზონმა. თანაც არგონავტებმა წესების სრული დაცვით, ანტიკური პრინციპით აგებული “არგოთი” გაიმეორეს იაზონის მოგზაურობის მარშრუტი. ახალი დროის არგონავტები, ძირითადად, ირლანდიის, ინგლისის, საბერძნეთისა და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლის შემდგომ კი მათ რამდენიმე ქართველი მენიჩბეც შეუერთდა. საქართველოში შემოსვლის შემდგომ, 1984 წლის 22 ივლისს “არგო” რიონის მეშვეობით ისტორიული ფაზისისაკენ წავიდა. ტიმ სევერინისა და არგონავტების საექსპედიციო მოგზაურობის შედაგად საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და მათ შორის, ოქროს მოპოვების უძველეს მეთოდს მიაგნეს.

Photo Credits Georgian Today

ტიმ სევერინმა და არგონავტებმა აღნიშნული მოგზაურობა, იაზონის მარშრუტი 2014 წელსაც გაიმეორა. მოგზაურობის დასრულებისას ტიმ სევერინი “National Geographic – საქართველოსთან” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: “ერთი შეხედვით თანამედროვე საქართველო ძალიან განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელშიც წლების წინ ვიყავი, იმდენი ახალი შენობა, გზა და დაწესებულებაა გარშემო, ქუჩებში მანქანების ტევა აღარ არის და ქუჩების გასწვრივ რეკლამებია ჩამწკრივებული…” ტიმ სევერინი ამავე ინტერვიუში დასძენს, რომ იაზონი ანტიკური ლიტერატურის პირველი მოგზაური გმირია, მისი მარშრუტის გამეორებისათვის კი განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდათ.