რაინერ ვერნერ ფასბინდერის ტრილოგია 50-იანების გერმანიის შესახებ

რაინერ ვერნერ ფასბინდერმა, გერმანული ახალი ტალღის უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ, საზოგადოებასა და კინემატოგრაფიას თავი საკმაოდ ხანმოკლე, თუმცა შემოქმედებითად ნაყოფიერი, ცხოვრებით დაამახსოვრა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას უკვე 40 სრულმეტრაჟიანი ფილმი ჰქონდა გადაღებული. რთული სათქმელია, თუ რომელი ფილმი შეიძლება ჩაითვალოს მის მაგნუმ ოპუსად, თუმცა ბევრი კინომცოდნისა თუ მოყვარულის აზრით, მისი საუკეთესო ნამუშევრები ის ფილმებია, რომლებიც ცხოვრების უკანასკნელ წლებში გადაიღო.

„მარია ბრაუნის ქორწინება“ (1978), „ლოლა“ (1981) და „ვერონიკა ვოსი“ (1982) ფორმალურად ტრილოგიაა, რომელიც 50-იანი წლების დასავლეთ გერმანიის „ეკონომიკური სასწაულის“ პერიოდზე მოგვითხრობს. ფილმებს არა სიუჟეტი, არამედ თემატიკა აერთიანებს. ყოველი მათგანი მოგვითხრობს ქალზე, რომელიც უკეთესი ცხოვრებისათვის იღწვის ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაულახავს მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებული ემოციური გამოწვევები, თუმცა წარმატებით ახერხებს ფასადურ რეკონსტრუქციას. ფასბინდერი ამ სამი ფილმით გვიხატავს სამყაროს, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი, ზოგჯერ კი ყველაც, იყიდება. ხშირად, ყველაზე ხელისშემშლელი ახლებურ სამყაროში ნავიგაციისათვის ის მორალური დოგმებია, რომლებიც პერსონაჟებს მოძველებულად ეჩვენებათ, მაგრამ თავს მაინც ვერ აღწევენ. ამ სამყაროში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ეგოიზმი, ანგარება და კლასობრივი მობილობის დაუოკებელი, ირაციონალური სურვილი ამოძრავებთ. რაც ყველაზე მთავარია, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რაში სჭირდებათ ყველაფერი ის, რისთვის ბრძოლაც მათი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა.

ალბათ, რომ შეგვეძლოს ამ სამი ფილმის მოკლედ შეჯამება, საუკეთესო ილუსტრაცია იქნებოდა „ლოლას“ გამხსნელი სცენა, რომელშიც მთავარი გმირი, ლოლა, კითხულობს, თუ რატომ არის პოეზია ყოველთვის სევდიანი, რაზეც პასუხად იღებს, რომ პოეზია მოდის სულიდან, სულს კი ყოველთვის სევდაა დაპატრონებული, რადგან მას გონებაზე მეტი ესმის. ლოლა ხმამაღლა აფიქსირებს თავის აზრს, რომ გონებამ ყოველთვის სულზე მეტი იცის. ტრილოგიის თითოეული ფილმი გვაჩვენებს, თუ რამდენად ფატალური შეიძლება იყოს ეს დაშვება.

„მარია ბრაუნის ქორწილი“ აფეთქებით იწყება და აფეთქებითვე სრულდება. მეორე მსოფლიო ომის ციებ-ცხელებაში ახალგაზრდა წყვილი ქორწინდება, ბიჭს კი მალევე ბრძოლის ველზე იხმობენ. მარია ბრაუნს (ჰანა შიგულა), რომელსაც ამცნობენ ქმრის სიკვდილს, უწევს დაიწყოს მომავალზე ფიქრი. მომავალი კი სავსეა მასობრივი კომერციალიზაციით, ადამიანებით, რომლებიც ყველანაირი ტიპის ურთიერთობიდან სარგებელს ეძებენ და, რა თქმა უნდა, უკეთესი ცხოვრებისაკენ სწრაფვით. ალბათ, ტრილოგიის ამ ფილმში ყველაზე ნათლად ჩანს ფასბინდერის დაუოკებელი სურვილი დაგვანახოს ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ გათავისუფლება იმ მორალისაგან, რომლითაც აღიზარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერსონაჟები სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში იღვიძებენ, რომელშიც სრულიად განსხვავებული უნარები, იდეები და მათ შორის მორალია საჭირო წარმატებისათვის, მათ არ გამოსდით ბოლომდე განუდგნენ ყველაფერ იმას, რისიც ოდესღაც სჯეროდათ. სწორედ გარემოსა და შინაგანი ვნებების ამხელა კონტრასტი იწვევს იმ ბოლო აფეთქებას, რომელსაც მარია, მისი საყვარელი ადამიანი და ყველაფერი ის შეეწირება, რის მოსაპოვებლადაც ყველაფერზე წავიდა.

 

წყარო: rogerebert.com

„ლოლა“ მოგვითხრობს ახალგაზრდა კაბარეს მომღერალ ქალზე, რომელიც მზადაა ყველაფრისათვის, რომ, ერთი მხრივ, უკეთესი ცხოვრება შეიქმნას, მეორე მხრივ, კი უკეთესი სოციალური სტატუსი მოიხვეჭოს. როგორც ცნობილია, ფილმი შთაგონებულია ჯოსეფ ფონ შტერნბერგის 1930 წლის კლასიკური კინოშედევრით „ცისფერი ანგელოზი“, რომელშიც მთავარ როლს მარლენ დიტრიხი ასრულებს. ლოლა ცდილობს, საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცოს, რომ შეუძლია ისეთი სოციალური სტატუსის კაცის მოხიბვლა, როგორიც მის ქალაქში ახლადგადმოსული მშენებლობისა და რეკონსტრუქციის ხელმძღვანელია. ძალიან ირონიულია ის ფაქტიც, რომ ეს კაცი, მიუხედავად თავისი პროგრესული შეხედულებებისა საკუთარ საქმეში, პირად ცხოვრებაში გულანთებული კონსერვატორია, რომელსაც სჯერა ყველანაირი ეტიკეტისა და სოციალური კონვენციის მნიშვნელობის. ლოლა (ბარბარა ზუკოვა) საწადელს ბევრი დამცირების ფასად აღწევს. საბოლოოდ კი შეუძლებელია, ფილმის რომელიმე პერსონაჟის მორალურ კომპასს, რწმენების სიმყარეს, ან ემოციების გულწრფელობას ვენდოთ, რადგან ყველაფერი ეს იცვლება იმის მიხედვით, თუ რა და რამდენად სჭირდებათ მოცემულ მომენტში. ფასბინდერს ამ მდგომარეობის ვიზუალური აღწერისათვის იდეალური ხერხი აქვს ნაპოვნი: ფილმის ფერთა პალიტრა უკიდურესად კვასკვასა პასტელური ფერებითაა შექმნილი, რომლებიც მაყურებლის გონებაში ფანტასმაგორიული და ილუზორული გარემოს კონსტრუირებას ახერხებენ. მსგავსი ატმოსფერო კი უკეთ ასახავს იმ ფასადურ პროგრესს, რომლისთვისაც პერსონაჟები საკუთარ სახეებს კარგავენ და ტყუილებში იწყებენ ცხოვრებას.

 

„ვერონიკა ვოსი“ მესამე რაიხის პერიოდის კინოვარსკვლავზე მოგვითხრობს, რომელიც შეპყრობილია თავისი წარსული დიდებით და სასოწარკვეთილი ერთადერთ შვებას ნარკოტიკებში ხედავს. განსხვავებით „ლოლას“ ზღაპრული ფერებისაგან, „ვერონიკა ვოსი“ მთლიანად შავ-თეთრია. ყველასაგან მივიწყებული ვერონიკა (როზელ ცეჰი) გადარჩენასა და ძველ დიდებასთან დაბრუნებას სრულიად სახეცვლილ და გულცივ მიუნხენში ცდილობს, სადაც სასიყვარულო რომანს აჩაღებს ჟურნალისტთან. ვერონიკა არის პერსონაჟი, რომლის მდგომარეობასაც ყველა პირადი გამორჩენისათვის იყენებს. მის საყვარელს უნდა, რომ ასაკოვან, ოდესღაც პოპულარულ, მსახიობებზე შექმნას საინტერესო ტექსტი, ვერონიკას კი დაკვირვების ობიექტად იყენებს. მისი ნევროლოგი განზრახ ცდილობს, ხელი შეუწყოს ვერონიკას ნარკოდამოკიდებულებას, რათა მისგან საკმარისი მატერიალური მოგება ნახოს. ტრილოგიის უკანასკნელი ფილმით ფასბინდერი წინ გვიშლის სამყაროს, რომელშიც ადამიანების დახმარების მოტივაციაც კი მხოლოდ მათგან რაიმე ტიპის სარგებლის ნახვის სურვილიდან იბადება.

წყარო: The Criterion Collection

ცნობილია, რომ თავდაპირველად ფასბინდერს სულაც არ ჰქონდა ჩაფიქრებული ტრილოგიის გადაღება და აპირებდა ამ თემებისა და ათწლეულის გარშემო მეტი ამბავი და მეტი პერსონაჟი შეექმნა, თუმცა ნაადრევმა გარდაცვალებამ ხელი შეუშალა. როგორც მიქელანჯელო ანტონიონიმ თქვა, თანამედრო ადამიანი მთვარესაც მისწვდა, თუმცა კვლავ ჰომეროსის მორალით აგრძელებს ცხოვრებას. მარია ბრაუნი, ლოლა და ვერონიკა ვოსი არიან პერსონაჟები, რომლებიც ამ კონტრასტით დახშულ ემოციებსა და სამაყროსადმი გაუცხოებას იდეალურად გამოხატავენ.