„უცხო“- განაჩენი თავისუფლებისა და განსხვავებულობისთვის

ყოველი წიგნი მკითხველში რაღაც კვალს ტოვებს. ზოგჯერ ისეთიც გამოერევა ხოლმე, გამორჩეულად რომ გვამახსოვრდება, პირველივე გვერდიდან გვაფიქრებს და აუცილებლად მნიშვნელოვან რამეს ცვლის ჩვენში.  სწორედ ასეთი წიგნების სიაშია ალბერ კამიუს „უცხო“, იგი 1942 წელს გამოიცა, ბესტსელერად არ ქცეულა, მაგრამ ავტორს თავიდანვე დიდი აღიარება მოუტანა. წიგნი სულ 70-მდე გვერდისგან შედგება და მოცულობით ვრცელ მოთხრობას უფრო ჰგავს, ვიდრე რომანს, თუმცა ეს რამდენიმე ათეული გვერდიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმ აზრის გადმოსაცემად, რომელმაც აქტუალობა წლების მანძილზე შეინარჩუნა.

რომანი „უცხო“, პირველიდან ბოლო გვერდამდე, მართლაც, ყველაფრით უცხოა: თხრობით, შინაარსით, სტილით… ერთი შეხედვით თითქოს არაფრით გამოირჩევა, მაგრამ თან ყველაფერი გვაოცებს, უამრავი კითხვა გვიჩნდება, კითხვებთან ერთად პროტესტის გრძნობაც. ვფიქრობთ, რატომ არ არის ყველაფერი ისე, როგორც უნდა იყოს? როგორც სხვა წიგნებშია… რატომ არ იწყება ლამაზი პეიზაჟების აღწერით? როდის გამოჩნდება მთავარი პერსონაჟის გმირული სულისკვეთება? ან სიყვარულის ლამაზი ისტორიით რატომ არ გვანებივრებს ავტორი? „დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ-გუშინ, რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე“, ასეთია „უცხოს“ დასაწყისი და მკითხველის პირველ გაოცებასაც სწორედ ეს ფრაზა იწვევს. გონება ახალი კითხვებით გვევსება- როგორ თუ თავშესაფარი? როგორ შეიძლება კაცმა არ იცოდეს როდის გარდაიცვალა მშობელი? კითხვას ვაგრძელებთ და ნელ-ნელა ვაანალიზებთ, რომ მისაბაძი გმირის ნაცვლად ხელში შეგვრჩა მერსო, ,,უცხო“ ადამიანი, რომელმაც არ იტირა მოხუცთა თავშესაფარში გარდაცვლილი დედა, დაკრძალვის შემდეგ დრო მეგობარ გოგოსთან გაატარა და მზადაა იგი ცოლად უსიყვარულოდ შეირთოს. პიროვნება, რომელიც ჩაიდენს მკვლელობას,  მიუსჯიან სიკვდილს  და არც არაფერს ნანობს. როგორც მკითხველს აოცებს ეს განსხვავებული წიგნი, ისე გააოცებს საზოგადოებას თავისი განსხვავებულობით მერსო. აი აქ მთავრდება და თან იწყება ყველაფერი.

ალბერ კამიუ  „აბსურდის“ ფილოსოფიის წარმომადგენელი გახლდათ, ამ თეორიის მიხედვით სამყარო და საერთოდ ყველაფერი აბსურდულია. „უცხოში“ მისი ეს თეორია კარგად გამოიხატება, რადგან მერსო არის კაცი, რომელსაც არ აქვს მიზნები, არაფერს აკეთებს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, ის უბრალოდ ცხოვრობს დღევანდელი დღით. და მაინც, როგორ ადამიანად დაგვიხატა ავტორმა იგი? თავისუფალ ადამიანად, რომელიც ვერ ან არ გრძნობს პასუხისმგებლობას და მოვალეობებს, აკეთებს იმას, რაც სურს, არ იქცევა ისე, როგორც სხვები. მერსო თავისუფალია საზოგადოებრივი ნორმებისგან, მიღებული ქცევებისგან. უარყოფითი ადამიანია იგი თუ დადებითი? კარგია თუ ცუდი? იქნებ არცერთი, ის უბრალოდ ნამდვილია, არის ისეთი, როგორიც არის, არ ირგებს როლებს და არ ცდილობს იყოს ადამიანებისთვის მოსაწონი პერსონა. მერსო თავისუფალია ყველასგან და ყველაფრისგან.

რა ხდება მაშინ, როცა საზოგადოება განსხვავებულს შეამჩნევს? როცა უცხოდ აღიქვამენ სხვანაირი თვისებებისა და ქმედებების მქონეს? აი სწორედ აქ ერთიანდებიან ადამიანები, რათა განდევნონ, გააძევონ ის, ვინც არ ემორჩილება საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. მკვლელის სასამართლო ჩანიშნეს, განსხვავებული სასამართლო, სადაც მის ჩადენილ დანაშაულად მკვლელობას კი არ მოიაზრებდნენ, არამედ იმას, რომ დედა არ დაიტირა. „რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს საქმეში მკვლელობას, თუ სიკვდილს იმიტომ მომისჯიდნენ, რომ დასაფლავების დღეს დედა არ დავიტირე“ ამბობს მერსო- ეს ფრაზა ამ წიგნის მთავარ სათქმელს გამოხატავს. აქ იკვეთება თუ რა სისასტიკეს იჩენენ ადამიანები განსხვავებული პიროვნების მიმართ. განაჩენის შემდეგ მან არ ითხოვა დახმარება, არაფერი გააკეთა, არც ნანობდა, არც ეშინოდა, მოძღვარსაც კი არ გაესაუბრა. კამიუ ცდილობს დაგვანახოს ადამიანის აბსოლუტური თავისუფლება, ამიტომ წარმოგვიდგინა მერსო პიროვნებად, რომელიც არ ემორჩილება ნორმებს, იდეოლოგიებს, წესებს და თავად ღმერთსაც კი. პიროვნებად, რომელიც არ თამაშობს, არის ნამდვილი და სწორედ ამ სინამდვილეში პოულობს თავისუფლებას. ადამიანები კი აწესებენ თავისუფლების სტანდარტებს და სჯიან მას, ვინც ამ სტანდარტებს ვერ ერგება.

საბოლოოდ „უცხო“ თავისუფლებაზეა, ყოველმხრივ თავისუფლებაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ თავად ვწყვეტთ როგორ ვიცხოვროთ. ასევე იმაზე, თუ რა სასტიკად უსწორდება საზოგადოება განსხვავებულობას. და მაინც, რა არის აბსოლუტური თავისუფლება? ამ კითხვაზე პასუხს „უცხოში“ ვიპოვით. ეს არ არის წიგნი, რომლითაც განიტვირთებით, გაერთობით, გულს გადააყოლებთ, იცინებთ და ა. შ. მაგრამ თუ მის წაკითხვას გადაწყვეტთ იგი პირველივე გვერდიდან ჩაგითრევთ და ვერასოდეს დაივიწყებთ კითხვის პროცესში განცდილ ისეთივე უცხო ემოციებს, როგორიც თავად მერსო იყო.