იაპონური მაჯის საათების ბრენდმა Minase იაპონური ლაქის გამოყენების ოსტატთან, ჯუნიჩი ჰაკოსესთან, თანამშრომლობით ელეგანტური საათების კოლექცია წარმოადგინა. დიზაინი წელიწადის ოთხი დროით არის შთაგონებული და საათებზე არსებული თითოეული ორნამენტი ხელით არის შესრულებული, რის გამოც ნამუშევრების ფასი 1,5 მილიონი იენიდან 2,7 მილიონ იენამდე მერყეობს, რაც დაახლოებით 14 ათასი-24 ათასი დოლარის ეკვივალენტია.
შეიქმნა ოთხი განსხვავებული დიზაინის საათი – შიკი (四季 – Shiki – ოთხი სეზონი), კომონი (小 紋 – Komon – კიმონოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც განსაკუთრებული მოხატულობით გამოირჩევა), იოშინო საკურა (吉野桜 – Yoshino Sakura – იოშინო ერთ-ერთი პრეფექტურაა, სადაც ათასობით საკურას ხეს შევხვდებით), იამა საკურა (山桜 – Yama Sakura – მთის საკურა).
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში წელიწადის დროები მკვეთრად არის გამოხატული, რითაც იაპონელების უმეტესობა ამაყობს კიდეც. პირველ საათზე, სახელად ოთხი სეზონი (四季 – Shiki), წელიწადის დროების მახასიათებლები ტალღების ფონზე კუბოკრულადაა დატანილი – შემოდგომის ფოთლები, საკურას ყვავილები, კომპოზიციაში დანარჩენ სეზონებს კი საგულდაგულოდ შერჩეული ფერები გამოხატავენ. მეორე საათი კომონი (小 紋 – Komon) იაპონური ტრადიციული სამოსით არის ინსპირირებული – კომონის მახასიათებელი თანმიმდევრული ორნამენტებია, რაც საათზე ნათლად არის ნაჩვენები. საათზე დატანილი ფიგურებისა და ფერების ამგვარი კომპლექსურობა კი კიდევ ერთხელ გვახსენებს ნამუშევრის შექმნასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

იოშინო საკურა (吉野桜 – Yoshino Sakura) – საათზე მრავალი საკურას ყვავილია დატანილი. ჯუნიჩი ჰაკოსეს აზრით, საკურაში საუკეთესოდ აისახება იაპონური გაზაფხულის მრავალფეროვნება და სიყვარული, რასაც საათზე არსებული განსხვავებული ფერის ალუბლის ყვავილები გამოხატავენ.


რაც შეეხება ბოლო საათს იამა საკურას (山桜 – Yama Sakura – მთის საკურა), ჯუნიჩი ჰაკოსეს თქმით, საათის დიზაინში წარმოჩენილია თუ როგორ შეიძლება დიდ და მცირე საკურას ყვავილებს შორის არსებული დისბალანსის დაბალანსება. შედეგად კი, ვხედავთ, რომ მცირე საკურა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დიდი საკურა, რადგან თითოეული მათგანი კომპოზიციას ამდიდრებს და ამთლიანებს.

