,,ემის” რიგით 73-ე დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

19 სექტემბერს ლოს ანჯელესში ,,ემის’’  რიგით 73-ე დაჯილდოება გაიმართა. ამერიკული სატელევიზიო ჯილდო 1945 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა, გამარჯვებულებს კი ამერიკის სატელევიზიო ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია არჩევს. 

2021 წლის ,,ემის’’ ნომინანტთა სია 13 ივლისს დაანონსდა და არაერთ ისეთ სატელევიზიო შოუს მოიცავდა, რომელთაც ქართველი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს. ნომინაციების რაოდენობით (24 ნომინაციით)  Netflix-ის 2016 წლის ისტორიულ დრამა გვირგვინი (The Crown) 7 გამარჯვებით და დისნეის 2019 წლის შოუ მანდალორელი (The Mandalorian), ასევე 7 გამარჯვებით, ლიდერობდნენ. 

ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი, Hulu-ს 2017 წლის შოუ ,,მხევლის წიგნი’’ (The Handmaid’s Tale) 21 ნომინაციით იყო წარმოდგენილი, თუმცა, მაყურებელთა გასაკვირად, ვერცერთ ნომინაციაში მოახერხა გამარჯვება. ამ კუთხით, ,,მხევლის წიგნი’’ ერთგვარ რეკორდს ამყარებს, ერთ ჯერზე ყველაზე მეტ წაგებულ ნომინაციათა რაოდენობით. 

Photo credits to Getty Images

წლის საუკეთესო კომედიურ სერიალად Apple TV+-ის 2020 წლის ნამუშევარი ,,ტედ ლასო’’ (Ted Lasso) დასახელდა. სერიალი ამერიკული ფეხბურთის კოლეჯის მწვრთნელის ტედ ლასოს გარშემო ვითარდება, რომელსაც მოულოდნელად ინგლისის პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის მწვრთნელად დანიშნავენ. 

საუკეთესო მინი-სერიალად ქართველი მაყურებლისთვის ასევე ნაცნობი ,,ლაზიერის გამბიტი’’ (Queen’s Gambit) გამოვლინდა. Netflix-ის 2020 წლის შოუ უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და 1960-იანი წლების ამერიკაში, მოჭადრაკის, ბეთ ჰარმონის გარშემო ვითარდება. 

ინგლისელმა მსახიობმა ქეით უინსლეტმა ნომინაციაში ,,საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში’’   კიდევ ერთი ,,ემის’’ ჯილდო მიიღო, ამჯერად HBO-ს 2021 წლის ნამუშევრით ,,მეირი ისტთაუნიდან’’ (Mare of Easttown). სერიალი პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ ისტთაუნში ვითარდება, სადაც საიდუმლოებებით მოცულ მკვლელობას ადგილობრივი გამომძიებელი მეირი შიჰენი იძიებს.