კინემატოგრაფიული თვალით დანახული ტოსკანა – ჯილ სანდერისა და ლეგენდარული ჯოელ მეიროვიცის კოლაბორაცია

ლეგენდარული ქუჩის სტილის ფოტოგრაფი, კინემატოგრაფიული ხედვით გამორჩეული და ყოველდღიური ყოფის დეტალების განსხვავებულად წარმოჩენის ოსტატი ჯოელ მეიროვიცი ფოტოგრაფიის ინოვატორად მიიჩნევა. ამჯერად მან ჯილ სანდერთან თანამშრომლობის ფარგლებში ბრენდის შემოდგომა/ზამთრის 2022 წლის კოლექცია აღბეჭდა ფოტოკადრებად.

,,ფოტოკადრი დროის ნაკადის შეჩერებაა … (მისი წყალობით) ცნობიერების ხანმოკლე დროით ვფხიზლდებით ჩვენი სიზმრის ფაზიდან, სადაც მოულოდნელად ახალშობილის ცხადი მზერით ვიწყებთ ხედვას, რომელიც მოხუცის თვალით არის შემკული“

ეს ერთი-ერთი ის ფრაზაა, რომლის საშუალებითაც მეიროვიცი საკუთარ მედიუმს აღწერს. ეს არის მინიშნება მის მიერ ფოტოკადრებად აღბეჭდილი ჯილ სანდერის კამპანიის კონცეფციის შესახებ, რომელიც ლუსი და ლუკ მეიერების ხედვას მიჰყვება.

მეიროვიცი თამაშობს შუქ-ჩრდილებით, ქმნის გეომეტრიულ ფიგურებსა და სივრცეს. ფერთა განსხვავებული აღქმა და სინათლის ოსტატურად გამოყენება ის ტექნიკებია, რაც 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ფოტოგრაფის ნამუშევრებს მაგიურს, უცნაურსა და ინოვაციურს ქმნის. ამჯერად მეიროვიცმა მოდის სამყაროს გარშემო მისეული, ლირიულ-ქრომატული ხედვა შემოგვთავაზა, რომელიც უნიკალური, ადვილად ამოსაცნობია და კინოკადრებს მოგვაგონებს. მის ფოტოებში დარღვეულია საზღვრები, ტანსაცმლის მკვეთრი სილუეტები სამყაროს ფერებს ერწყმის და მასში თითქოს იკარგება. ეს სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ და სამყარო უხილავი, სივრცული ძაფებით ვართ დაკავშირებულნი. ტოსკანის ყოველდღიური, რუტინული ყოფის ამსახველი დეტალები ფოტოგრაფის ლინზაში მაგიურ სიუჟეტებად ტრანსფორმირდა. მან შეძლო, ჩვეულებრივი გაზგასამართი სადგური ისეთივე მისტიკური და საინტერესო გაეხადა, როგორიც, შესაძლოა, საღამოს ბინდით მოცული ოკეანის ხედები ყოფილიყო.

,,განსაკუთრებით სასიამოვნოა ისეთ ლეგენდარულ ფოტოგრაფთან თანამშრომლობა და იდეების გაზიარება, როგორიც ჯოელია. ის არის ინოვატორი, რომელმაც პრაქტიკულად მარტომ შეძლო ფოტოგრაფიაში ფერების შემოტანა. მისი მგრძნობიარე ბუნება, იუმორის გრძნობა და სწორი კომპოზიციური ინტუიცია ყოვედღიურ რეალობას ხელოვნებად გარდაქმნის,“–  აღნიშნავენ დიზაინერები მასთან თანამშრომლობის შესახებ.

ეს სარეკლამო კამპანია იმ მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომელიც ლუს და ლიუკ მეიერებმა ჯილ სანდერთან თანამშრომლობის ფარგლებში წამოიწყეს. კამპანია მიზნად წიგნის გამოქვეყნებას ისახავს.

ჯოელ მეივორიცის ჯილ სანდერთან თანამშრომლობა არ არის სეზონური მოვლენა, რომელიც დროსთან ერთად გაფერმკრთალდება. მისი შემოქმედება იმდენად ღრმაა, რომ მნახველზე დიდი გავლენას ახდენს. თავის მხრივ, ბრენდიც დამახასიათებელი რადიკალური მინიმალიზმითა და კონსტრუქტივიზმით თანამედროვე მოდის სამყაროში გამორჩეული ადგილს იკავებს. ეს ტანდემი საუკეთესო მონაპოვარია და კარგად გამოხატავს იმ აზრს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი რამ შეიძლება შეიქმნას ორი სახელოვნებო დარგის ურთიერთგადაკვეთის შედეგად.