The Ellen DeGeneres Show-ს ახალი სეზონი დაიწო

13 სექტემბერს ცნობილი ამერიკული გადაცემის The Ellen Degeneres Show-ს მეცხრამეტე სეზონი დაიწყო. როგორც ტელეწამყვანმა The Hollywood Reporter-ს ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში განუცხადა, მიმდინარე სეზონი ელენის შოუს ბოლო სეზონი იქნება და მომავალი წლიდან გადაცემის გაგრძელებას აღარ აპირებს.

,,კრეატიულ ადამიანს გამუდმებით სჭირდება გამოწვევები და რამდენადაც დიდი და სახალისოა ეს შოუ, გამოწვევა ნამდვილად აღარ არის.’’ – განაცხადა ელენმა. 

The Ellen DeGeneres Show-ს პრემიერა 2003 წელს შედგა და ამ დროის განმავლობაში მაყურებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, შეაყვარა თავი. ელენ დიჯენერსი, ამერიკელი Stand Up კომიკოსი და მსახიობი, უკანასკნელი 18 წელია The Ellen DeGeneres Show-ს წამყვანია. გადაცემა განსაკუთრებით პოპულარული გახდა სტუმრებისა თუ რიგითი მაყურებლების ერთგვარი დასაჩუქრების ტრადიციით. განსაკუთრებით პოპულარულია საახალწლო სეგმენტი 12 Days of Giveaways, რომელიც საახალწლოდ, 12 დღის განმავლობაში, სტუდიაში მყოფი მაყურებლების დასაჩუქრებას გულისხმობს. 

22 სექტემბერს ელენთან სტუმრად ცნობილი ამერიკელი როკ მომღერალი, მელისა ერტრიჯი იმყოფებოდა. მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა 1997 წელს გამოშვებული, ცნობილი Puppy Episode გაიხსენეს.

 

Puppy Episode სიტკომის ,,ელენი” (Ellen) მეოთხე სეზონის ფინალური სერიაა, რომელმაც გამოშვებისთანავე მაყურებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა. სიტკომი ,,ელენი” (Ellen) ABC-ის 1994 წლის ნამუშევარია, რომელიც ელენ მორგანის (რომლის როლსაც ელენ დიჯენერსი ასრულებს) და მისი მეგობრების სახალისო ცხოვრების გარშემო ვითარდება. სიტკომის პრემიერიდან სამი წლის შემდეგ, მეოთხე სეზონის ბოლოს ელენ დიჯენერსმა და სერიალის პროდიუსერებმა ერთად გადაწყვიტეს, მთავარი გმირის, ელენ მორგანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად საუბარი. ვინაიდან, თავად ელენ დიჯენერსიც ქვიარად იდენტიფიცირდება, ეს ნაბიჯი, იმ დროისთვის, ნამდვილად დიდ გამბედაობას მოითხოვდა.

კადრი სიტკომიდან ,,ელენი” (Ellen)

 

Puppy Episode 1997 წლის აპრილში ორ ნაწილად გამოვიდა ამერიკულ ტელეეკრანებზე და სხვადასხვა მსახიობების, მუსიკოსებისა თუ ტელეწამყვანების ელენთან ერთგვარ კოლაბორიაციას წარმოადგენდა. Puppy Episode-ში მონაწილეობდნენ ლორა დერნი, ოპრა უინფრი, მელისა ერტრიჯი, ქეი დი ლენგი. ფინალური სერიის პრემიერამ დიდი რეზონანსი გამოიწვია – ელენი და სხვა მსახიობები, მათ შორის ლორა დერნი და ოპრა უინფრი, სასტიკად გააკრიტიკეს – სიტკომი კი სულ რაღაც ერთ წელიწადში, გაურკვეველი მიზეზების გამო დაიხურა.

ცნობილი კადრი Puppy Episode-ის პირველი სერიიდან

ელენ დიჯენერსის კარიერა შეჩერდა, თუმცა რამდენიმე წელიწადში ანიმაციით ,,ნემოს ძიებაში’’ (Finding Nemo) ტელეეკრანებს დაუბრუნდა. მოგვიანებით ბედი ისევ Stand Up-ში სცადა, ბოლოს კი, რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ, 2003 წლიდან The Ellen DeGeneres Show-ს ტელეწამყვანად დაუბრუნდა მაყურებელს. როგორც თავად ელენმა განაცხადა, გაჩერებას არ აპირებს, თუმცა რა მიმართულებით სურს კარიერას გაგრძელება, ჯერჯერობით უცნობია.