ტამინო – აღმოსავლეთის ექსპრესი ბელგიიდან

ტამინო-ამირ მოჰარამ ფოადი ან, უბრალოდ, ტამინო, 24 წლის მომღერალი, მუსიკოსი და მოდელია. წარმოშობით ბელგიელი, ეგვიპტელი და ლიბანელი არტისტის მუსიკა სწორედ მისი მრავალფეროვანი ეთნიკური წარმომავლობის ნაზავია; მცდელობა, რომ დასავლური და აღმოსავლური კულტურა ყველასთვის უნივერსალურ რაღაცაში, მუსიკაში შეერწყას ერთმანეთს.

Photography by Ramy Moharam Fouad

მუსიკასთან შეხება ტამინოს ბავშვობიდანვე ჰქონდა, რაც ნაწილობრივ მისი ბაბუის, საკმაოდ ცნობილი ეგვიპტელი მომღერლისა და მსახიობის მუჰარამ ფოადის დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა ჯერ კიდევ ბავშვობაში გარდაეცვალა, 14 წლის ტამინომ ბაბუის ძველი გიტარა იპოვა, რაც მისი მუსიკალური კარიერის ინსპირაცია გახდა. პოპულარობის მომტანი აღმოჩნდა მომღერლის პირველივე სინგლი “Habibi”, რომელიც 2016 წელს გამოვიდა. 2017 წლისთვის ტამინო უკვე მონაწილეობას იღებდა ბელგიისა და ნიდერლანდების სხვადასხვა ცნობილ მუსიკალურ ფესტივალებში, ხოლო სადებიუტო ალბომი 2018 წელს გამოუშვა.

ტამინოს სადებიუტო ალბომი „Amir” ალბათ ყველაზე კარგად ასახავს ორი კულტურის გართიანების მცდელობას. ამ ალბომში ყველაფერს შეხვდებით – დაწყებული არაბული ორკესტრით (Nagham Zikrayat Orchestra), დამთავრებული Radiohead-ის კოლინ გრინვუდთან კოლაბორაციით. თუ სიმღრები “Habibi” და “Indigo Night” თავს უდაბნოში მოხეტიალე მოგზაურად გაგრძნობინებთ, “Cigar” და “Verses” ისეთი სიმღერებია, რომლებსაც ამერიკულ coming-of-age ფილმების დასასრულის სცენებში მოისმენთ ხოლმე.

ტამინოს სიმღერები საკმაოდ პოეტურია და ღრმა შინაარსს ატარებს. “Indigo Night” მოგზაურის სასოწარკვეთილი შვილის ამბავს გვიყვება, რომელსაც ბედნიერებას ერთი ინდიგოსფერი ღამე ანიჭებს. გარდა იმისა, რომ სიმღერის ტექსტის წაკითხვისას ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს, რომელიმე ანტიკურ ლეგენდას ან ზღაპარს კითხულობთ, ინდიგო არა მარტო ღამის ფერი, არამედ ნარკოტიკების მეტაფორაცაა.

მსგავსად დაფარულ შინაარს ატარებს ტამინოს კიდევ ერთი სიმღერა “Tummy”, რომლის ვიდეოშიც არტისტს უნდოდა ეჩვენებინა ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ადამიანების ყურადღებაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ეს ყურადღება ხანდახან ზედმეტი ხდებოდა. ეს ყველაფერი კი, ტამინოს თქმით, არტისტის ცხოვრების მეტაფორაა.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ტამინოს შემოქმედების ცალკეულ ნაწილებზე, მის ყველა სიმღერას ერთი ნიუანსი აერთიანებს: არაბული კულტურის გავლენა როგორც მუსიკის ჟღერადობაში, ასევე ტამინოს ხმაში თითქმის ყველგან იგრძნობა. შესამჩნევია ამერიკული ინდი მუსიკის გავლენაც. ეს ყველაფერი ორგანულად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ერწყმება ერთმანეთს, რაც ტამინოს წარმატების განმაპირობებელი ფაქტორიც გახდა.

Tamino-Amir Moharam Fouad photographed by Harley Weir for Missoni’s spring-summer 2019 men’s campaign.

გარდა მუსიკალური კარიერისა მომღერალს სამოდელო კარიერაც აქვს, რომლის ფარგლებში თანამშრომლობდა ანტვერპენის ერთერთ ყველაზე ცნობილ მოდის ექსპერტთან ანნ დემოილენეესტერთან და ბრენდ “Missoni”-სთან.

არტისტის შემოქმედების გასაცნობად გთავაზობთ მის ხუთ სიმღერას: