Coldplay და BTS ახალი სიმღერისთვის ერთიანდებიან

ბრიტანული ბენდი “Coldplay”-სა და სამხრეთ კორეული ჯგუფი “BTS”-ის  კოლაბორაციას მილიონობით ადამიანი ელოდა. მათი ერთობლივი მუშაობის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც BTS-მა ბრიტანული ბენდის ერთ-ერთი ჰიტი, “Fix you” შეასრულა და Coldplay-სგან საჯარო კომპლიმენტები დაიმსახურა. მოგვიანებით, კრის მარტინის სტუმრობამ სამხრეთ კორეაში და BTS-ის წევრის, კიმ სოკჯინის პირდაპირ ჩართვაში გაჟღერებულმა მინიშნებებმა არსებული ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა.

საბოლოოდ, ცნობილი არტისტების ახალი, საერთო სიმღერა – “My Universe” ანუ “ჩემი სამყარო”, 24 სექტებერს გამოვიდა და იუთუბზე განთავსებიდან სულ რამდენიმე საათში უკვე მსოფლიო ტრენდების სათავეში მოექცა.

“ამბობენ, ერთად იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვადასხვა მხრიდან მოვდივართ” – ისმის ტექსტში, მაგრამ მომღერალთა ხმებისა და განსხვავებული სასაუბრო ენების ჰარმონიული მონაცვლეობა საპირისპიროს ამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ ეს დასავლელ არტისტებთან BTS-ის პირველი კოლაბორაცია არაა. მათ აქამდეც უმუშავიათ ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან: Ed Sheeran, Halsey, Megan Thee Stallion, Chainsmokers, Steve Aoki და სხვა. საინტერესოა ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჯგუფის წევრები დიპლომატიური წარმომადგენლების სახით გაეროს 76-ე გენერალურ ასამბლეაზეც იმყოფებოდნენ. გარდა სიტყვით გამოსვლისა და ოპტიმისტური მესიჯების გავრცელებისა, BTS-მა გენერალურ დარბაზში ლეგენდარული პერფორმანსიც გამართა, რითიც საკუთარი მასშტაბი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. 

Photo Credits to United Nations

მათ ერთ-ერთ უკანასკნელ სიმღერაში სახელწოდებით “Permission to dance” (ცეკვის უფლება), რომლის ასოების გადანაცვლებითაც “Stories on pandemic” (ისტორიები პანდემიაზე) ვიღებთ, გამოყენებულია ჟესტების ენაც, რაც არაერთი ფანისა თუ ჟესტების ენის მცოდნე ადამიანისთვის ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა.