მარკ როთკო ხელოვანისა და ხელოვნების დანიშნულებაზე

ხელოვნება ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს. ხშირად იმდენად დიდს, რომ ემოციების შეკავებაც კი უჭირთ. ალბათ ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც იქნებოდა შემთხვევა, როდესაც მუსიკას ჩვენში მძაფრი ემოციები აღუძრავს, მის ნოტებში გავხვეულვართ და წამით ყველაფერი დაგვვიწყებია. კინემატოგრაფიას, მუსიკასა და პოეზიას მსმენელზე ადვილად შეუძლია ზემოქმედება, თუმცა ვიზუალურ ხელოვნებას იგივე შედეგის მისაღწევად შედარებით მეტი ძალისხმევა სჭირდება.

ამგვარად ფიქრობდა წარმოშობით რუსი, ამერიკელი აბსტრაქციონისტ-ექსპრესიონისტი მხატვარი მარკ როთკო. სწორედ ამიტომ, მისი შემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს მნახველში მძაფრი ემოციებისა და რეაქციის გამოწვევა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ როთკო შეყვარებული იყო მოცარტის მუსიკაზე, მას უსმენდა ხატვისასაც და ყველა კომპოზიტორზე მაღლა აყენებდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ იყო მოცარტი მისთვის საუკეთესო კომპოზიტორი, ხელოვანმა შემდეგნაირად განმარტა: ,,რადგან მოცარტის ცრემლებიდანაც კი მუდამ ღიმილი გამოსჭვივის.“ როთკოს სურდა ის გაეკეთებინა ვიზუალური ხელოვნების დარგში, რასაც მოცარტი მუსიკალური ნოტების მეშვეობით ახერხებდა. სურდა ადამიანები მისი ქმნილების წინაშე ატირებულიყვნენ. ,,მე გავხდი მხატვარი, რათა ფერწერა ემოციური სიმძაფრის მუსიკისა და პოეზიის მსგავს დონემდე ამეყვანა“ – აღნიშნავს ის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარკ როთკომ ეს ნამდვილად მოახერხა. მისი რეალური სურვილი, რომელიც ორაზროვანი მიზნის მიღმა იმალებოდა ის იყო, რომ ადამიანის არსებობის უმთავრეს კითხვებს გამკლავებოდა და ეს კითხვები საკუთარ ხელოვნებაში გამოესახა. ამასთან დაკავშირებით ხელოვანი 1956 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს – ,,ის ფაქტი, რომ უამრავი ადამიანი ჩემი ნახატების წინაშე აღმოჩენისას ემოციებისგან იცლება და ტირის, მიანიშნებს იმაზე, რომ მე შემიძლია ძირითად ადამიანურ გრძნობებთან კომუნიკაციის დამყარება. ის ადამიანები, რომლებიც ცრემლებს ღვრიან ნახატების თვალიერებისას განიცდიან იმავე სულიერ გამოცდილებას, რაც მე განვიცადე მათი შექმნისას.“ მისი მონუმენტური და მკაფიო ფერები ნამდვილად დიდი გრძნობის აღმძვრელია. მხატვარი ცდილობდა გარდამავალი ტონებით მხატვარს, ტილოსა და მნახველს შორის დაემყარებინა უხილავი ემოციური კავშირი. ასე, რომ ეს ყველაფერი არამარტო ძველი გრძნობების გაღვიძებას, არამედ ახალი განცდების სტიმულირებასაც იწვევს, ისეთის, რომელიც აქამდე შესაძლოა არც კი განგვიცდია. ამ ბოლო მომენტის ახსნა თავად როთკოსეული ფრაზითაც შეიძლება – ,,ნახატი არ არის ადრეული გამოცდილების შესახებ, ის თავად გამოცდილებაა.“

No. 15, 1957 “Abstract Expressionism” at Royal Academy of Arts, London

მარკ როთკოსთვის ხელოვნება ბუნებრივი და ავთენტური ემოციების გადმოცემის პროცესია. ის დამწყებ მხატვრებს ურჩევდა ისე ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ეხატათ, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ. ამბობდა, რომ ისინი მხოლოდ ამ გზით შეძლებდნენ ინდივიდუალური სტილის პოვნას. ამასთან, მართალია ხელოვანმა ბუნებრივი ემოციები უნდა გადმოსცეს, თუმცა მხატვარმა მუშაობის პროცესში უნდა უგულებელყოს ეგო და საკუთარი ბიოგრაფია. ეს ასპექტები მას მხოლოდ ხელს უშლის აუდიტორიასთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარებაში. საკუთარი ეგოს უარყოფის მაგალითს ის მისსავე შემოქმედებაში გვაძლევს, ესეიში ,,ხელოვანის რეალობა“ ის პრაქტიკულად ივიწყებს პირველ პირის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომში როთკოს სხვადასხვა თეორიაა წარმოჩენილი ის აუდიტორიამდე სათქმელის მიტანას საკუთარი თავის პერსონიფიკაციის გარეშე ახერხებს.

მარკ როთკო თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, მისმა შემოქმედებამ და ცხოვრების გზამ დიდი კვალი დატოვა მეოცე საუკუნის ვიზუალური ხელოვნების განვითარების გზაზე. თუმცა, არა მხოლოდ ცხოვრებამ, მისი სიკვდილიც ერთმნიშვნელოვნად დამაფიქრებელი იყო და აქაც საკუთარი ხელოვნების სტანდარტები წამოსწია წინა პლანზე. როთკოს თვითმკვლელობა არტისტული პერფორმანსის ნაწილად იქცა. 1970 წლის 25 თებერვალს ლონდონის ტეიტ გალერეამ მისგან დიდი შემოწირულობა, 9 ნახატი მიიღო. რამდენიმე საათის შემდეგ ნამუშევრების ავტორი თავისსავე სტუდიაში გარდაცვლილი იპოვეს. სისხლის დიდი წითელი გუბე, სადაც მწერალი განისვენებდა, დაახლოებით იმ ზომის იყო, რა ზომისაც ერთ-ერთი ნახატი. ,,აბსტრაქციონისტი არ ვარ, არ მაინტერესებს ფერების, ფორმების ან რაიმე ამდაგვარის კვლევა. მხოლოდ საბაზისო – ტრაგედიის, ექსტაზის, უსასოობისა და სხვა ამდაგვარი გრძნობების წარმოჩენა მსურს.” ამ იდეას ატარებდა მარკ როთკო თავის თითოეულ შემოქმედების ნიმუშში და სხვა მხატვრებსაც იმავეს ურჩევდა.