მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შემოდგომაა და წლის დამთავრებამდე კიდევ რამდენიმე თვე დარჩა, უკვე შეიძლება მსჯელობა, თუ როგორი წელი იყო 2021 კინოსამყაროში. პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს გარშემო კინომატოგრაფია არ შეჩერებულა და წელსაც საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები შეიქმნა. სტატიაში წარმოგიდგენთ 2021 წელს გამოსულ სხვადასხვა ჟანრის თორმეტ ფილმს, რომლებიც “Rotten Tomatoes”–ის 2021 წლის პოპულარული ფილმების სიაში მოხვდნენ.
- SABAYA

დოკუმენტური ჟანრის ფილმი SABAYA სირიაში განვითარებულ შემაძრწუნებელ ამბავს მოუთხრობს მაყურებელს. მაჰმუდი, ზიადი და მათი ჯგუფის წევრები მხოლოდ მობილური ტელეფონითა და თოფით ცდილობენ ყველაზე საშიში ბანაკიდან, Al Hol–იდან დაიხსნან ეზიდი ქალები და გოგონები. ისინი ISIS-ის (ისლამური სახელმწიფოს) მიერ არიან დაკავებული, როგორც SABAYA ანუ სექს– მონები. მთავარი გმირები ბანაკში მანქანით გადაადგილდებიან, მათ ყოფილი მონები, აგენტები ეხმარებიან. შვედი რეჟისორის, Hogir Hirori–ის მიერ გადაღებული ფილმი აღწერს ბანაკში არსებულ საშინელ ცხოვრებას და იქიდან გამოქცეული ქალების ისტორიას, რომლებიც ცდილობენ ძალა მოიკრიბონ და თავადაც შეუერთდნენ მაშველთა გუნდს.
2. THE BOY BEHIND THE DOOR

თრილერისა და საშინელებათა ჟანრის ფილმი, “ბიჭი კარს უკან” 12 წლის ბიჭის, ბობისა და მისი მეგობარი კევინის შემაძრწუნებელ ისტორიას მოგვითხრობს. სკოლიდან მომავალ ბიჭებს გაიტაცებენ, თუმცა ბობი თავს ითავისუფლებს, შავ დერეფნებში დაეხეტება და გაქცევას ცდილობს. ბიჭი მალევე ხვდება, რომ კევინის სიცოცხლეც მასზეა დამოკიდებული და მთელი ძალებით ცდილობს გადარჩენას, რაც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
3. BLACK WIDOW

მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროს 2021 წელს რიგით 24-ე ფილმი შეემატა. ამჯერად შავ ქვრივზე, რომლის როლსაც სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. ფილმის მთავარი გმირი, ნატაშა რომანოვი თავის წარსულს უბრუნდება, სანამ “შურისმაძიებლებს” შეუერთდებოდა. ქეით შორთლანდის რეჟისორობით გადაღებულ, მძაფრ-სიუჟტიან ფილმში ყოფილი ჯაშუში ცდილობს თავი დააღწიოს ჩახლართულ წარსულს.
4. LUCA

პატარა მაყურებლებს PIXAR-მა და Disney-მ 2021 წელს ანიმაციური ფილმი “Luca” შესთავაზა. ეს კომედიური და ფანტასტიკის ჟანრის ნახატი ფილმი პატარებს წყალქვეშა სამყაროში და იტალიის ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ამოგზაურებს. მულტფილმის მთავარი გმირები, ლუკა და ალბერტო წყალქვეშა მონსტრები არიან, რომლებიც თავგადასავლებს მიწაზე ეძებენ და გასაოცარ გამოცდილებასაც იღებენ.
5. CRUELLA

საოჯახო კომედიური ჟანრის ფილმი, “კრუელა”, მაყურებელს დისნეის ცნობილი ბოროტმოქმედი პერსონაჟის ისტორიას მოუთხრობს. ახალი ეკრანიზაცია, ემა სტოუნისა და ემა ტომპსონის მონაწილეობით, 1970-იანი წლების ლონდონში ვითარდება. დაობლებული გოგონა სახელად ესტელა ქურდების ჯგუფს უერთდება და ლონდონის ქუეჩებში ცხოვრობს, თუმცა მისი კრეატიულობა და დიზაინერული ნიჭი მას ბარონეს ვოლ ჰელმანთან, ცნობილ დიზაინერთან დააკავშირებს. საინტერესო კოსტიუმებით, საუნდტრეკებითა და ფერებით ფილმმა ყველა ასაკის მაყურებლის ყურადღება უკვე მიიქცია.
6. THE REASON I JUMP

დოკუმენტური ჟანრის ფილმი, “ჩემი გადახტომის მიზეზი” ნაოკი ჰიგაშიდას ბესტსელერი წიგნის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი მაყურებლისთვის სრულიად ახალი კინემატოგრაფიული გამოცდილებაა და მსოფლიოს გარშემო მცხოვრები აუტისტი ადამიანების ისტორიას გადმოსცემს. ფილმი მოგვითხრობს ავტორის პირად გამოცდილებებსა და 5 საინტერესო ადამიანის ცხოვრებაზე, მათი სამყაროს აღქმის, სიხარულისა და სირთულეების ამბავს.
7. FEAR STREET

2021 წელს Netflix-მა ამავე სახელწოდების წიგნების მიხედვით გადაღებული საშინელებათა ჟანრის ტრილოგია “Fear Street” შესთავაზა მაყურებელს. ფილმები 1994, 1978 და 1666 წლებში ვითარდება. ახალგაზრდები ცდილობენ გამოიკვლიონ მკვლელობების სერია და ჯადოქარი სარა ფიშერის ამბავი. ახალგაზდა მაყურებელზე გათვლილი ეს სამი ფილმი სამ ამბავს ჰყვება და მაყურებელიც პერსონაჟებთან ერთად ეცნობა ჩახლართულ ისტორიას.
8. PROMISING YOUNG WOMAN

თრილერის ჟანრის ფილმი “იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი” ემერალდ ფენელის რეჟისორობით 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმია. ესთეტიკური კადრებით, საინტერესო მსახიობებითა და სიუჟეტით ის ნამდვილად იქცევს ყურადღებას. მთავარი გმირი, კასანდრა, რომლის როლსაც კერი მალიგანი ასრულებს, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, მას წარსული არ ასვენებს და არავის ენდობა. სამ მოქმედებიანი ფილმი ჩამთრევია, მაყურებელი კასისთან ერთად ბრაზობს, ენდობა, განიცდის და იმედგაცრუებულია.
9. PRAY AWAY

დოკუმენტური ფილმი, “შეცვალე ლოცვით” 1970-იან წლებში ვითარდება, როცა ცდილობდნენ განსხვავებული ორიანტაცია თერაპიებით შეეცვალათ. ფილმში 5 პაციენტი თავს დააღწევს იმ ორგანიზაციას, რომლის ლიდერები ლოცვითა და თერაპიით მათ “გამოსწორებას” ცდილობენ. ფილმში გადმოცემულია ტრავმატული გარემოსგან თავდაღწეული ხალხის მცდელობა დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და პასუხისმგებლობა დააკისრონ მოძალადე ორგანიზაციის, EXODUS-ის ლიდერებს.
10. RAYA AND THE LAST DRAGON

DISNEY–ს მორიგი ანიმაციური ფილმი, “რაია და უკანასკნელი დრაკონი” უკვე პოპულარულია ახალგაზრდა მაყურებელში. ბავშვებისთვის შექმნილი, ფანტასტიკის ჟანრის მულტფილმი ზღაპრული სამყაროს ამბავს მოგვითხრობს, სადაც დრაკონები დიდი ხნის წინ გაქრნენ. მთავარი გმირი რაია ბოროტ ძალასთან გასამკლავებლად მოგზაურობს, რომ უკანასკნელი დრაკონი იპოვოს. ამ თავგადასავალზე ის იძენს არაერთ მეგობარს და ისტორიულ თემთა შორის კონფლიქტის ეპიცენტრშიც აღმოჩნდება.
11. MALCOLM AND MARIE

სემ ლევინსონის მიერ გადაღებული ფილმი, “მალკოლმი და მერი” მაყურებელს წყვილის ისტორიას მოუთხრობს. Netflix-ის ამ ნამუშევარში მთავარ როლებს ზენდეია და ჯონ დეივიდ ვაშინგტონი ასრულებენ. რომანტიკული ჟანრის სიუჟეტი კინორეჟისორისა და მისი მეუღლის ამბავს გადმოსცემს, რომელთა შორისაც პრემიერაზე წასვლისას დაძაბულობა იჩენს თავს. ფილმი გამოირჩევა ესთეტიკური მშვენიერებით და მაყურებელს განსხვავებულ ხედვას სთავაზობს.
12. 76 DAYS

76 დღე COVID–19–ის პანდემიის ეპიცენტრზე გადაღებული ჩინური ფილმია. იგი მოგვითხრობს ვუჰანის საავადმყოფოში გატარებული 76 დღის ისტორიას. დამძაბველი სიუჟეტი მეტად შემაძრწუნებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ ვირუსული პანდემიის რეალობაში ვცხოვრობთ. ავტორი მოგვითხრობს ექიმებისა და პაციენტების ამბავს 76 დღის განმავლობაში და მსოფლიოს აცნობს გასულ წელს დატრიალებული სიტუაციის ახლო ვერსიას.