ლურჯი, თეთრი და წითელი – პოლონელი რეჟისორის სამი ფერის ტრილოგია

ლურჯი, თეთრი და წითელი – მოცემული სამი ფერის კომბინაცია გვაძლევს იმ ქვეყნის დროშას, სადაც ცნობილი პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ კეშლიოვსკის საბოლოო ნამუშევრის სიუჟეტი ვითარდება. საფრანგეთის რევოლუციის იდეალები: „თავისუფლება, თანასწორობა და მეგობრობა“ აზრობრივი თანმიმდევრობით ეხმიანება თანამედროვე სამყაროს გამორჩეული ხელოვანის ტრილოგიაში ასახულ მოვლენებს.

უკანასკნელი შემოქმედების პირველ ნაწილში – სახელწოდებით „ლურჯი“ – კეშლიოვსკი გვიყვება ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც ქმარი და მცირეწლოვანი შვილი ავტოავარიაში დაკარგა. ცოლისა და დედის როლს ტრაგიკულად მოწყვეტილი ჯული წარსულისაგან გათავისუფლებას და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს, თუმცა კომპოზიტორი ქმრის მუსიკალური სიმფონია და, რაც მთავარია, მრავლისმეტყველი ლურჯი ფერი, რეჟისორის შთამბეჭდავი კინომატოგრაფიული ხედვის დამსახურებით, მას მთელი ფილმის განმავლობაში დაჰყვება.

კადრი კინოფილმიდან "ლურჯი" (1993)ამერიკელი კინოკრიტიკოსის, ჯონ მეთიუს თქმით, აქ ლურჯი ფერი თავისუფლებასთან გადაჯაჭვული გლოვისა და მელანქოლიის სიმბოლოა, რამაც, ერთი მხრივ, შეიძლება გაგვიჩინოს ლოგიკური შეკითხვა ამგვარი თავისუფლების რაობასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, პიკასოს ცისფერი პერიოდიც კი მოგვაგონოს. ეს შედარება კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება თუკი გავითვალისწინებთ, რომ კეშლიოვსკიც შუქ-ჩრდილებსა და განათებას ნამდვილი მხატვარივით იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ფილმმა გამოსვლიდან მალევე დიდი წარმატება, დადებითი შეფასება და უამრავი ჯილდო, მათ შორის, ვენეციის კინო ფესტივალის ოთხი პრიზი მოიპოვა. მასში გამოძერწილი მთავარი პერსონაჟის ემოციური პარალიზი და ლურჯი ღვთაებრიობა ქმნის საოცარ ანტი-ტრაგედიასა და ფსიქოლოგიურ რებუსს, რომელმაც ევროპული კინოს ისტორიაში უზარმაზარი კვალი დატოვა.

კშიშტოფის ტრილოგიის მომდევნო ნაწილი – „თეთრი“ –  მაყურებელს ამჯერად ანტი-კომედიის ფორმით ევლინება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სიწმინდესთან და სისპეტაკესთან ასოცირდება, ფილმში ის თითქმის სრულად საპირისპირო მნიშვნელობას იძენს და, შეიძლება ითქვას, რომ პარადოქსების ფერად წარმოგვიდგება. პარადოქსები კი კეშლიოვსკის შემოქმედებაში უცხო არაა.

კადრი კინოფილმიდან "თეთრი" (1994)მართლაც, პირველი თემა, რომელთანაც სიუჟეტის განვითარებას მივყავართ, განქორწინება – ანუ სიმბოლურად, თეთრი ფერის სამოსის გახდაა. დერეკ მალკომის აზრით, რომ არა ფილმის უკვე შერჩეული სათაური, მასში გამოყენებული ირონიისა და იუმორის სტილიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლებოდა ტრილოგიის ამ ნაწილსათვის „შავიც“ გვეწოდებინა.

თუკი „ლურჯი“ ტრადიციული კულმინაციისა და დასკვნებისაგან თავისუფალია, „თეთრი“ იმდენად უნიკალურ შინაარსობრივ მოცემულობას გვთავაზობს, რომ მისი პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელი მომენტი კინოფილმში მაშინ დგება, როდესაც მთავარი გმირი – ჩემოდანში მოთავსებული ბარგის სახით პოლონეთში დაბრუნებული კეროლ კეროლი, ამბის ბოლოს ყოფილი ცოლის რეაქციაზე შორიდან დაკვირვების მიზნით, საკუთარ სიკვდილს გაითამაშებს. საგულისხმოა, რომ ფრანგ ცოლთან მიმართებით, ის საფრანგეთის რევოლუციის მორიგი იდეალის – თანასწორობის შემობრუნებული, უკუღმართი სიმბოლო და, ამ მხრივ, პოსტსოციალისტური რეჟიმის გამოხატულებაა.

და ბოლოს, ტრილოგიისა და რეჟისორის უკანასკნელი ფილმი, 1994 წელს გადაღებული „წითელი“ – სამივე ამბის ერთგვარი გადაკვეთა და ევროპული კინო-ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შედევრია. გარდა იმისა, რომ ის მოიცავს მოულოდნელი „მეგობრობის“ უჩვეულო იდეალს, „წითელში“ ცხადადაა წამოჭრილი ბედისწერის თეატრის თემაც.

კადრი კინოფილმიდან "წითელი" (1994)ტელეფონების ზართა „გადაკვეთის“ სცენით, რეჟისორი გვიჩვენებს, თუ როგორ ვუკავშირდებით სიცოცხლის განმავლობაში ადამიანებისა თუ უცნობების ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენთვის სრულად იგნორირებული რჩება.  იშვიათად ვიაზრებთ, რომ ეს, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოცემულობა, სინამდვილეში უნიკალური ბუნების მატარებელი მოვლენა და შთამბეჭდავი სასწაულია. სწორედ სასწაული შეიძლება ეწოდოს მთავარი გმირის – ვალენტინასა და მოსამართლე კერნის შეხვედრასაც, რომელთა ცხოვრებებიც ფაქტობრივად ერთმანეთის ანარეკლია. ამ კუთხით, მოცემული ფილმი კშიშტოფ კეშლიოვსკის წინა შემოქმედების ნაყოფს – „ვერონიკას ორმაგ ცხოვრებას“ წააგავს, თუმცაღა „წითელი“ სცდება მხოლოდ ერთი სიუჟეტის ჩარჩოს და ფიზიკური კანონების „დარღვევით“ ტრილოგიის ყველა ძირითადი გმირის – ჯულის, კეროლისა და ვალენტინას შემთხვევით კავშირსაც ასახავს.

„წითელის“ გადაღებიდან მალევე, კშიშტოფ კეშლიოვსკი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. გენიალური პოლონელი ხელოვანის ფილმები დღემდე თავისი უნიკალური სტილითა და ზოგჯერ გამიზნული დისკომფორტის აღმოცენებით მაყურებელს უნივერსალურ კითხვებზე და სოციალური ჩარჩოების მიღმა არსებულ მნიშვნელოვან, ადამიანურ საკითხებზე აფიქრებს.