Stranger Things – Netflix მეოთხე სეზონის ახალ თიზერს ავრცელებს

Netflix-მა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის Stranger Things-ის ახალი თიზერი გაავრცელა, სადაც ახალ პერსონაჟებსა და სეზონის თემატიკის ძირითად ხაზს ვეცნობით. თიზერში ასახული სახლი, როგორც თვითერზე ვკითხულობთ,  ქრილების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელშიც ოდესღაც საზარელი მკვლელობა მოხდა. სერიალის მთავარი გმირები, მკვლელობიდან რამდენიმე წელში, ამ სახლში შეიჭრებიან და მაყურებლისთვის ჯერჯერობით გაურკვეველ სამხილებს ეძებენ.

Netflix-მა აღნიშნული თიზერი „003/004“-ით დაასათაურა, რაც იმას ნიშნავს რომ სეზონის გამოსვლამდე კიდევ ერთ ვიდეოს უნდა ველოდოთ.

კომპანიამ ახალ სეზონთან დაკავშირებით რამდენიმე მინიშნება უკვე გაავრცელა. მათ შორის ის, რომ მაყურებელთა საყვარელი პერსონაჟი – ჯიმ ჰოპერი – სერიალს უბრუნდება. ასევე აღსანიშნავია, რომ მეოთხე სეზონს რობერტ ენგლანდი, 80-იანი წლების ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი, შეუერთდება და ვიქტორ ქრილერის როლს შეასრულებს. ახალ პერსონაჟს  Netflix-მა მცირე აღწერაც დაუთმო: ვიქტორი შემაშფოთებელი ადამიანია, რომელიც 1950-იან წლებში ჩადენილი მკვლელობისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გამოკეტილი.

შეგახსენებთ, რომ სერიალი 2016 წელს გამოვიდა და მრავალი ადამიანის გული მალევე დაიპყრო. Stranger Things-მა პერსონაჟთა განვითარებისა და უნიკალური თემატიკის გამო კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. ეს დამოკიდებულება აისახება სერიალის რეიტინგებზეც – მაგალითად, მესამე სეზონს გამოსვლიდან მხოლოდ ოთხ დღეში Netflix-ზე 18,2 მილიონი ნახვა ჰქონდა.