„მაგნუმი“ – ფოტო, როგორც ამბავი

1947 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რესტორანში სადილობისას მეგობრების წრეში გაჩენილი იდეა ფოტოგრაფთა გაერთიანების – „მაგნუმის“ – დაარსების შესახებ, ოთხი ლეგენდარული ფოტოხელოვანისთვის – რობერტ კაპასთვის, ანრი კარტიე-ბრესონისთვის, ჯორჯ როჯერისა და დეივიდ სეიმურისთვის – მეორე მსოფლიო ომის დასრულებით გამოწვეულ განცდებსა და ამ აპოკალიპტური მოვლენის შედეგად ადამიანთა ცნობიერებაში სამუდამოდ შემორჩენილ ფსიქო-ემოციურ კვალზე რეფლექსირების საშუალებად იქცა.

„მაგნუმის“ ფოტო სააგენტოს ერთ-ერთ დამფუძნებელს – რობერტ კაპას – მსოფლიო ომის შემდგომი დროის ფოტოჟურნალისტის აუცილებელ თვისებად გადასაღებ მოედანზე შეუმჩნევლად დარჩენის უნარი მიაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში უკვე ხელმისაწვდომი იყო შედარებით პატარა, ჩუმი, პორტატული კამერები და გაცილებით შუქმგრძნობიარე ფოტოფირებიც, კაპას აზრით, ეს საკმარისი არ გახლდათ იმისათვის, რომ ფოტოგრაფი „უჩინარი“ ყოფილიყო. ადამიანების გულწრფელი ემოციებისა თუ ბუნებრივი მდგომარეობების აღსაბეჭდად აუცილებელი იყო, რომ ფოტოგრაფი გარე დამკვირვებლის როლში კი არ დარჩენილიყო, არამედ ერთი რიგითი თანამონაწილე გამხდარიყო იმ ამბისა, რომლის აღბეჭდვაც სურდა. ალბათ, გადასაღები მოედნის შიდა ლოგიკაში ჩართვის გარდაუვლობით აიხსნება რობერტ კაპას სიტყვები: „თუ შენი ფოტოები საკმარისად კარგი არაა, ესე იგი, საკმარისად ახლოს არ დგახარ“. ფოტოჟურნალისტიკის დარგში დღემდე ფუნდამენტურად მიჩნეულმა ამ პრინციპმა, 1954 წელს, ინდოჩინეთის პირველი ომის გადაღებისას, სამწუხაროდ, ტრაგიკულად იმსხვერპლა რობერტ კაპას სიცოცხლე.

ფრანგულ გაზეთთან – „მონდთან“ – ფოტოჟურნალისტიკის დარგში „მაგნუმის“ წვლილზე საუბრისას, ანრი კარტიე-ბრესონი აღნიშნავდა, რომ სააგენტოს დაარსების პარალელურად, ზოგადად, ფოტოგრაფიის ფუნქცია შეიცვალა – გაჩნდა ისტორიის მოყოლის აუცილებლობა და, შესაბამისად, ფოტოგრაფი გამოსახულებას უბრალოდ კი აღარ ასახავდა, არამედ, ამბის მოყოლის მიზნით.  ფრანგი ფოტოგრაფი ამავე ინტერვიუში იხსენებდა:

„ერთხელ კაპამ მითხრა: „სურრეალისტი ფოტოგრაფის სახელს ნუ დასჯერდები. იყავი ფოტოჟურნალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მანერიზმში ჩაეფლობი. სიურრეალიზმი შენს პატარა გულში შეინახე, ჩემო ძვირფასო. ამ რჩევამ ჩემი თვალსაწიერი გააფართოვა.“

მაგნუმის პირველმა დამფუძნებლებმა, თითქოს, მსოფლიო „გაინაწილეს“. დეივიდ სეიმური, ძირითადად, ევროპას იღებდა, კარტიე-ბრესონი – ინდოეთსა და შორეულ აღმოსავლეთს, როჯერი – აფრიკას, კაპა კი მეტწილად ცნობილი იყო, როგორც ომის ფოტოჟურნალისტი. მის ფირზე ესპანეთის სამოქალაქო და მეორე მსოფლიო ომის გენიალური კადრებია დაფიქსირებული. ასევე, მან რკინის ფარდის მიღმა, საბჭოთა კავშირშიც იმოგზაურა მწერალ ჯონ სტაინბეჯთან ერთად. რობერტ კაპა 1947 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა.

ფოტოგრაფიის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი და რევოლუციური სააგენტო თავდაპირველად პარიზსა და ნიუ-იორკში დაარსდა, მოგვიანებით კი ფილიალები ლონდონსა და ტოკიოშიც გახსნა.  „მაგნუმი“ მის დაარსებამდე ფოტოხელოვნების დარგში გავრცელებულ ტრადიციულ პრაქტიკებს რადიკალურად გაემიჯნა და ფოტოგრაფებს გამომცემლობების მიერ დაწესებული ჩარჩოებისგან განთავისუფლების საშუალება მისცა. ისინი ამიერიდან თავად ფლობდნენ საავტორო უფლებებს თავიანთ გამოსახულებაზე; შეეძლოთ თავად გადაეწყვიტათ, რა ამბავი მოეყოლათ და, როგორც მთხრობელებს, საკუთარი სუბიექტური პოზიციაც დაეფიქსირებინათ.

ფოტოგრაფთა საერთაშორისო გაერთიანება დღემდე ურთიერთთანამშრომლობისა და შემოქმედებითი პატივისცემის პრინციპს ეფუძნება. თავად ანრი კარტიე-ბრესონი სააგენტოს მნიშვნელობასა თუ ფუნქციას ამგვარად აღწერდა:

„მაგნუმი აერთიანებს მოსაზრებებს, ადამიანთა საზიარო თვისებებს, მსოფლიო მოვლენებისადმი ცნობისმოყვარეობას, მათ პატივისცემასა და სურვილის, რომ ეს ყველაფერი ვიზუალურად გადმოვცეთ.“

Via:
Tags: