კულტურული დიალოგი მილანსა და შანხაის შორის – პრადას 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება

Photo: Courtesy of Prada

პანდემიამ, ყველა სხვა დარგის მსგავსად, მოდის სამყაროც ამოატრიალა. ბრენდების სრული უმრავლესობა, ხმაურიანი მოდის კვირეულების ნაცვლად, ამ დროის მანძილზე კოლექციებს სხვადასხვა ხერხებით წარადგენდა – ზოგი ვიდეოთამაშით, ზოგიც კი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით. ამ სეზონზე ფიზიკური ჩვენებები აღდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთ ბრენდს პანდემიამ ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის კი ყველაზე თვალსაჩინო და ინოვაციური ნაბიჯი პრადას გადაწყეტილება იყო, რომლის ახალი კოლექციის ჩვენებაც პირველად მოდის ისტორიაში ერთდროულად მილანსა და შანხაიში გაიმართა.

მიუჩია პრადასა და რაფ სიმონსის ხელმძღვანელობის ქვეშ ბრენდმა 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პრეზენტაციისთვის ტრადიციული მილანის ნაცვლად ორი ადგილმდებარეობა აირჩია. ჩვენება ერთდროულად მილანში, ფონდაზინა პრადას საწყობსა და შანხაიში, Bund 1-ში გაიმართა. მართალია, პრადა იტალიური ბრენდია, თუმცა ის აზიურ ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამ მიზნით ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს 24 სექტემბერს მსოფლიოს ეს ორი წერტილი ვირტუალურად ერთმანეთთან დაეკავშირებინათ. სეთის დიზაინი არქიტექტურული დიზაინი კომპანია OMA-ს ეკუთვნის, რომელმაც გარემო მოდერნისტულ სტილში გააფორმა და ფორმა იდეას შეუსაბამა.

აღსანიშნავია, რომ მიუჩია პრადასა და რაფ სიმონსის საერთო თანაშრომლობის დაწყებიდან ეს პირველი ფიზიკური შოუა. აქამდე დიზაინერებს ცოცხალი აუდიტორიისთვის თავიანთი შემოქმედების წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. სწორედ ამიტომ, სურდათ, ეს წარდგენა მონოლოგური ხასიათის არ ყოფილიყო. დამსწრე საზოგადოება, ისევე, როგორც მილანში, ასევე შანხაიშიც, მათ ახალ კოლექციას ხედავდა როგორც რეალურად, ასევე ეკრანზე განთავსებულ რეალური ზომის მონიტორებზე. ეს სინქრონული შოუ სწორედ მათი ცოცხალი დიალოგის ვიზუალიზაციას ისახავდა მიზნად.

,,მოდა აღარ არის ვიწრო სამყარო. ამ ორი შოუს ერთდროულად გამართვა ახალი შესაძლებლობების დემონსტრირებაა… იმ ხალხის ერთად თავმოყრა, რომლებიც საერთო იდეოლოგიას, ღირებულებებსა და რწმენას იზიარებენ – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“ – აღნიშნა რაფ სიმონსმა პრესასთან საუბრისას.

ბრენდი, როგორც ყოველთვის, ახლაც სამყაროს პულსაციას უგდებს ყურს. პანდემიამ ადამიანთა კავშირის მნიშვნელობა დაგვანახა, სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ჩინეთი, რომელიც სამყაროს დანარჩენ ნაწილს შედარებით მეტად მოწყვეტილია, მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის თანამონაწილე გაეხადათ. მათ ამ ღონისძიებით 18 თვიანი პაუზის შემდგომ ისევ ერთად შეკრიბეს სხვადასხვა ეროვნების, თუმცა საერთო ღირებულებებისა და ინტერესების ხალხი.

პანდემიის დასაწყისში ყველა ვცდილობდით ფიზიკური სამყაროს ციფრულში გადატანას, ფიზიკური ღონისძიებების ონლაინ-შეხვედრებით ჩანაცვლებას. ამჯერად, პრადას შემოქმედებითმა ხელმძღვანელებმა საპირისპიროდ შეცვალეს რეალობა – მათ ციფრული სამყარო ისევ რეალური, ფიზიკურად ხელშესახები გახადეს – ან სცადეს, რომ გაეხადათ.

ქვემოთ: პრადას ქალის შემოდგომა/ზამთრის 2022 წლის კოლექციიდან.