აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ – იაპონიზმი

დღესდღეობით იაპონოფილია საკმაოდ ნაცნობი აკვიატებაა, რომელიც, ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით, იაპონიისა და იაპონურის გაღმერთებას აღნიშნავს. თუმცა ეს ობსესია ახალი არ არის და ჩვენი იაპონური კულტურით გატაცება გვაახლოებს და გვაერთიანებს ისეთ შემოქმედებთანაც კი, როგორიცაა ვან გოგი, კლოდ მონე, ედგარ დეგა და სხვები. მეტიც, აქტიურად ვხვდებით იაპონური ნამუშევრების სიცხადისა და გამოკვეთილობის, კომპოზიციის ფართო სივრცის, ფერისა და სინათლის მკაფიო და პირდაპირ გავლენას მათ ნამუშევრებშიც. ამომავალი მზის ქვეყანა ჭეშმარიტად იქცა იდეების საწყისად და შთაგონების წყაროდ, რომელიც ყველაზე ცხადად გამოხატულია ტერმინ იაპონიზმში.

ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურის შერწყმა ყოველთვის რაღაც ახალს, მშვენიერს და გამორჩეულს ქმნის და ასე იბადება ახალი კულტურები. სწორედ ასე დაიბადა ელინიზმი, რომელიც ბერძნული და აღმოსავლური კულტურების ერთიანობას წარმოადგენდა და ასე შეიქმნა იაპონიზმიც.

1850-იან წლებში იაპონიამ, რომელიც სრულიად უცხო იყო დანარჩენი სამყაროსთვის, აღადგინა სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთთან და საშუალება მიეცა, თავისი ნამდვილი სახე ეჩვენებინა მსოფლიოსთვის. მანამდე იაპონია ევროპელებისთვის წარმოსახვით მიწას წარმოადგენა, რომლის შესახებაც ბევრი არასწორი და გამოგონილი ისტორია ჰქონდათ. მეტიც, იაპონიას, დანარჩენი აზიისგან განსხვავებით, ხედავდნენ, როგორც პრიმიტიულ საზოგადოებას, რომლის ღირებულებაც თითქმის არაფერი იყო ჩინეთთან შედარებით, იაპონური პროდუქციაც კი ჩინურ მაღაზიებში იყიდებოდა ხოლმე. თუმცა სწორედ ვაჭრობის აღდგენის შედეგად იაპონური ხელოვნებისა და დიზაინის მშვენიერებამ და სიგიჟემ ტალღასავით გადაუარა დასავლეთის ქვეყნებს და უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია სამყაროს დასალიერში მდებარე სრულიად ახალმა სამყარომ. ეს იყო იაპონური მხატვრობის ხელახალი აღმოჩენა და დაბადება, რამაც წარმოუდგენელი გავლენა იქონია დასავლურ ხელოვნებაზე, კერძოდ კი, მოდერნიზმის მიმდინარეობებზე: იმპრესიონიზმსა და პოსტიმპრესიონიზმზე. სწორედ ამ გავლენის აღსაწერად დაიბადა 1870-იან წლებში ფრანგული ტერმინი იაპონიზმი, რომელიც დასავლური და აღმოსავლური კულტურების შერწყმადაც აღიქმება.

არტისტების იაპონური კულტურით მოხიბვლა თავდაპირველად 1867 წელს იწყება, როდესაც იაპონიამ Paris Exposition Universelle მოაწყო და გამოფინა იაპონური ხელოვნების ნაკეთობები. გამოფენაზე შეხვდებოდით იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეკორაციებს, ტანისამოსს, ანუ კიმონოებს, მარაოებს და ა.შ. სწორედ ამ გამოფენამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იაპონური შემოქმედების გემოვნებიანად და მიმზიდველად დანახვაში. მოხიბვლისა და ინსპირაციის ძირითადი წილი იაპონური გრავიურის ბეჭდვის ჟანრით გამოწვეულ აღფრთოვანებაზე მოდიოდა.  ე.წ. „უკიო-ემ“ (ukiyo-e, 浮世絵) – „ მცურავი სამყაროს ნახატებმა“ უდიდესი ინტერესი და პოპულარობა გამოიწვია ევროპელ ხალხში. ეს გრავიურები ძირითადად ლანდშაფტებს, კურტიზანებს, სუმოს მოჭიდავეებს, ქალაქურ ცხოვრებასა და  ისტორიულ ამბებს გამოხატავდნენ და გამოირჩეოდნენ უნიკალური სტილით, ვინაიდან იაპონელი არტისტები მათ შესაქმნელად იყენებდნენ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ და უბრალო სტილს, რომელსაც ევროპელთა ნაწილი ბავშვურად აღიქვამდა, ნაწილისთვის კი შთაგონების მთავარ წყაროდ იქცა. უკიოე გრავიურები ყველაფრის დროებითობის იდეას ემყარებოდა, ფერების მკვეთრი კონტრასტით და გამოკვეთილი ფორმებით გამოირჩეოდნენ. ამ სკოლის ძირითადი წარმომადგენლები იყვნენ უტამარო, ჰიროშიგე და ჰოკუსაი. სწორედ მათი ნამუშევრებით იყვნენ შთაგონებულნი იმპრესიონიზმის მხატვრები, კლოდ მონე გრავიურების კოლექციასაც კი აგროვებდა. მისი იაპონური ხელოვნებით გატაცება საკუთრივ ნახატებშიც გვხვდება, მაგალითად, მონემ დახატა კიმონოში ჩაცმული კამილის (კლოდის მეუღლე) პორტრეტი,  რომლის უკანა ხედის ძირითად ნაწილს მარაოებით დაფარული კედელი წარმოადგენს.

ალბათ ჩვენს თანამედროვე იაპონოფილებს ვერც წარმოუდგენიათ, თუ რამხელა იდეური კავშირი აქვთ პოსტიმპრესიონიზმის ყველაზე ცნობილ და გამორჩეულ წარმომადგენელთან, ვინსენტ ვან გოგთან. მისთვის იაპონია იქცა იმ  სივრცედ, რომელშიც შეეძლო საკუთარი იდეალური სამყაროს აგება, იქცა იმის სიმბოლოდ, რადაც უნდოდა თვითონ ქცეულიყო. ამომავალი მზის ქვეყანა ვან გოგისთვის მუზებისა და ინსპირაციის ქვეყნად იქცა. ამაში დასარწმუნებულად მისი რამდენიმე ნამუშევრის გახსენება შეგვიძლია, იმ ნამუშევრებისა, რომელიც ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ არ ვიცოდით, რომ იაპონური კულტურის გავლენით იყო შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია კურტიზანი ქალის ნახატი, რომელიც ფრანგული გაზეთის ინსპირაციით შექმნა. გარეკანზე გამოსახული იყო ეიზენის ნახატი იაპონელი კურტიზანისა, ოირანის. ორივე ნამუშევარს მთავარი „პერსონაჟი“ აერთიანებს, თუმცა ვან გოგისეული პოსტიმპრესიონიზმის მახასიათებლები მასთან კვლავ არ იკარგება, რაც ორი სამყაროს შერწყმის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. ვან გოგმა ისწავლა როგორ შეერწყა ერთმანეთთან იაპონური ნათელი და ბრტყელი ფერები, მკვეთრი კონტურები და დიაგონალები, ახლებური პერსპექტივები იმპრესიონისტულ და პოსტიმპრესიონისტულ საპირისპირო მახასიათებლებთან. სწორედ ამიტომაც ვან გოგის ნამუშევრები იაპონიზმის – აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობის ყველაზე ცხადი მტკიცებულებაა.

იაპონურმა ხელოვნებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არამხოლოდ მოდერნისტული დასავლური ხელოვნების ახალ შერწყმულ სტილზე, არამედ თანამედროვე ხელოვნებაზეც ფერის დეკორატიული გამოყენებითა და ასიმეტრიული კომპოზიციების შექმნით. ასევე არა მხოლოდ ვიზუალურ ხელოვნებაზე, არამედ თანამედროვე მოდაზეც. მაგალითად, Yves Saint Laurent თავისი კოლექციის გარკვეულ ნიმუშებს სწორედ იაპონური კულტურის ტრადიციებისა და კულტურის შთაგონებით ქმნიდა.

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი კულტურა უკვე საუკუნეებია რაც აქტუალური, საყურადღებო და ლამაზი საკითხია.