ქართული მითოლოგია – საწყისები

მსოფლიოს მრავალი კულტურა გამოირჩევა თავისი მითებითა და მითიური პერსონაჟებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ წინაპრების თვალით შევხედოთ სამყაროს. საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ახალ კულტურასთან ასიმილირებული  ქართული მითოლოგია დღეს ბევრისთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კულტურებზე არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი წარმართული რწმენები, ტრადიციები, მითები, სიმღერები, ლექსები და პერსონაჟები იმალება მივიწყებული თქმულებების უკან.

სტატიაში მკითხველი გაეცნობა შესავალს ქართულ მითოლოგიაში, უფრო ზუსტად კი  სამყაროზე წარმოდგენებსა და მისი შექმნის მითს.

წარმართული კოსმოგენიის მიხედვით, სამყარო სფეროდ აღიქმებოდა, რომელიც სამი ძირითადი ნაწილისაგან, “სკნელებისგან” შედგებოდა. ესენი იყო: ზესკნელი, შუასკნელი და ქვესკნელი. 

ზესკნელი უმაღლესი განზომილება იყო, სადაც მარადიული სიცოცხლე სუფევდა, აქ  ღმერთები, არამიწიერი მითიური არსებები და “ღვთისშვილები” სუფევდნენ. ზესკნელთან დადებითი ძალები და უკვდავება ასოცირდებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, კი სამოთხის ანალოგიადაც გამოიყენებოდა. 

შუასკნელი, მიწას აღნიშნავდა, გარდამავალ სამყაროს, სადაც სიკვდილის ხელიც აღწევდა და ზეციური მადლიც. აქ მოკვდავები, ადამიანები და მიწიერი არსებები ცხოვრობდნენ. შუასკნელი ორ ნაწილად იყოფოდა,  “წინასკნელად”  და “უკანასკნელად”,  შუა სამყაროს ეს ორი ნაწილი ერთმანეთისგან 9 მთითა და 9 ზღვით გამოიყოფოდა. მათ შორის მოგზაურობა მხოლოდ ერთეულ მოკვდავებს შეეძლოთ, რისთვისაც ერთგვარი სულიერი და გონებრივი მოგზაურობა, “გარდაცვალება” იყო საჭირო, რომელიც ამ შემთხვევაში სიკვდილს არ აღნიშნავდა. ეს მოგზაურობა ხშირად, ხალხური ზღაპრებისა და მითების ინსპირაციის წყარო ხდებოდა.

ქვესკნელი, მიწისქვეშეთი, სამყაროს ყველა დაბალი განზომილება იყო. აქ ავი სულები,  ქვეწარმავლები, ორგები, ბოროტება და სიბნელე ბინადრობდა. უძირო, უსასრულო სიბნელე და სიკვდილი იყო გამეფებული. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ჯოჯოხეთთან ასოცირდებოდა. 

სამყაროს შექმნის შესახებ წარმართულ წარმოდგენებს, შავ-ხევსურული მითი გადმოგვცემს. დასაწყისში სამყაროში არსებობდა მხოლოდ ორი არსება, მორიგე ღმერთი და მისი და. და-ძმამ, რომლებიც ზესკნელში იმყოფებოდნენ, გადაწყვიტეს სხვა არსებებიც შეექმნათ. თავიდან, შექმნეს ზესკნელის ბინადარნი, უკვდავი არსებები. მაგალითად, ფასკუნჯი და რაში. შემდეგ შექმნეს მოკვდავი სამყარო, ვარსკვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე, მიწა, ცხოველები, ფრინველები და ადამიანი, მაგრამ მხოლოდ მამაკაცი. მორიგე ღმერთსა და მის დას შორის მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც მან და განდევნა ზესკნელიდან. ქალღმერთი ავსულად იქცა, თუმცა შეინარჩუნა უწინდებური ძალა, რითაც არ ჩამოუვარდებოდა ძმას. მან შექნდა ქალი და ქვესკნელის არსებები (დემონები, დევები). ამ დაპირისპირებით სამყაროს კიდევ ერთი ნაწილი, ქვესკნელი შეიქმნა. 

Image Artwork by Rassouli

შესაბამისად, არსებობდა წარმოდგენა სამყაროს ორი, ქალური და კაცური საწყისისა. ბუნება, სამყარო დაყოფილი იყო ორ ურთიერთდამოკიდებულ, თუმცა საწინააღმდეგო ენერგიებად, როგორც მაგალითად ჩინურ კოსმოგენიაში არსებობდა “ინი და იანი”.