რა უნდა ვიცოდეთ ADHD-ის შესახებ?

ADHD (Attention deficit hyperactivity disorder) ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ნეირობიოლოგიური დარღვევაა, რომელიც აშშ-ს 2016 წლის, მონაცემებით, დიაგნოსტირებულია 6 მილიონზე მეტ ბავშვში. კვლევების თანახმად, ბავშვების 60%-ს ADHD-ის დიაგნოზით, სიმპტომები შედარებით მარტივ ფორმებში, ან საერთოდ აღარ უვლინდებათ ზრდასრულ ასაკში. 

ADHD უამრავი სხვადასხვა სიმპტომით ხასიათდება და მასზე საუბრისას, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ADHD ერთგვარი სპექტრია და თითოეული ადამიანი ამ სპექტრზე განსხვავებულად გრძნობს თავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არსებობს ADHD-ის რამდენიმე ტიპი, რომლებიც განსხვავდება სიმპტომებითა და მკურნალობის გზებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ADHD-ის ტიპებიც ერთგვარი სპექტრია და დროთა განამვლობაში, შესაძლოა შეიცვალოს. 

  • Predominantly inattentive (უმეტესად გაფანტულობა/ყურადღების დეფიციტი) – ამ ტიპის ADHD ყურადღების მოკრების, ინსტრუქციების მიყოლის, დავალებების დასრულების უუნარობას გულისხმობს. ასეთი ადამიანები ძალიან მარტივად კარგავენ კონცენტრაციას და უჭირთ კონკრეტული საქმის ბოლომდე მიყვანა. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ამ ტიპის ADHD-ის დიაგნოზირება უმეტეს შემთხვევებში არ ხდება, ვინაიდან ბავშვები არ ქმნიან განსაკუთრებულ პრობლემებს საკლასო ოთახში თუ სხვა სივრცეებში.

  • Predominantly hyperactive-impulsive (უმეტესად ჰიპერაქტიულ-იმპულსურობა) – ამ კატეგორიის ADHD, როგორც დასახელებაში ჩანს, განსაკუთრებული ჰიპერაქტიურობითა და იმპულსურობით ხასიათდება, რაც ხშირად საუბარში ჩაჭრას, გამუდმებულ წრიალს (fidgeting), მოუსვენრობას, ბევრ და სწრაფად ცვალებად ფიქრებში გამოიხატება. ეს სიმპტომები და ქცევები, ზოგჯერ უზრდელობად აღიქმება ხოლმე, რაც საზოგადოებაში ნეირობიოლოგიურ განსხვავებულობებზე ნაკლებად ინფორმირებულობითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ADHD ყურადღების დეფიციტის თანხლებას არ ითვალისწინებს, ადამიანებს კონკრეტულ საქმეზე ფოკუსირება შეიძლება მაინც გაუჭირდეთ.

  • Combined hyperactive-impulsive and inattentive (კომბინირებული ჰიპერაქტიულ-იმპულსურობა და ყურადღების დეფიციტი) – ამ ტიპის ADHD ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა და ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების ერთიანობას გულისხმობს. 

ADHD-ის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული პრობლემები სკოლაში ექმნებათ, ამიტომ მათთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია, რათა შეძლებისდაგვარად მოახერხონ კონცენტირირება და სასწავლო პროცესებში ჩართვა. ამ დროს აუცილებელია ბავშვის არაფორმალური განათლების სივრცეებში ინტეგრირება. 

ADHD-ის გამომწვევი მიზეზები მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს სინდრომი გენეტიკასთან უნდა იყოს კავშირში. კვლევების თანახმად, ADHD დაკავშირებულია დოპამინისა და/ან ტვინის ნაცრისფერი ნივთიერების შემცირებასთან. 

ADHD-ის დიაგნოსტირება ერთჯერადი ტესტით არ ხდება – დიაგნოზის დასმა მხოლოდ სპეციალისტს, ფსიქოლოგს შეუძლია, რომელიც შესაბამის მკურნალობის კურსსაც დანიშნავს. მკურნალობა შესაძლოა გულისხმობდეს მედიკამენტების მიღებას ან/და თარაპიულ კურსს, რომელიც აუცილებლად ფსიქოლოგის მიერ და მისი დაკვირვებით უნდა წარიმართოს. 

 

ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომით ყოველდღიურად ცდილობენ მოარგონ ცხოვრების სტილი მათივე ნეირობიოლოგიურ მოცემულობას. ეს ძალიან რთული პროცესი, პირველ რიგში, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს. ინფორმაცია, რომელიც სამეცნიერო კვლევებს თუ სხვა ადამიანების რჩევებსა და გამოცდილებას მოიცავს, სიმპტომებისთვის სწორი სახელის დარქმევასა და შესაბამისად გამკლავების გზების მოძებნაში დაგეხმარებათ. ზოგადი რჩევებით, ADHD-ის მქონე ადამიანების პროდუქტიულობას ეხმარება დავალებების უფრო პატარა დავალებებად ,,დაქუცმაცება’’, დღის გეგმისა და გასაკეთებელი საქმეების სიის ჩამოწერა, კალენდრის წარმოება და შეძლებისდაგვარი რუტინული საქმიანობები. 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ADHD–ის სპექტრის შესაბამისად ყველა ადამიანის გამოცდილება განსხვავდება და სიმპტომებთან გამკლავების გზა გაწერილი არავისთვის არის – ADHD-სთან ერთად ცხოვრების სწავლის პროცესი კი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.