გერტრუდ სტაინის მემუარი ,,დაკარგულ თაობაზე”

კადრი ფილმიდან ,,შუაღამე პარიზში”

გერტრუდ სტაინი 75 წლის წინ გარდაიცვალა, მანამდე კი, 4 დეკადის განმავლობაში, ის და თავისი სახლი პარიზის კულტურული ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდნენ. მატისი, პიკასო, ჰემინგუეი, ფიცჯერალდი თუ ეზრა პაუნდი, ვის აღარ იხილავდით მის კომპანიაში.

მის სტაინი შეძლებულ ებრაულ ოჯახში დაიბადა, პენსილვანიაში. ბავშვობისა და კოლეჯის წლებიც იქ გაატარა, 1903 წელს კი საფრანგეთში ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ პარიზი გაიხადა საკუთარ ნამდვილ  სახლად. სტაინი საკუთარ სამწერლობო შემოქმედებას საჭირო სიმაღლეზე აყენებდა და თვლიდა, რომ ის ინგლისური ლიტერატურის ისტორიის რევოლუციონერი იყო. გერტრუდ სტაინი საინტერესო ფენომენია, ის ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა, თუმცა მის მხატვრულ ნაწარმოებებს მკითხველები ნაკლებად წყალობენ და მტვერის სქელი ფენა ფარავს. გამონაკლისია მისი ავტორობით შექმნილი წიგნი ,,ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია”, რომელიც გერტრუდმა დაწერა. ელის ტოკლასი მისი ცხოვრებისეული პარტნიორი იყო და მისი ლიტერატურული თუ პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავა. ამ წიგნში სტაინი საკუთარი პარტნიორის ცხოვრების შესახებ პირველ პირში წერს, წიგნში მათი ცხოვრების რეალური ფაქტებია აღწერილი.

,,ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია“ 1933 წელს გამოქვეყნდა და ეს წიგნი მეოცე საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის 20 საუკეთესო არამხატვრულ ნაწარმოებთა შორის სახელდება. წიგნი მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მკითხველებს ამ წიგნში სტაინის ლიტერატურულ შესაძლებლობებზე მეტად მასში წარმოდგენილი სამყარო ხიბლავთ. მკითხველს ატყვევებს ის ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი საყვარელი მწერლებისა თუ მხატვრების, ან საერთოდ მეოცე საუკუნის იმ თაობის წარმომადგენლების რეალური და შეულამაზებელი სახეები იხილონ, რომელსაც გერტრუდა სტაინმა Lost Generation (დაკარგული თაობა) უწოდა. ეს ტერმინი სტაინს ეკუთვნის, რომელიც თავდაპირველად მანქანის მექანიკოსთან საუბრისას გამოიყენა და რომლის პოპულარიზებაც ჰემინგუეის წყალობით მოხდა:

,,… თქვენ ყველანი generation perdue ხართ”, – უთხრა გარაჟის პატრონმა მექანიკოსს.

– აი, რა ხართ თქვენ! აი, რა ხართ თქვენ ყველანი, – მითხრა მისს სტაინმა, – ომში ნამყოფი ახალგაზრდები. თქვენ დაკარგული თაობა ხართ”

(ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ)

ეს ამონარიდი ერნესტ ჰემინგუეის წიგნში ,,განუყრელი დღესასწაული“ გვხვდება, სადაც სტაინის ცხოვრება და მისი ცნობილი ფლორუსის ქუჩაზე მდებარე სახლის ამბებია აღწერილი.

Photograph : Hulton Deutsch/Corbis via Getty Images

დაკარგული თაობა, პირველი ომის შემდგომი თაობა ან ის მწერლები რომლებიც ამერიკიდან საფრანგეთში თავისუფლების საძიებლად ჩამოვიდნენ, აი რას წარმოადგენს ეს ტერმინი. სტაინი თავის ყველაზე ცნობილ წიგნში სწორედ მათ წარმოგვიდგენს და დოკუმენტალისტური პრინციპით აღგვიწერს პარიზის ბოჰემურ საზოგადოებასა და კაფე დე ფლორის აურას. წიგნის პერსონაჟები მრავალფეროვანია, აქ შევხვდებით მატისს, პიკასოს, ჰემინგუეის, სკოტ ფიცჯერალდს და სხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სტაინმა ეს ხელოვანები სწორედ მაშინ დააფასა და ამოიცნო, როდესაც მათ დიდების მწვერვალამდე შორი მანძილი აშორებდათ. ხშირად აღნიშნავენ, რომ სტაინი პირველი მსოფლიო ომის შემდგომი თაობის ხელოვანების გადამრჩენი და მათი პროტექტორი იყო, რომლებიც პარიზში იმ დაკარგული თავისუფლების განცდას ეძებდნენ, რაც თავიანთ სამშობლოში ვერ იპოვეს. მან ჯერ კიდევ მაშინ აღიარა მატისისა და პიკასოს ნამუშევრები, როდესაც მათ ნიჭს ძალიან ცოტა ვინმე თუ აფასებდა. ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერმა და ხელოვანის ნიჭის დიდად დამფასებელმა სტაინმა მათში თავიდანვე ამოიცნო გენია.

,,პასუხი არ არსებობს, არანაირი პასუხი არ ყოფილა და არც იქნება. აი ეს არის პასუხი.“ – ნოველისტი, პოეტი და კოლექციონერი გერტრუდა სტაინის ხისტი და მებრძოლი ხასიათის ამოცნობა მისი ამ მოკლე ფრაზითაც შეიძლება. სტაინი მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელიც ხშირად დიდი ხელოვანების ჩრდილში ექცევა, თუმცა როგორც მან ერთხელ ჰემინგუეის უთხრა ,,აღიარება არ არის ლიტერატურა.“ ის ჭეშმარიტი ხელოვნებისა და ლიტერატურისთვის მიისწრაფოდა და სხვა მნიშვნელოვან ნაწარმოებებთან ერთად დაგვიტოვა ისტორიულად უდიდესი ღირებულების მქონე წიგნი ,,ალის ბ. ტოკლაისის ავტობიოგრაფია.“ წიგნის მნიშვნელობას განსაკუთრებით კარგად ამერიკელი ჟურნალისტის ჯანეტ ფლანერის ციტატა აღწერს: ,,იმ მომხიბლავი პერიოდის სრული მემუარი, როდესაც საღებავებით კუბიზმი გამოიგონეს და სიტყვებით წერის ახალი მეთოდი დაპატენტდა… როდესაც ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა შევისუნთქავთ უკვე ჰაერში იყო და მხოლოდ ცოტას თუ ჰქონდა ცხვირი საიმისოდ, რომ ეს სიახლეები შეესრუტა – აღმოჩენების განსაკუთრებული სურნელი კი სწორედ ტოკლას-სტაინის სახურავის ქვეშ ტრიალებდა.“