Squid Game – აწმყოს კრიტიკა კორეულად

Squid Game (“კალმარის თამაში”) სამხრეთ კორეული დრამაა, რომელიც Netflix-მა პლატფორმაზე სულ რამდენიმე დღის წინ განათავსა. სერიალმა ჩამთრევი შინაარსისა და სწორი მარკეტინგის წყალობით საერთაშორისო პოპულარობა მალევე მოიპოვა, რასაც 90 ქვეყნის რეიტინგებში პირველობაც მოწმობს. რუბრიკა Analys12-ის დღევანდელ სტატიაში “თორმეტის” პანელი სწორედ “კალმარის თამაშს” მიმოიხილავს.

ელიზავეტა მეხრიშვილი – 11/12

Squid Game სერიალია, რომელშიც საბავშვო თამაშებში არსებული მეტაფორები პირდაპირ მნიშვნელობას იძენენ და დამარცხება სიკვდილის ტოლფასი ხდება. თამაში თანამედროვე კორეაში, გასაიდუმლოებულ კუნძულზე მიმდინარეობს და მასში თავდაპირველად 456 ადამიანია ჩართული. ყველა მათგანი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ფინანსურ პრობლემას განიცდის, თამაშში ჩართვა კი ამ პრობლემებისგან თავის დაღწევის საშუალებაა, რადგან თუ მოთამაშე Squid Game-ში შემავალ ექვს განსხვავებულ თამაშს გადაურჩება, სახლში 45,6 მილიარდი ვონით (დაახლოებით 38 მილიონი დოლარით) დაბრუნდება. რეალურ სამყაროში ბევრს თამაშის შეთანხმება, რომ ფულის სანაცვლოდ სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენო, სრულ აბსურდად მოეჩვენება, მაგრამ სერიალის პერსონაჟებს დასაკარგი აღარაფერი აქვთ და თამაშში ჩართვა ერთადერთი შანსია იმისათვის, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

სერიალში ექვსი განსხვავებული საბავშვო თამაშის მიმდინარეობას ვადევნებთ თვალს და თითოეული მათგანი გვანახებს, თუ როგორ კარგავენ მოთამაშეები საკუთარ თავს პრიზის მოსაპოვებლად – შეიძლება ითქვას, მოთამაშეებს გადარჩენასა და ადამიანურობას შორის მუდმივი არჩევანი უწევთ. ამ არჩევანის შედეგებს კი ვხედავთ მეტად გრაფიკულ სცენებში, სადაც შემაწუხებლად დეტალურად არის ნაჩვენები თამაშის დროს დაზიანებული ადამიანები.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ძირითადი ხაზი მძაფრსიუჟეტიანია, მაინც იკვეთება იუმორისტული პასაჟები, რაც თამაშების სიმძაფრეს ცოტა ხნით გვავიწყებს და მთავარი გმირების შეყვარებასა თუ მათი ხასიათების უკეთ გაცნობის საშუალებას გვაძლევს. ამ დეტალის გამო მაყურებელი უფრო ემოციურად აღიქვამს თითოეული თამაშის დაძაბულობას, რეალური სამყაროს უსამართლობასა და პერსონაჟების ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია Squid Game-ის დასასრულიც, რაც საკმაოდ უცნაური დეტალებითაა სავსე, მაგრამ სერიების მეორედ გადახედვის შემდეგ ვხვდებით, რომ არსებობდა მცირე მინიშნებები, რომლებსაც უკანასკნელი სერიის მეორე ნაწილში განვითარებულ მოვლენებამდე მივყავართ.

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ სერიალში საკმაოდ საინტერესო შინაარსი ვითარდება. ამ უკანასკნელს მეტ სიმძაფრეს მატებს საგულდაგულოდ შერჩეული საუნდთრექები, განათებისა და ფერთა გადანაწილება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზემოჩამოთვლილთა არჩევანი ზოგ შემთხვევაში მეტად უადგილოა, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს თამაშის აბსურდულ ბუნებას.

Photo Credits to Netflix
თათია ჯანგულაშვილი – 11/12

Squid Game პირველი კორეული დრამაა, რომელმაც Netflix-ის მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. გახმაურებული სერიალი, რომელზეც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა საუბრობს, თავისი დაძაბული სიუჟეტითა და დახვეწილი დეტალებით გამოირჩევა. Squid Game გვიყვება 456 ადამიანის ისტორიას, რომლებსაც ერთი გამაერთიანებელი ნიშანი – ფინანსური პრობლემები – აქვთ. საიდუმლო ორგანიზაცია ამ ადამიანებს სთავაზობს დიდი რაოდენობით ფულის მოგებას, იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა საბავშვო თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას და გაიმარჯვებენ. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში თამაშში წაგებულებს საიდუმლო ორგანიზაციის წევრები კლავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშში ყველა პერსონაჟი საკუთარი სურვილით ერთვება და რჩება.

უბრალო აღწერითაც კი შეიძლება მივხვდეთ, რომ სიუჟეტი საკმაოდ ჩამთრევია, მაგრამ მხოლოდ ჩამთრევი, ჩემი აზრით, სათანადო შეფასება არ იქნება. დრამის ყოველი წუთი მოახერხებს თქვენი ყურადღების მიქცევასა და გულის აჩქარებას. როგორც აღვნიშნე, Squid Game გამოირჩევა დეტალებისადმი ყურადღებით: ფერებით, ფიგურებით, სიმბოლიკით და ა.შ. ეს ყველაფერი კი სერიალს კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო სანახავს ხდის. საინტერესოა პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტერეტების ცვლილებაც. დრამის სრულად დასაგეგმად და გადასაღებად რეჟისორ ჰვანგ დონგ ჰიუკს (Hwang Dong Hyuk) 13 წელი დასჭირდა.

ექნება თუ არა სერიალს მეორე სეზონი ცნობილი არ არის, მაგრამ მისი პოპულარულობიდან და დასასრულიდან გამომდინარე, ეს გამორიცხული არაა. საბოლოოდ, ალბათ თუ ოსკაროსანი კორეული ფილმი „პარაზიტი“ (Parasite) ნანახი გაქვთ და მოგეწონათ, Squid Game-იც თქვენი საყვარელი სერიალების სიაში დაიმკვიდრებს ადგილს.

Photo Credits to Netflix
საბოლოო შეფასება – 11/12