ელინ დანიელსონი – სიცოცხლეშივე მივიწყებული ფინელი მხატვარი

მეცხრამეტე საუკუნეში ფინეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ქალებმა საზოგადო ასპარეზზე საგრძნობლად წამოიწიეს წინ. ელინ კლეოპატრა დანიელსონი ფინელი ქალი მხატვრების პირველი თაობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მისი მხატვრობა რეალიზმისა და იმპრესიონისზმის ერთვარი ნაზავია, რაც მთლიანობაში გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნის. ელინის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ქალებს უჭირავთ, მისი ნამუშევრების უმეტესობაში ქალების ცხოვრების ყოველდღიურობაა ასახული.

ელინი 1861 წელს დასავლეთ ფინეთში, პატარა ფერმაში დაიბადა. 15 წლისამ ჰელსინკში, სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, ხოლო 1883 წელს პარიზში გააგრძელა სწავლა. მოგვიანებით, 1880-იან, 1890-იან წლებში ფინეთში დაბრუნებული ელინი სკოლაში ასწავლიდა და პარალელურად იმ ნამუშევრებზე მუშაობდა, რომლებიც დღეს განსაკუთრებული პოპულარულია. 

1895 წელს მოპოვებული დაფინანსებით ელინი იტალიაში სამოგზაუროდ გაემგზავრა, სადაც მომავალ მეუღლეს, იტალიელ მხატვარს, რაფაელო გამობოჯის შეხვდა. ელინის ცხოვების ეს პერიოდი ყველაზე წარმატებულ მონაკვეთად ითვლება – ცოლ-ქმარმა გამოფენები გამართა პარიზში, ფლორენციაში, მილანში და ფინეთის სხვადასხვა ქალაქებში. 

რამდენიმე წელიწადში ქმართან გაშორებისა და ცოტა ხნით ფინეთში დაბრუნების შემდეგ, 1903 წლიდან, იტალიაში დაბრუნებულმა ელინმა იქ გააგრძელა ცხოვრება და მოღვაწეობა. ამ დროისთვის ელინის სახელი და შემოქმედება ფინეთში უკვე სრულიად მივიწყებული იყო. მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომისგან შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ელინი სამშობლოში სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაბრუნდა, მისი სახელი და შემოქმედება კი მსოფლიოსათვის კიდევ ათწლეულების განმავლობაში უცნობი დარჩა.