სამყარო წყლის ქვეშ, ანუ ჯეისონ დეკეირსის შემოქმედება

პირველი კითხვა, რომელიც გამოფენებზე საუბრისას გვებადება, როგორც წესი, მათ შემადგენლობასა და შინაარსს უკავშირდება. თუმცა, როდესაც საქმე ბრიტანელი ხელოვანის – ჯეისონ დეკეირსის ნამუშევრებს ეხება, აქ ექსპოზიციის ადგილმდებარეობასაც არანაკლებ დიდი მნიშვნელობა და ყურადღება ენიჭება.

ჯეისონის შემოქმედების სიღრმე არც მეტი, არც ნაკლები, ოთხიდან ათ მეტრზე ვრცელდება. ნიჭიერი მოქანდაკის მრავლისმთქმელი სკულპტურების დათვალიერებას არამხოლოდ კარგი მხედველობა, არამედ ცურვის კარგად ცოდნაც სჭირდება, ვინაიდან უმეტესობა მათგანი წყალქვეშ: ავსტრალიის, მექსიკის, საფრანგეთისა თუ კვიპროსის სანაპიროებზე გვხვდება.

ქანდაკებათა შექმნის პროცესის გარდა, ჯეისონ დეკეირს ტეილორს ყოველთვის ხიბლავდა და აინტერესებდა ისიც, თუ როგორ იცვლებოდა მისი ხელოვნების ნიმუშები გარემოსთან მიმართებით. ერთი შეხედვით, უსულო, უმოძრაო საგნები დროთა განმავლობაში ცოცხალი არსებებივით ადაპტირდებიან ადგილთან და თანდათან ისეთ შტრიხებსაც იძენენ, რომელიც მათი ავტორის თავდაპირველ ჩანაფიქრში განსაზღვრული არასოდეს ყოფილა.

სწორედ ასე მოხვდა ჯეისონის შემოქმედება წყალში – ანუ იქ, სადაც ცვლილებები ცხოვრების განუყოფელ წესად გვევლინება. მისი ნამუშევრები არამხოლოდ ქმნიან ცოცხალ და მსუნთქავ ხელოვნებას, არამედ აბრუნებენ კიდეც სიცოცხლეს ზღვებსა და ოკეანეებში.

ბრიტანელი მოქანდაკის ექსპოზიციები შეიცავს ისეთ მასალას, რომელიც წყალში მცხოვრები არსებებისათვის საზიანო არაა და მეტიც, უნიკალური დიზაინის დამსახურებით მათი ახალი საცხოვრებელი სახლიც ხდება.

“ვცდილობ სიმბოლურ ჭრილში წარმოვაჩინო, თუ როგორია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრება და თუ როგორ შეიძლება კაცობრიობის ქმნილებები და ხელოვნება დედამიწისთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.” – ამბობს ჯეისონი და სათქმელს არამხოლოდ საუბრით, არამედ საკუთარი შემოქმედებითაც გამოხატავს.

მაგალითისათვის, მისი ერთ-ერთი ექსპონანტი სახელწოდებით: “რუბიკონის გადაკვეთა”, მეტაფორულად გვიჩვენებს, თუ როგორ მიემართებიან ადამიანები იმ საშიში მომავლისაკენ, რომელსაც კლიმატის ცვლილება და ოკეანეთა განადგურება ჰქვია. ამავდროულად, შუაგულ ზღვის ფსკერზე აღმართული უფუნქციო კედელი აბსურდის შთამბეჭდავ სიმბოლოდ გვევლინება.

პრობლემათა უგულებელყოფას, მათზე თვალის დახუჭვასა და გულგრილობას ასახავს დეკეირსის სხვა სკულპტურებიც, რომლებიც ტელევიზორის წინ მჯდომი თუ მიწაში თავჩარგული მამაკაცების სახითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ყოველ ქანდაკებას სინამდვილეში რეალური ადამიანების, მათ შორის ადგილობრივი მეთევზეების სახეები აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ჯეისონ დეკეირსი არის პირველი ხელოვანი, ვინც მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მუზეუმის შექმნა შეძლო. თავის მხრივ, მექსიკის ტერიტორიაზე, წყნარი ოკეანის შიგნით არსებული მუზეუმი ხუთასამდე ქანდაკებას მოიცავს, რომელთა ჯამიც სამოც ტონას უტოლდება.

დღეისათვის ბრიტანელი სკულპტორის ჩინებული შემოქმედება მსოფლიოს მთავარი ოცდახუთი საოცრების სიაში დამსახურებულად გვხვდება.

ჯეისონ დეკეირსი საკუთარ ნამუშევრებთან