ყინულის პრინცი – იუზურუ ჰანიუ

ფიგურული სრიალის მოყვარულები და მაყურებლები კარგად იცნობენ 26 წლის იაპონელ ბიჭს, რომელიც მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა. იუზურუ ჰანიუ ერთ-ერთი იმ სპორტსმენთაგანია, ვინც ყოველ ჯერზე დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ფიგურული სრიალი მხოლოდ ტექნიკური მოძრაობების სწორად შესრულებას არ გულისხმობს. აქ ყინული გრაციოზულობის ველი და ის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ადამიანებს საკუთარი შინაგანი სამყაროსა თუ თავისუფლების უკეთ შეცნობის საშუალებას აძლევს.

იუზურუ სრიალით ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში დაინტერესდა. მისი პირველი მასწავლებელი, იამადა მამი, იხსენებს, რომ პატარა ჰანიუ საკუთარი დის ვარჯიშებს ყოველთვის ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა. ყინულის არენაზე პირველად შესვლისას იგი მოუთმენლად გარბოდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ზედ ეცემოდა კიდეც,  წამოდგომასა და სირბილს მაინც ყოველ ჯერზე აგრძელებდა.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის სიჯიუტე და შეუდრეკელობა იუზურუს ზრდასრულ ასაკშიც გადმოჰყვა. 2014 წელს ერთ-ერთ შეჯიბრამდე ჩატარებული ვარჯიშისას იგი ჩინელ მოციგურავეს შეეჯახა, რის გამოც სერიოზული დაზიანება მიიღო. მწვრთნელების დაჟინებული თხოვნისა თუ რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, იაპონელი ყინულის პრინცი შეჯიბრზე მაინც გამოვიდა და, თავისუფალი სრიალისას ხუთჯერ დაცემის მიუხედავად, იმდენი ქულის დაგროვება შეძლო, რომ საბოლოოდ ვერცხლის მედალიც დაიმსახურა.

ჰანიუს თითქმის ყველა გამარჯვებას წინ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა უძღოდა, თუმცაღა ლეგენდარულმა მოციგურავემ ჯილდოს მოპოვებაში ხელი არცერთ მათგანს არ შეაშლევინა. 2018 წელს მეორე ოლიმპიური ოქროს პერფორმანსი მან იაპონური ფილმის, “ონმიოჯის” მუსიკის ფონზე შეასრულა. ონმიოჯი – ეს იმპერატორის მრჩეველია, რომელიც მტრის დამარცხებისათვის თავს სწირავს. საკუთარი საქციელით იუზურუმაც თითქოს წინასწარ გააფრთხილა მეტოქეები, რომ ოლიმპიური ჯილდოს მისაღებად არც ერთ დაბრკოლებას არ შეუშინდებოდა.

იუზურუ ჰანიუს ერთ-ერთი შთაგონების წყარო, ევგენი პლუშენკო – ცნობილი რუსი მოციგურავე და ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი მამაკაცი იყო, ვინც ნახტომში სამმაგი ბრუნვის ილეთი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ახალგაზრდა იაპონელმა თავადაც დაუდო საფუძველი ახალ, იშვიათ მოვლენას. ამჯერად მან ევგენის რეკორდიც მოხსნა და 21 წლის ასაკში გახდა პირველი, ვინც ჰაერში ოთხმაგი ბრუნვის შესრულება შეძლო. მისი მაყურებლები ამბობდნენ, რომ ყოველივე ამით ჰანიუმ არამხოლოდ მოცემული სპორტის, არამედ ლამის ადამიანის ფიზიკური ძალის საზღვრები გაარღვია.

იუზურუს შთამბეჭდავი ილეთების გარდა, ყურადღებას მისი გრაციოზული სტილიც იპყრობს. საინტერესოა, რომ კარიერის საწყის ეტაპზე ათლეტს თვალისმომჭრელ კოსტუმებს დედამისი უკერავდა. არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ თუკი სილამაზისა და არნახული ჰაეროვნების გამო უპირატესობას ქალთა ფიგურულ სრიალს ანიჭებდა, იუზურუ ჰანიუმ მათ საოცარი გამონაკლისი უჩვენა.

საკუთარი უნიკალური სტილისა და შესრულების წყალობით იაპონელი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვინც სპორტის მოცემულ სახეობას ნამდვილ ხელოვნებად აქცევს. აღსანიშნავი და უცხო თვალისთვის უცნაურია ჰანიუს გუშემატკივრების ერთგვარი რიტუალიც ყოველი პერფორმანსის დასრულებისას, როდესაც ყინულის არენაზე მოციგურავის საყვარელი მულფტილმის პერსონაჟის – ვინი პუჰის სათამაშოები ცვივა.