მანიპულირება სინათლით – ჯეიმს ტურელის ტრანსცენდენტული ხელოვნება

როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნების ნიმუშზე თავში, ძირითადად, მხატვრის ტილო ან მოქანდაკის სკულპტურა მოგვდის. თუმცა თანამედროვე ხელოვნება ბევრად უფრო ფართო და მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ ჭირს იმის ზუსტი განსაზღვრა, თუ რა არის ხელოვნების ნიმუში.

Artist : James Turrell

ჯეიმს ტურელი ამერიკელი  ხელოვანია. ის ,,სივრცისა და სინათლის მოძრაობის” წარმომადგენელია და ამ მოძრაობისავე პრინციპებს მისდევს. მისი, როგორც ხელოვანის, გამორჩეულობას განსაზღვრავს ის, რომ მან სინათლის/ფერების ტილოზე ასახვის ნაცვლად თავად სინათლის მთავარ როლში გამოყვანა გადაწყვიტა. ტურელს სურდა თავად ყოფილიყო სინათლე. ის ფუნჯით კი არ ქმნის სინათლის ილუზიას, არამედ მისი ნამუშევრები არის სინათლე. სწორედ ეს მიდგომა ხდის მის შემოქმედებას გამორჩეულს. ტურელის ხელოვნების უმთავრესი მიზანი არამატერიალური ცნების – სინათლის – მატერიალური რეალიზაციის მცდელობა წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ხელოვნებაში სინათლე ადრეც გამოუყენებიათ: ტურნერი, ვერმეერი, როთკო თუ სხვები. მათ შემოქმედებაშიც სინათლეს დიდი როლი ენიჭება. უფრო მეტიც, ისინი დახელოვნებულნი იყვნენ მის გამოსახვაში. ტურელს კი მათგან ის განასხვავებს, რომ მან, როგორც უკვე ვახსენეთ, ხელოვნების ნიმუშის უმთავრეს ობიექტად თავად სინათლე აქცია.

ჯეიმს ტურელი ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში დაიბადა 1943 წელს. მისი ხელოვნების გასააზრებლად უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ 16 წლისას მამამ მას პილოტობისკენ უბიძგა, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ტურელმა მფრინავის სალიცენზიო გამოცდა ჩააბარა. სწორედ დახურულ სივრცეში, ღრუბლებს შორის თვითმფრინავის ფანჯრიდან ჩამოყალიბდა მისი სახელოვნებო ხედვა. ტურელი სივრცის გადააზრების იდაემ შეიპყრო და სწორედ ამ გამოცდილება უბიძგა სახელოვნებო სფეროში ჩართულიყო.

,,სინათლე არ ჰგავს თიხას, თქვენ ვერ შეძლებთ ხელით მის ფორმირებას. ვერ ამოკვეთთ მას ხის მსგავსად ან ვერ გამოთლით ქვისგან.“ – აღნიშნავს ერთაგან ხელოვანი. სწორედ სინათლის ამ თავისებურებამ მიიზიდა იგი და ვნება აღუძრა ეს სუბსტანცია რაც შეიძლება მეტად ხელშესახები გაეხადა. სწორედ ამ მიზნით, ხელოვანმა 1966 წლიდან უკვე დაიწყო სინათლეზე ექსპერიმენტირება. ტურელმა ფანჯრები დაახშო და ქუჩიდან შემომავალ სხივს მხოლოდ ვიწრო გზა დაუტოვა, სწორედ ასე დაიწყო მან თავისი ნამუშევრების პირველ ციკლზე მუშაობა.

,,ჩემი ნამუშევრები უფრო თქვენს ხედვაზეა დამყარებული, ვიდრე ჩემსაზე. თუმცა, ამასთან, ის არის ჩემი ხედვის შედეგი. მე ასევე დაინტერესებული ვარ სივრცის არსებობის განცდით. სივრცე არის ის, როდესაც თქვენ, ფაქტობრივად მთელ თქვენს არსებას, აწმყოს განცდა მოგიცავთ – ფიზიკური აღქმა და ძლიერება არის ის, რაც სივრცეს შეუძლია განგაცდევინოს.”

ტურელის ყველაზე ფართოდ ცნობილ ნამუშევრების სერიად ,,სქაისფეისი“ ითვლება, რომელზეც ხელოვანი 1970-იანი წლებიდან დღემდე მუშაობს. ,,სქაისფეისი“ დეტალებში გათვლილი არქიტექტურული ინსტალაციაა, რომელიც მნახველს სინათლის ინტერპრეტირებულ სურათს სთავაზობს. ტურელი აქაც არ ღალატობს ტრადიციულ მიდგომას და თავისი შემოქმედების მთავარ გმირად ბუნებრივ სინათლეს ირჩევს. ტურელმა ამ ინსტალაციისთვის შექმნა ღია სივრცე, რომლის სახურავიც ასევე ღიაა და მნახველს შთაბეჭდილება ექმნება თითქოს ცა ჩარჩოშია მოქცეული და სწორედ ცა არის ხელოვნების ნიმუში. ამ ნამუშევარს კიდევ უფრო განსაკუთრებულს განსხვავებულად დაპროექტებული განათება ქმნის: დღის შუქის ინტენსივობისა და საღამოს მოახლოების მიხედვით განათების სენსორები ფერს იცვლის და ღამის მოსვლასთან ერთად განათების სიმკვეთრეც იმატებს. დღისით ეს ინსტალაცია ცასავით თეთრი, კამკამა ფერის განათებით არის შემოსილი, თითქოს ინსტალაციის სტრუქტურა ცის გაგრძელებაა დედამიწაზე. ინსტალაციის ცენტრში არის აუზი, რომლის წყალიც ცას აირეკლავს, დღისით კამკამაა, ღამით კი მუქი ღრუბლები მასაც წყვდიადისფრად ღებავს. ალბათ, ამ ინსტალაცით ადამიანების დაინტერესებაც სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია. საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ მოახერხა თანამედროვე ხელოვანმა ბუნებრივი და ხელოვნური ელემენტების შერწყმა და მათი მეშვეობით ერთიანი, განუყოფელი ხელოვნების ნიმუში მოგვცა.

თუ ტურელის ნამუშევრებისთვის ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი, მისი სიმკვეთრე და ემოციის სიღრმე თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებდა. ,,მისი ნამუშევრები არ არის სინათლის შესახებ, არც სინათლის ასახვაა, არამედ ეს არის თავად სინათლე – სინათლის ფიზიკური გამოვლინება სენსორული ფორმის მეშვეობით.“ – აღნიშნავდა ნიუ იორკერის კრიტიკოსი კელვინ ტოპკინსი ჯეიმს ტურელის შემოქმედების შესახებ.

ხელოვნებაც დროსთან ერთად იცვლება და ტრანსფორმირდება მისი შექმნისთვის საჭირო ტექნიკები. როგორც უკვე ვიცით, ეს სფერო უსაზღვროა, სწორედ ამიტომ თანამედროვე ხელოვანები ფუნჯით აღარ კმაყოფილდებიან და სურთ ტექნოლოგიური წინსვლა თავიანთ სასიკეთოდ გამოიყენონ. ტურელიც ამის ცოცხალი მაგალითია, რომლის ნამუშევრები უამრავი ცნობილი ადამიანის აღტაცებას იწვევს და მათი სახლის კედლებსაც ამშვენებს.