იაპონური ბრინჯის ფესტივალები – მარცვლოვან კულტურაში ასახული იაპონური კულტურა

იაპონური კულტურა გამორჩეული და ბევრისთვის საყვარელი კულტურაა. ის გამოირჩევა თავისი სილამაზითა და სიძველით, მაგრამ ამ აღმოსავლური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი ქვეყნის უამრავი ფესტივალია, რომლებიც წლის ყველა დროს ტარდება. იქიდან გამომდინარე, რომ იაპონური კულტურის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ბრინჯის კულტურაა, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ იაპონიაში ბრინჯთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ ფესტივალს შეხვდებით. ფესტივალები ძირითადად ბრინჯის მოსავლის აღების პერიოდში, სექტემბერ-ოქტომბერში იმართება, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც.

პირველი და ბრინჯის ფესტივალებს შორის უძველესი ფესტივალი ოტაუეს ბრინჯის დათესვის ფესტივალია. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტარდება, ოსაკაში სუმიოში ტაიშას ტაძარში ჩატარებული ფესტივალი ყველაზე პოპულარულია. ფესტივალი 14 ივნისს, გადმოცემის მიხედვით, 211 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. ოტაუე ბრინჯის მდელოზე ბრინჯის მარცვლების დათესვის პროცესია, რომელსაც თან ახლავს ცეკვა და სიმღერა. იაპონელებს სჯეროდათ, რომ ბრინჯის მარცვლებში სულები ცხოვრობდნენ და თუ მათ დათესვისას სიმღერითა და ცეკვით გაართობდნენ, უხვ მოსავალს მიიღებდნენ. პერფორმანსში მონაწილეობას უამრავი ადამიანი იღებს, მათ შორის სამურაის კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები და 150 გოგონა ადგილობრივი სკოლებიდან.

ტრადიციული ფესტივალებისგან განსხვავებით თანამედროვე ფესტივალები  ტრადიციულ მხარეზე მეტად ფესტივალის ხელოვნებისეულ მხარეზე კონცენტრირდება. მაგალითად, საიტამას ფრეფექტურაში, გიოდას ბრინჯის მინდვრები სახელგანთქმულია თავისი ბრინჯის მინდვრების ნახატებით. ივლისის პერიოდში აქ თესავენ სხვადასხვა ფერის ბრინჯს წინასწარ განსაზღვრული პატერნით და ბრინჯის გაზრდის შემდეგ, დაახლოებით უკვე შუა აგვისტოდან ოქტომბრის დასაწყისამდე, დამთვალიერებელს შეუძლია ბრინჯის მინდვრების მხატვრობა ნახოს. „ნახატები“ იმითაც გამოირჩევა, რომ მათი დანახვა და აღქმა მხოლოდ სიმაღლიდან შეიძლება. წელს გიოდას ბრინჯის მინდვრებზე ფუჯის მთა, კაცუშიკა ჰოკუსაის დიდი ტალღა და კაბუკის თეატრის მსახიობი გამოსახეს.

Photo credits to Gyoda City Tourism Association

 

Photo credits to Gyoda City Tourism Association

 

Photo credits to Gyoda City Tourism Association

ბრინჯის მინდვრების მხატვრობის ნახვა შეიძლება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ტაკაჩიჰოს ბრინჯისმინდორი მიიაზაკის პრეფექტურაში მდებარეობს ტოჩიმატას ბრინჯის ტერასაზე, რომლის ნახვაც წლისნებისმიერ დროს შეიძლება. ამ ტერასაზე ბრინჯის მინდვრების მხატვრობის გაჩენა უკავშირდება 2011 წელს ტოჰოკუს მიწისძვრასა და ცუნამით დაზარალებულების მხარდაჭერას. წელს ბრინჯის მინდორზეიაპონური მულტფილმის გმირი ბაილინმანი (ბაქტერიების კაცი) იყო გამოსახული, რაც კოვიდ პანდემიასთან გამომშვიდობებასთან იყო დაკავშირებული.

ბრინჯის მინდვრების ფესტივალის განმავლობაში მინდვრებზე გამოსახავენ პოპულარული ფილმებისა და ანიმეების გმირებსაც. მაგალითად, ვხვდებით ვარსკვლავური ომების პერსონაჟებისა და ნარუტოს გამოსახულებებსაც.

კიდევ ერთი ბრინჯთან დაკავშირებული ფესტივალი ვარას ხელოვნების ფესტივალია, რომელიც ინტერაქციულია და, შესაბამისად, მთელი ოჯახისთვის გასართობს წარმოადგენს. ვარა იაპონურად ბრინჯის მოკრეფის შემდეგ დარჩენილ ბალახს ეწოდება; ფესტივალის სახელიც აქედან მოდის, რადგან ფესტივალის განმავლობაში დარჩენილი ვარათი ქმნიან ქანდაკებებს. ვარას ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ტოკიოს მუსაშინოს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები. მისი დაფუძნებაც სწორედ ამ უნივერსიტეტს უკავშირდება, რადგან 2006 წელს ადგილობრივებმა სწორედ ამ უნივერსიტეტს მიმართეს დახმარებისთვის, რომ დიდი რაოდენობით დარჩენილი ვარასგან ქანდაკებები შეექმნათ. ვარას ფესტივალის განმავლობაში ქმნიან როგორც მითოლოგიურ და ანიმეს პეროსნაჟების, ასევე უბრალოდ ცხოველების სკულპტურებსაც.

 

Photo credits to miwa on twitter

 

Photo credits to miwa on twitter

 

Photo credits to Lucy Wang

 

Photo credits to Lucy Wang